Hello Kitty 50 წლის რომ ხდება, ამაზე რამდენიმე თვის წინ მოგიყევით, ახლა კი ვიგებთ, რომ იუბილეს აღსანიშნად Sanrio მონეტას უშვებს. თუმცა უბრალო მონეტადაც ნუ ჩათვლით, ბრჭყვიალა შედევრია, რომლის 99.99% სუფთა ოქროსგან შედგება და ცდილობს, Hello Kitty-ის სამყაროს მაგიასაც გვაზიაროს.
მონეტაზე ცნობილი Hello Kitty Shinkansen არის ასახული, საკულტო მატარებელი, რომელიც შინ-ოსაკასა და ჰაკატას შორის გადაადგილდება. ირგვლივ კი Sanrio-ს საყვარელ პერსონაჟებს ვხედავთ, იქნება ეს My Melody, Cinnamoroll, Pompompurin, Kuromi თუ the Little Twin Stars.
ხოლო მონეტის მეორე მხარეს მეფე ჩარლზ III-ის გამორჩეულ პროფილს ნახავთ, რომელიც კუკის კუნძულების მმართველი მონარქი გახლავთ.
ცალსახაა, რომ იუკო შიმიზუს მიერ 1973 წელს შექმნილი პერსონაჟი მალევე იქცა გლობალურ კულტურულ სიმბოლოდ, დაიპყრო მრავალი თაობის გული და კონტინენტი. მათთვის კი ახლა საიუბილეო მონეტა ამ ისტორიას მეტად ხელშესახებს გახდის, ხოლო შეზღუდული რაოდენობა კიდევ უფრო განსაკუთრებულად აქცევს მას — როგორც ვიგებთ, მხოლოდ 500 ცალი მონეტა ჩაეშვება გაყიდვაში.
რაც შეეხება Hello Kitty-ის 50 წლის საიუბილეო მონეტის ფასს, იგი დაახლოებით 4600 დოლარს შეადგენს, რითაც მარტივი მისახვედრია, რომ კოლექციონერებისთვისაა განკუთვნილი და თუ თქვენც მათ შორის ხართ, შეკვეთა აი, ამ ლინკიდან შეგიძლიათ, გააკეთოთ.