ჰაინცი თავის უახლეს კამპანიაში Looks Familiar მარტივ ჭეშმარიტებას შეგვახსენებს, რომ კარტოფილი ფრი და კეტჩუპი ისევე უხდება ერთმანეთს, როგორც კარტოფილი ფრი და კეტჩუპი… რაღა თქმა უნდა, ეს საწებელი ჰაინცია და იმდენად ცალსახაა ეს ამბავი, რომ ამას არც ლოგოს დატანა სჭირდება შეფუთვაზე.
„მართალია, არ ვიცით, პირველად ვინ შექმნა კარტოფილი ფრის შეფუთვის დიზაინი, მაგრამ აშკარაა, რომ ჰაინცის ფანი იქნებოდა“, — ამბობს ნინა პატელი, Heinz-ის ვიცე-პრეზიდენტი.
კამპანიის ფარგლებში Uber Eats-თან პარტნიორობით, Heinz შერჩეულ ბაზრებზე მომხმარებლებს კეტჩუპზე ფასდაკლებას სთავაზობს, ხოლო ლოს-ანჯელესში Carl’s Jr 30 დოლარის ან მეტის შეკვეთაზე მომხმარებელს კარტოფილი ფრითა და კეტჩუპით ასაჩუქრებს — ასე კი სურთ აჩვენონ, რომ ჰაინცის კეტჩუპი ყოველთვის იქ არის, სადაც კარტოფილი ფრი გამოჩნდება.

„კარტოფილი ფრის ყუთები ნებისმიერი ფორმით შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ გამონაკლისის გარეშე მთელ მსოფლიოში ვხედავთ ყუთებს, რომლებიც Heinz Keystone-ის ფორმისაა. ერთია, რომ იგი ჰაინცი უნდა იყოს და მეორე, ამის დამტკიცება“, — ამბობს მაიკ დუბრიკი, Rethink-ის ფინანსური დირექტორი.
აი, დამტკიცებას კი ბილბორდებით ცდილობენ… კარტოფილი ფრის ყუთებით, რომელზეც არაფერია დატანილი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ It Has To Be (Heinz) და სწორედ ამ იდეის ირგვლივ ტრიალებს კამპანიაც.

აღსანიშნავია, რომ კარტოფილი ფრი Uber Eats-ზე მსოფლიოში ყველაზე ხშირად შეკვეთილ საკვებ პროდუქტად რჩება და გლობალურად რესტორნების მენიუს ნახევარზე მეტშიც ვხვდებით. ჰაინცი კი Looks Familiar-ით აღიარებს, თუ რამდენად ღრმად არის კარტოფილი ფრი ჩაქსოვილი ყოველდღიურ კვების ჩვევებში და რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ბრენდი ამ რიტუალთან.

ამასთან, 2023 წელს წარმოდგენილი It Has To Be Heinz პლატფორმის შემდეგ, Looks Familiar კვლავ ბრენდის ძალისხმევას ემსახურება, გააერთიანოს შეტყობინებები ბაზრებს შორის და იზეიმოს ის ემოციური კავშირი, რომელსაც მომხმარებლები მათი პროდუქციის მიმართ განიცდიან.













