in

ბრენდი, რომელიც კეტჩუპის სიმბოლოდ იქცა – Heinz

სიტყვა „წარმატება” რბილადაა ნათქვამი, როდესაც ჰენრი ჰეინცის მიერ დაარსებული კომპანიის შესახებ ვსაუბრობთ. 1869 წელს, მოკრძალებული ადგილობრივი საწარმოს დაარსების დღიდან, ჰენრი ჰეინცმა სამეწარმეო სულისკვეთება ინოვაციურ რეკლამასთან გააერთიანა და შექმნა H.J. Heinz Company, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების კორპორაცია დღეს. 

istoriebi
istoriebi

ჰენრი ჰეინცის შესახებ

მისი სრული სახელია ჰენრი ჯონ ჰეინცი. იგი დაბა პიტსბურგში, პენსილვანიაში 1844 წელს დაიბადა. ის ჯერ კიდევ 8 წლის იყო, როდესაც საოჯახო ბოსტანში ბოსტნეულის მოყვანა და სამეზობლოში გაყიდვა დაიწყო. 12 წლისა უკვე სამნახევარ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. იმავე დროს მან შარფსბურგის მცხოვრებლებისთვის სახლის რძის კარდაკარ გაყიდვა დაიწყო. ჰეინცის საქმიანობა თავიდანვე წარმატებული იყო, თუმცა საკმაოდ დიდ შრომასა და დროს მოითხოვდა. 

მამას აგურის საწარმო ჰქონდა და 21 წლის ჰეინცმა საკუთარი ხარჯებით იყიდა ნახევარი წილი მამისგან. 3 წლის შემდეგ უკვე გასცდა საოჯახო წარმოებას და პარტნიორობა L. C. Noble-ს აგურის საწარმოს გაუწია. მომდევნო წელს, 1869-ში, ჰეინცმა და ნობლმა მიატოვეს აგური და დაუბრუნდნენ საკვების გადამუშავებას, დააარსეს კომპანია სახელად Anchor Pickle & Vinegar Works. ჰეინცმა დაიწყო ნიახურის სოუსის, კიტრის მარინადისა და ძმრის წარმოება.

დაცემა და აღზევება

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მყისიერი წარმატება მოიპოვა, 1873 წლის ფინანსურმა კრიზისმა კომპანია 1875 წელს გაკოტრებამდე მიიყვანა, თუმცა ჰენრიმ გამოსავალი მაინც იპოვა. მან შემოიკრიბა ოჯახის წევრები და სთხოვა მათ, ჩაედოთ თანხა კომპანიის დაფინანსებაში, სადაც თავად იმუშავებდა და ხელფასს გადაუხდიდნენ. მისმა ძმამ, ბიძაშვილმა და მეუღლემ მხარი დაუჭირეს ამ წამოწყებაში და ჰეინცი თავის ბიზნესს დაუბრუნდა ახალი დაარსებული კომპანიით F. & J. Heinz Company. იმ წელს ჰეინცმა წარმოადგინა ახალი პროდუქტი – პომიდვრის კეტჩუპი, რომელიც კომპანიის ყველაზე წარმატებული პროდუქტია დღესდღეობით.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, Heinz-მა განაგრძო კომპანიის პროდუქციის ხაზის გაფართოება ვაშლის კარაქის, წიწაკის სოუსისა და დაკონსერვებული ხორცის რეცეპტების დამატებით. წარმატებული მენეჯმენტის გამო, ჰენრი ჰეინცი საჯაროდ იქნა აღიარებული, როგორც კომპანიის სახე. 

წარმატებული კომპანიის მართვა

კომპანიის უმაღლეს პოზიციაზე აყვანის შემდეგ, მისი ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი იყო პიტსბურგის რეგიონის ჰეინცის ოფისებისა და ქარხნების კონსოლიდაცია. მან გადაწყვიტა თავისი ინდუსტრიული კომპლექსი აეშენებინა პიტსბურგის ჩრდილოეთ მხარეს. 

1890-98 წლებში Heinz Co.-ს სათავო ოფისის აშენების დროს, ჰენრი ჰეინცმა წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მაგრამ იდუმალი მოვლენა საკვების მარკეტინგის სფეროში: ჰეინცის კამპანია „57 ჯიში“, რომელიც დაიწყო 1892 წელს.

ბევრი ჭორი არსებობს რიცხვ 57-ის თაობაზე. ბევრი ფიქრობს, რომ 57 უნდა იყოს სახეობების საერთო რაოდენობა, რომელიც კომპანიას მოჰყავდა. მეორე ვერსიით, როდესაც ჰენრი ნიუ-იორკში მატარებლით მიდიოდა, დაინახა ბანერი წარწერით “21 Styles of shoes”. მან იფიქრა, რომ რიცხვის შემოტანა თავის სლოგანში დასამახსოვრებელი და ეფექტური იქნებოდა, ამიტომ მოიფიქრა სლოგანი “57 Varieties”. ამის შესახებ მას საკუთარ დღიურშიც უწერია:

28-ე ქუჩის სადგურზე მატარებლიდან გადმოვხტი და ჩემი სარეკლამო გეგმების შედგენა დავიწყე. ერთ კვირაში სლოგანი გაზეთებში, ბილბორდებზე და ყველგან გამოჩნდა, სადაც კი ვიპოვე მისი დასამაგრებელი ადგილი”.

ამ სლოგანის გავრცელების შემდეგ, Heinz Co. და რიცხვი 57 ერთმანეთთან ასოცირდებოდა.

კომპანია დღეს

დღეს ჰეინცის კომპანია, იმის გარდა, რომ უამრავ პროდუქტს აწარმოებს და მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ყიდის, მრავალ სოციალურ კამპანიაშიცაა ჩართული. აქვს საკუთარი საქველმოქმედო ინსტიტუტი, H.J. Heinz Company Foundation, რომელიც მხარს უჭერს უამრავ საზოგადოებრივ პროექტს. ის იკვლევს, ავითარებს და ავრცელებს მიკროელემენტების პაკეტებს არასრულფასოვანი კვების მქონე ბავშვებისთვის განვითარებად ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ინდონეზია. კამპანია უკვე დაეხმარა 2,5 მილიონზე მეტ ბავშვს. Heinz Company-ს მიზანია – მსოფლიო ჯანმრთელობის ალტრუისტული დახმარება კომპანიის შემოსავლებიდან.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„თილანსერი“ – ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს აკავშირებს

გენეტიკური მუტაცია, რომელმაც მამაკაცი ალცჰაიმერისგან დაიცვა — კვლევა