ერთი წლის წინ, როცა სტარტაპმა Helios Energy Georgia საქართველოში, ენერგიის ალტერნატიული წყაროების კუთხით მოღვაწეობა დაიწყო, წააწყდა სრულ სიცარიელეს, რომელსაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, განუვითარებელი ბაზარი და სფეროში არ არსებული ცოდნა/გამოცდილება ქმნიდა. იმ პირობებში, როცა მათ არ ჰქონდათ მზისა და ქარის ელექტროსადგურების კუთხით სრულფასოვანი სერვისის მიწოდების შესაძლებლობა/გამოცდილება და მოსახლეობაში ინფორმაციაც მწირი იყო, სტარტაპის შემქმნელებმა უარყვეს კომერციული ინტერესები და დაიწყეს ვიდეობლოგების წარმოება, იმისათვის, რომ პოტენციურ მომხმარებელს სწორად დაენახა ის სიკეთეები, რისი მომტანიც ბუნებრივი ენერგია შეიძლება გახდეს. ეს იყო Helios Energy Georgia-ს სატესტო ფაზა.
როცა ერთი წლის წინ, კომპანიის მისიაზე ვსაუბრობდით, სტარტაპის შემქმნელმა, თორნიკე დარჯანიამ გვიჩვენა ის გამოწვევები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც, კომპანია გამოვიდოდა სატესტო ფაზიდან და შეძლებდა სრულფასოვანი სერვისის უზრუნველყოფას. დღეისათვის, თითოეული მათგანი შესრულებულია და ახალი გამოწვევების საფუძვლადაა ქცეული. შესრულებულია:
გამოწვევა 1 – კომპანიამ დაადგინა, რამდენად სტაბილური, ენერგიის ალტერნატიული წყაროებისთვის ხელსაყრელი გარემო გვაქვს საქართველოში;
გამოწვევა 2 – კომპანიამ მოძებნა გზა იმისათვის, რომ პროდუქცია მისაღებ ფასად შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის და ამასთან, გაეცა შესაბამისი გარანტიაც;
გამოწვევა 3 – კომპანიამ შეძლო კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და სრულფასოვანი სერვისის გაწევა.
დღეისათვის, Helios Energy Georgia-ს ჰყავს გერმანელი პარტნიორი, ოპერირების 8 წლიანი გამოცდილებით, რომლის დახმარებითაც ამაღლებს საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციას და ქართულ ბაზარზე, ენერგიის ალტერნატიული წყაროების მხრივ მომუშავე რამდენიმე კომპანიის დასაყრდენი ხდება. როგორც ჩვენთან საუბარში Helios Energy Georgia-ს შემქმნელი, თორნიკე დარჯანია აღნიშნავს, სტარტაპის ავტორები რჩებიან აქტივისტებად, ბუნებრივ ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით და ამასთან, სრულფასოვანი სერვისის გაწევის შესაძლებლობის პირობებში, ერთი წლის შემდეგ, ახორციელებენ კომერციულ პროექტებსაც.
რა არის Helios Energy Georgia-ს ახალი გამოწვევები და რა მდგომარეობაა საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების კუთხით – ამ კითხვებზე პასუხს ქვემოთ იპოვნით.
M: გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ მოგვიყევით.. რა საჭიროება გქონდათ ამ კუთხით?
ჩვენი პირველი ინტერვიუს შემდგომ, როცა მივედით ისეთ სიტუაციამდე, რომ უკვე უნდა გაგვეკეთებინა რამდენიმე პროექტი, მივხვდით, რომ კომპეტენცია გვაფერხებდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვეძლო შეგვესრულებინა სამუშაო, თუმცა, ეს დიდ რისკს უკავშირდებოდა. არ მივეცით ჩვენს თავს ამის უფლება, რადგან ეს არ იყო მცირებიუჯეტიანი რისკი და ახალბედა სტარტაპისთვის დიდი საფრთხის შემცველია ასეთი შეცდომა. ამიტომ, დახმარებისთვის გერმანულ კომპანიას მივმართეთ, რომელიც ჩვენი ოფიციალური პარტნიორია და კომპეტენციის კუთხით, დანაკლისს გვივსებს. ფაქტობრივად, მათგან ვსწავლობთ და ამასთანავე, ისინი იღებენ მონაწილეობას კომპონენტების შერჩევაში. ხშირად გვირეკავდნენ და გვეჩხუბებოდნენ კიდევაც, მაგალითად იმაზე, რომ პანელის მონტაჟისას არ გამოგვეყენებინა კონკრეტული კაბელი, რადგან მისი იზოლაცია მზეზე დაზიანდება, გახურდება და დაწვავს რაღაცას. ასეთი დეტალების დონეზე ჩავუღრმავდით საკითხს და ჯერ კიდევ, ბევრ რამეს ვსწავლობთ მათგან.
