31
Dec
2018

Hello, World! ანუ 9 თვე სარეკლამო ინდუსტრიაში – ია დარახველიძის #აზრები

31 Dec 2018

M2
M2


“Every child is an artist, the problem is staying an artist when you grow up“(Pablo Picasso). როცა ზამთრის სუსხიან ქუჩებში საეჭვოდ იმატებს ცხვირდაწითლებული ხალხის ფუსფუსი და ჩვენს ფანჯრებთან კოკა-კოლას ბრჭყვიალა მანქანები გამოჩნდებიან, უნებურად, ყველანი რაღაც მნიშვნელოვანსა და მოუხელთებელზე ვიწყებთ ფიქრს.  #ვინცარუნდაიყო : მეეზოვე, პოლიტიკოსი, იურისტი თუ დიზაინერი, წამით, ყველანი მოწყენილ არსებებად ვიქცევით, ვიხსენებთ განვლილ წელს, ვზომავთ, ვითვლით, ვაანალიზებთ, ვატოლებთ, ვაერთმნიშვნელიანებთ, თითქოს, განწირულები ვიყოთ რაციონალიზმისთვის.

ამ დროს ვხვდებით, რომ გავიზარდეთ.

მოდი, თავიდანვე ვთქვათ, რომ „წლის შეჯამება“ ცოტა მკაცრი ტერმინია და კრეატიული სააგენტოსთვის, ალბათ, ზედმეტად აკადემიურად ჟღერს. ეს უფრო ციფრების, დიაგრამების, ღამენათევი ბუღალტრების, მშრალი „სლაიდებისა“ და კმაყოფილი(ან უკმაყოფილო) ბიზნესმენების ასოციაციას იწვევს.
ინდუსტრიაში, სადაც კომპანიის ყოფნა-არყოფნის საკითხი თავიდან ბოლომდე საკუთარი საქმის სიყვარულზეა დაშენებული, სადაც პროცესი შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, „წლის შეჯამება“ უფრო ემოციების გამოთლას ემსგავსება და დაახლოებით, ისეთი ამბავია, ბუღალტერს რომ ლოგო დაახატინოთ. თუმცა, როგორც ბრძენს უთქვამს (ან, არც უთქვამს) რუტინას და ციფრებს ვერსად გავექცევით.

Brid-ის ოფიციალურ დაბადების დღედ, 2018 წლის 7 მარტი ითვლება. დაარსებიდან მალევე უამრავი მეგობარი შევიძინეთ (გვინდა სიტყვა „დამკვეთი“ და „კლიენტი“ საერთოდ ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან). ვცდილობთ, არ შემოვიფარგლოთ მათთან მხოლოდ ერთჯერადი თანამშრომლობით. სწორედ ამიტომ, მათი გარკვეული ნაწილი უკვე ჩვენი მუდმივი პარტნიორია. მონაწილეობა მივიღეთ რამდენიმე დამწყები ბიზნესის ბრენდინგის შექმნაში, რაც ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან ერთი, რომ კარგად ვიცით რას ნიშნავს იყო სტარტაპერი, მეორე – გვინდა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების საერთო საქმეში. გარდა სტარტაპებისა, ვითანამშრომლეთ ბაზარზე საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებთანაც. საუბარი არაა რებრენდინგის ცალკეულ დეტალებზე : მხოლოდ ლოგოზე, კორპორატიულ სტილზე, ან კონკრეტულ მარკეტინგულ აქტივობაზე. მათ სურდათ საკუთარი ბრენდის ხელახლა გადააზრება და მომხმარებლის წარმოდგენაში უფრო ზუსტი, მკაფიო პოზიციონირება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კომპანია „აგროჰაბისთვის“ შექმნილი ვიტამინების კამპანია „V13“, რომელიც Brid-ის პირველი მასშტაბური პროექტი იყო და ახლა უკვე ჩვენს ერთგვარ თილისმადაც იქცა. ეს იყო სრულიად ახალი, საუცხოო გამოცდილება და ორმაგად სასიხარულოა, რომ აღნიშნულმა კამპანიამ KIAF-ის საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლიც კი აიღო, კატეგორიაში : “Brand Environment & Experience Design“.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სარეკლამო ინდუსტრია ნელ-ნელა ვითარდება. კომპანიები უკეთესად იაზრებენ მომხმარებელთან დიალოგის და ზოგადად, ბრენდინგის მნიშვნელობას. შესაბამისად, უფრო მეტად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, რაც აიოლებს მათთან კომუნიკაციას და საბოლოო შედეგზეც უდიდეს გავლენას ახდენს. მართალია, საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია ჯერჯერობით იდეალურისგან შორსაა. თუმცა, სასიამოვნოა, რომ ბიზნესმენები, თანდათან, აცნობიერებენ შემოქმედებითი მუშაობის სპეციფიკას და მის რეალურ ღირებულებას, რადგან როგორც Steve Jobs-მა თქვა : It takes a lot of hard work to make something simple.

დღეს უკვე ბევრი კომპანია გამოთქვამს Brid-თან თანამშრომლობის სურვილს, რის გამოც 2019 წელს ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი კადრების დამატებას, რადგან ჩვენთან ხარისხის ხარჯზე კომპრომისი არ „მოსულა“.

 

განხილვა