in

„აი, ახლა რა გავაკეთოთ?“ – Helios Energy Georgia-ს ცურვა აზვირთებულ ტალღებში

„ვეძებთ თანამშრომლებს, რომლებისთვისაც განახლებადი ენერგიის სფერო საინტერესოა“

Startauperi
Startauperi

„ჩემი წარმოდგენით, სტარტაპი უნდა იყოს რევოლუცია ადამიანების ცხოვრებაში და არა ნებისმიერი მცირე მეწარმეობა. ესაა დინების საწინააღმდეგოდ სვლა, აზვირთებულ ტალღებში ცურვა…“

თორნიკე დარჯანია სტარტაპის წამოწყებას არ აპირებდა. უბრალოდ, ერთ დღეს საკუთარი სახლის სახურავზე ჯერ ქარის ელექტროსადგური განათავსა, შემდეგ მზის პანელებიც სცადა და განახლებული ენერგიის დახმარებით, არამხოლოდ გათავისუფლდა კომუნალური გადასახადისგან, არამედ გამოუყენებელი ენერგია ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩაუშვა. როდესაც განახლებადი ენერგიით გარშემომყოფებიც დაინტერესდნენ, ბიზნესის წამოწყების საჭიროება დადგა და თორნიკე დარჯანიამ, გუგა ბარბაქაძესთან ერთად, „ჰელიოს ენერჯი ჯორჯია“ დააფუძნა. #შეცდომები ყველა ბიზნესისთვის ნაცნობი ცნებაა და მას ვერც განახლებადი ენერგიის სტარტაპმა აუარა გვერდი.

„ერთია, როცა საკუთარი სახლის სახურავზე დგამ ელექტროსადგურს და სულ სხვაა, როცა სხვას უკეთებ ამას. იქ არ გაქვს ექსპერიმენტების ფუფუნება.“

დიდი მოთხოვნა VS მიწოდება

„სტარტაპერი როცა ხარ, პროფესიონალური უნარები არ გაქვს სრულყოფილად განვითარებული. ბიზნესისგან განსხვავებით, არც ხედვა გაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, არც საკმარისი ცოდნა, შევარდები ტალღებში და გაცურვას ცდილობ. სწორედ, ასე მოგვიწია – დიდ პროექტებზე გვეძახდნენ, რისთვისაც მზად არ ვიყავით. თუკი ვიცოდით, როგორ გაგვეკეთებინა 5კვტ-იანი სადგური, ვიღაც მოვიდა და გვითხრე, 20კვტ-იანი გვინდაო, სხვამ – აკუმულატორების ან ჰიბრიდული სისტემა მოითხოვა. არ ველოდით, ასეთი მოთხოვნა თუ წამოვიდოდა.“

ცნობისწადილი

„რაღაც მომენტში ვიგრძენით, რომ ამოვწურეთ ჩვენი ცოდნა. გაგვიჩნდა კითხვა: „აი, ახლა რა გავაკეთოთ?“. მივხვდით, ასეთ დროს უნდა შეგვეძინა ახალი ცოდნა, მენტორები და გვეზრუნა იდეის ახლებურ განვითარებაზე. გამოსავლის ძიებაში, მოვძებნეთ გერმანელი პარტნიორები, რომლებსაც ქართული ბაზრის მიმართ ჰქონდათ ინტერესი და კომპეტენციის კუთხით დაგვეხმარნენ. ეს ნაბიჯი რომ არა, ძალიან დიდ შეცდომებს დავუშვებდით.“

მენტორინგი

„ძალიან რთულია, თუკი სტარტაპერს არ ჰყავს გვერდით მენტორი, რომელიც რჩევებსა და მიმართულებას აძლევს. სტარტაპერი ყველაფერზე თავად ვერ ფიქრობს, ამიტომ სჭირდება მენტორი ისეთ საკითხებშიც კი, როგორიცაა ბუღალტრული სისტემის აწყობა, ფინანსური რჩევა. თავიდან ქაოტურად დავიწყეთ და ბოლო წლებში დავალაგეთ, თან მით უფრო რთულია, როცა საკუთარი მცირე ფინანსებით აკეთებ – ყველა ხარჯს უფრთხილდები და ცდილობ, პრიორიტეტულად მიმარტო.

გაგვიმართლა იმაში, რომ ვიდეოების ჩაწერა დავიწყეთ და კარგად გამოგვივიდა. დღემდე, სოციალურ არხებს მე და ჩემი პარტნიორი ვმართავთ სრულად.“

ადამიანური რესურსის დეფიციტი

„ამ შეცდომას დღემდე ვიმკი. ყველაფერი არაპროპორციულად მცირე ადამიანურ რესურსზეა განაწილებული. დამფუძნებელი ვარ და პროექტების მენეჯმენტსაც ვასრულებ, შესყიდვებსაც… ვიცი, რომ მე არ უნდა ვაკეთებდე და ამის მოგვარების ეტაპზე ვართ. ბაზარზე მოთხოვნა ერთიანად გაიზარდა და არა ეტაპობრივად და ფორსირებულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ვეძებთ თანამშრომლებს, რომლებისთვისაც ეს სფერო საინტერესოა და ისევეა აღტყინებული ამ საქმით, როგორც ჩვენ. დიდი გამოწვევაა ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებსაც ამ საქმის მიმართ ემოციური ბმა ექნებათ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი ფულის გამო საქმეს არასოდეს აკეთებს კარგად, მალე ბეზრდება და ეს ძალიან რთულია სტარტაპისთვის.“

სწორი პარტნიორების ძიება

„ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და მივხვდით, რომ ბიზნესშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ადამიანებს, სწორ პარტნიორებს, ვისთან ასოცირდები, ვინ დგას შენს უკან, ვისი სახელის ხსენება შეგიძლია. იგივე შემიძლია ვთქვა მომწოდებლებზეც, რამდენად სანდონი არიან… ამ მხრივ, გვქონდა შეცდომები, ზოგჯერ არასწორი ადამიანები შეგვხვდნენ და ახლა, ამ გამოცდილების ფონზე, სულ სხვა კუთხით წავიდოდი. სამწუხაროდ, თავიდან სუსტი ხარ, მოწყვლადი და ეს ისეთ რაღაცებს გაკეთებინებს, რასაც სხვა შემთხვევაში ასე არ გააკეთებდი. ორი დღის შექმნილი კომპანიის პატრონს მერთულებოდა 15-წლიანი პრაქტიკის მქონე კომპანიებთან საუბარი, მეგონა, მათ დიდი გამოცდილება და ხედვა ჰქონდათ, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი. ახლა სხვანაირი სიმტკიცით დავდგებოდი და მეტად თავდაჯერებული.“

მოტივაცია

„ჩვენი ოცნებაა ენერგოდამოუკიდებლობა, სახლი, რომელიც მოხმარების ნაცვლად, ენერგიას გამოიმუშავებს. ეს იდეა გვამოძრავებს, ზუსტად ვიცით, რა საქმეს ვემსახურებით და ფულის შოვნა თვითმიზანი არ არის. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მაგალითად, მზის პანელების ყიდვა და ქართულ ბაზარზე გაყიდვა და ასე ბევრად რთულია, მაგრამ ეს იდეა გვავსებს.“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ეჯაილ ტრანსფორმაციისთვის სწორი ადამიანები აირჩიეთ

ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა „აჭარა ჯგუფს“ ტოვებენ