Heinz-მა ახალ გზას მიაგნო მომხმარებლებთან დასაკავშირებლად და მეტად მჭიდრო კავშირის დასამყარებლად. ამჯერად ბრენდმა, სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy-თან და მედია სააგენტო Carat-თან თანამშრომლობით, „ემოციური მხარდაჭერის“ სერია შეიმუშავა. სხვა სიტყვებით, ის მოიცავს მცირე ზომის შეფუთვებს, რათა მსურველებმა მარტივად ატარონ კეტჩუპი პაემანზე თუ ნებისმიერ სხვა შეხვედრაზე.
გარდა ამისა, როგორც Heinz განმარტავს, სიახლე ვალენტინობასთან დაკავშირებით მეტად აქტუალურია. თანამედროვე ურთიერთობების სირთულეების განსაზღვრით, შეფუთვა ერთგულ კომპანიონად მოიაზრება. „ემოციური მხარდაჭერის კეტჩუპი გპირდებათ, რომ მუდამ თქვენ გვერდით იქნება, ზედმეტი შეკითხვებისა და მოთხოვნების გარეშე“.
„წელიწადის ამ დროს სიყვარული ყველაზე ირაციონალური აქტებით გამოიხატება. ამიტომაც გვინდოდა, ემოციური მხარდაჭერის ბოთლი შეგვექმნა და მომხმარებლებისთვის გვეგრძნობინებინა, რომ მუდამ მათ გვერდით ვართ“, — ამბობს ნავიტ დჰილონი, Heinz-ის ასოცირებული ბრენდმენეჯერი.