M: რა შეცვალა საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილი პარტნიორის ყოლის ფაქტმა და რას გულისხმობს გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობა, გარდა იმისა, რომ ინფორმაციულად გეხმარებათ?
ეს ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ ჩვენ ვართ ჩვენი მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებელი, ჩვენ გვერდით დგანან გერმანელი პარტნიორები, რომლებიც პროდუქციასა და ხარისხზე იღებენ პასუხისმგებლობას. ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანიას თავისი ნოუ-ჰაუთი, განსაკუთრებით დიდი ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით და გერმანულ ბაზარზე ოპერირების 8 წლიანი გამოცდილებით, შეაქვს წვლილი Helios Energy Georgia-ს და ამასთან, საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების მიმართულების განვითარების საკითხში. ასეთი გამოცდილებით საქართველოს ბაზარზე, ფაქტობრივად, არავინ არის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მათი ინვესტიცია, რომელსაც ისინი ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში ჩადებენ. ძალიან მალე, ჩვენი ორი თანამშრომელი გაემგზავრება გერმანიაში, ჩვენს პარტნიორ კომპანიაში სასწავლებლად.
M: მაშინ, როცა მზის პანელი თუ ქარის ელექტროსადგური უცხო პროდუქტია ქართველი მომხმარებლისთვის, მათ სჭირდებათ გარანტია. გეხმარებათ თუ არა ამ მიმართლებით გერმანელი პარტნიორი?
დიახ, ხარისხის გარანტიის კუთხით მნიშვნელოვანია გერმანელი პარტნიორის ყოლა და გარდა ამისა, მომხმარებელმა იცის და დამშვიდებულია, რომ ერთწლიანი სტარტაპი კი არ უკეთებს მას პროექტს, არამედ, სახეზეა Helios Energy Georgia, რომელსაც გვერდით უდგას ძალიან ძლიერი, გერმანული კომპანია.
M: რა პროექტები განახორციელეთ ერთი წლის განმავლობაში?
ამ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ რამდენიმე სატესტო პროექტი (2-3) იმისათვის, რომ შეგვეხედა როგორ მუშაობს სისტემა. აქ მარტო პროდუქტის გარანტიაზე არ არის საუბარი, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად სტაბილური ქსელია. ქსელში თუ სიხშირის ცვალებადობაა, ეს აპარატურას საფრთხეს უქმნის. გვინდოდა შეგვეხედა იმუშავებდა თუ არა სრულფასოვნად. აღმოვაჩინეთ, რომ ამ მიმართულებით, საკმაოდ სტაბილური გარემო გვაქვს. ამაში დარწმუნების შემდეგ, 5 კომერციული პროექტი გავაკეთეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სადგურები ჩვენ დავაყენეთ, მათზე პასუხისმგებლობა ავიღეთ, ვაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში, ვუწევთ სერვისს. ესეც ცვლილებაა, რადგან აქამდე ჩვენ არ გვქონდა, თუნდაც, დაზიანებული აპარატის შეკეთების კომპეტენცია. გარდა ამისა, როცა დაინტერესებული ადამიანები მოდიან, ჩვენ შეგვიძლია გავიყვანოთ მინიმუმ 5 სადგურზე და ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს.
