არსებობის 150 წლის მანძილზე Heinz-მა პირველი ერთიანი გლობალური კამპანია შექმნა, რომელზეც Wieden+Kennedy New York-ის გუნდმა იმუშავა. ვიდეორგოლების სერია სიმბოლურად იმ ირაციონალურ სიყვარულს ეხმიანება, რომელიც ადამიანებსა და ჰაინცის პროდუქტებს შორის არსებობს…
აქცენტი ძირითადად კეტჩუპზეა გამახვილებული — იუმორისტულ რეკლამებში ვხედავთ, როგორ აპარებენ მომხმარებლები მას მაღალი კლასის რესტორნებში ან სუშის სოუსად იყენებენ, სხეულზე კი აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებულ კრეატიულ ტატუებს იხატავენ. ხოლო ერთ-ერთ მათგანში იმ სიზუსტეზეა აქცენტი გაკეთებული, რომელიც ბრენდის კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს — ამისათვის სიუჟეტში ჩართეს „პომიდვრის ოსტატი“, რომელიც აკვიატებულად ეძებს სრულყოფილ წითელ პომიდვრებს.
W+K-ის ნამუშევარი ინარჩუნებს თვალისმომჭრელ ტონს, რომელიც ბრენდმა წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა, თუმცა ახასიათებს უფრო მეინსტრიმული შეგრძნება, რომელიც ზოგადად გლობალურ კამპანიას შეეფერება.
„როდესაც ბრენდის გაერთიანებას ერთი გლობალური პლატფორმის ქვეშ ვცდილობდით, ჩვენი მომხმარებლების სამყაროს მივაშურეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ყველანი ერთ რამეს იზიარებდნენ: ირაციონალურ გრძნობებს ჰაინცის პროდუქტების მიმართ“, — ამბობს დიანა ფროსტი, Kraft Heinz Company-ის ზრდის მიმართულების ხელმძღვანელი.