in

რატომ დახარჯა Heinz-მა 185 000 საათი კეტჩუპის ბოთლის თავსახურის რედიზაინისთვის?

Heinz-ის კეტჩუპის ბოთლის პლასტმასას თავსახური ისეა შექმნილი, რომ ზედმეტი არცერთი წვეთი არ დაიღვაროს. თუმცა მისი გადამუშავება ადვილი არ არის — ამიტომაც, Kraft Heinz-მა ალტერნატივის შემუშავება გადაწყვიტა, რასაც პროდუქტის განვითარების 185 000 საათი, 1,2 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 45 განსხვავებული ვერსია დასჭირდა.

თავდაპირველ თავსახურში მოქნილი სილიკონის სარქველი გამოიყენებოდა, რომლის გადამუშავებაც ძალიან რთულ პროცესთან იყო დაკავშირებული. მარტივად რომ ავხსნათ, პლასტმასის გადამუშავებისას მას სრულად უნდა მოშორდეს სილიკონი ან სხვა მასალის ნაწილები — ეს კი არც ისე მარტივია მცირე ზომის ნაწილისთვის. შემდგომ კი ეს სილიკონი სხვაგან უნდა გაგზავნილიყო, მაგალითად, აშშ-ში მხოლოდ ერთი სილიკონის გადამამუშავებელი ქარხანაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Heinz ისეთ გამოსავალს ეძებდა, რომელსაც შეეძლებოდა კეტჩუპის ზუსტი რაოდენობის მიწოდება და ამავდროულად, მასალის გადამუშავებაც გამარტივდებოდა. გარე პარტნიორებთან გამოსავლის პოვნის მცდელობის შემდეგ კომპანიამ კვლავ შიდა R&D გუნდს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი 3D პრინტერით დაიწყო ერთგვარი ექსპერიმენტების ჩატარება.

„ყველაზე დიდი გამოწვევები მიმდინარე თავსახურის მსგავსი ალტერნატივის შექმნა იყო, რასაც 45 მცდელობა დასჭირდა. ზოგიერთი ასპექტის შეცვლა სხვა კრიტერიუმებს შეეხო, ამიტომ დროთა განმავლობაში მთავარ ამოცანად სწორი ბალანსის პოვნა გვექცა“, — ამბობს კიმ ბერტენს-ვლემსი, Kraft Heinz-ის შეფუთვების უფროსი მენეჯერი.

Bertens-Vlems-ის თანახმად, საბოლოო დიზაინი დამზადებულია ერთი მასალისგან, კერძოდ, პოლიპროპილენისგან. სპეციალურად შემუშავებული ორი ნაწილი კი „კონტროლირებული დოზის“ მიღებას უზრუნველყოფს. და რადგანაც ეს ერთი მასალაა, თავსახური ადვილად გადამუშავდება სხვა პოლიპროპილენის ნივთებთან. ანალოგიური მიდგომის ადაპტირება კი სხვა ტიპის პროდუქტებზეც შეიძლება — როგორიცაა შამპუნი, ხუფები და სხვა.

ხანგრძლივი რედიზაინის პროცესი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია მდგრადი განვითარებისთვის „ფეხის აწყობა“, როცა ბევრი შეფუთვა ჯერ კიდევ მრავალი მასალისგან მზადდება.

ოპტიმო 3 წლისაა! როგორ იქმნება მაღაზიების მართვის ქართული პროგრამა

IBM-მა მსოფლიოში უსწრაფესი, 433-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი შექმნა