M: როგორი მომხმარებელი გყავთ? ამაღლდა თუ არა ცნობიერება საზოგადოებაში, თქვენი ვიდეობლოგებისა და მცდელობების კვალდაკვალ?
ამ მხრივ, ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, რადგან ხალხმა ისწავლა, რა არის ეს ტექნოლოგია, როგორ მუშაობს, რა პრინციპით. როცა მოგვმართავენ ჩვენს ტერმინოლოგიას იყენებენ, რომელიც ჩვენ შევქმენით, ფაქტობრივად. ვხვდები ხოლმე, რომ ნანახი აქვთ ეს ვიდეოები, ან წაკითხული აქვთ ჩვენ შესახებ და მომზადებულები მოდიან. მომზადებულ ადამიანთან საუბარი ადვილია. ამან ძალიან გაგვიმარტივა საქმე, რადგან დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გვწერდა ინტერესის დონეზე და ორი კადრი იყო საჭირო იმისთვის, რომ პასუხი გაეცა შეტყობინებებზე. დავიწყეთ ფინანსური კალკულაციებიც, რომ ხალხმა უფრო კონკრეტულად გაიგოს, თუ რამდენს დაუზოგავს ეს ტექნოლოგია. ამას გავაგრძელებთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი კომპანიის მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ მოვემსახუროთ, ჩვენ აქტივისტებიც ვართ.
M: როგორც ვიცით, აქტიურად თანამშრომლობდით „სემეკთან“.. შეიცვალა, თუ არა ნეტო აღრიცხვის სისტემა, ან შეიმჩნევა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან მზაობა, ქვეყანაში ხელი შეუწყოს ენერგიის ალტერნატიული წყაროების მიმართულების განვითარებას?
ეს მარტივი პროცესი არ არის, ყველა ამ სისტემაში განხორციელებული ცვლილების უკან ძალიან დიდი დრო და ენერგია დევს. ჩვენთან არის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილი, რომ პრიორიტეტი ენიჭება ჰესებს, ოფიციალურად, კომპანიებს, რომლებიც გეგმავენ ჰესის მშენებლობას, აქვთ სასათბურე გარემო შექმნილი, იმისთვის, რომ განახორციელონ თავიანთი პროექტები. მსგავსი მზის მიმართულებით და ქარის მიმართულებით არ ხდება. ნეტო აღრიცხვის პროგრამა არ არის ხელშემწყობი, ეს არის ერთი-ერთში გაცვლა, რითიც სისტემა არ განიცდის ზარალს ფინანსურად. „სემეკთან“ გვაქვს რეგულარული კონტაქტი, მათთან ერთად ვმუშაობთ, რომ ის ჩარჩო რაც არის ნეტო აღრიცხვის პროგრამისთვის, გავაუმჯობესოთ.
M: შეიცვალა თუ არა კონკურენტული გარემო ერთი წლის განმავლობაში და არიან თუ არა ბაზარზე სხვა კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ მზისა თუ ქარის ელექტროსადგურების კუთხით, ხარისხიანი ოპერირება საქართველოში?
კონურენტული გარემო, რა თქმა უნდა, იცვლება და ბაზარზე ჩნდებიან კომპანიები, რომელთაც სურთ განახლებადი ენერგიების სექტორში მოღვაწეობა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას და მეტიც, ვთანამშრომლობთ მათთან; ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ცოდნასაც ვუზიარებთ. ვაყალიბებთ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებსაც შექმნის.
და ბოლოს, რა არის Helios Energy Georgia-ს ამჟამინდელი გამოწვევები?
გამოწვევა 1 – ვიდეობლოგების გაგრძელება და პოტენციური მომხმარებლისთვის ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებისგან მიღებული ეკონომიკური ბენეფიტების ახსნა;
გამოწვევა 2 – ენერგიის ალტერნატიული წყაროების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი თუ რეგიონული კომპანიების დასაყრდენად ქცევა;
გამოწვევა 3 – ორგანიზაციული განვითარება – თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება;
გამოწვევა 4 – სახელმწიფოსთან („სემეკთან“) ერთად მუშაობა, ნეტო აღრიცხვის სისტემის გასაუმჯობესებლად.