in

როგორ დავეხმაროთ გუნდს გადაწყვეტილების მიღების პროცესში

დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოკლევადიან და გრძელვადიან გავლენას მოახდენენ თქვენზე, თქვენს გუნდსა და ორგანიზაციაზე, სერიოზული განსჯა სჭირდება. მათი მიღება არც ზედმეტად სწრაფად შეიძლება და არც თავიდან არიდება. თუმცა, ჩვენს სწრაფ და კომპლექსურ ბიზნეს გარემოში ხშირად რთულია დრო გამონახო გააზრებული, საფუძვლიანი ანალიზისთვის, რომელიც სწორი გზის შესახებ დამაჯერებელ პასუხებს მოგცემს.

რა მოხდება თუ არაფერს გავაკეთებთ?

როდესაც შესაძლებლობა ჩნდება ან ინდუსტრიის დინამიკა იცვლება, უმოქმედობა შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს. თუმცა, ზოგ შემთხვევაში – მაგალითად, როცა არასრული ინფორმაცია გაქვთ – შეიძლება უფრო გონივრული იყოს ამჟამინდელი კურსის შენარჩუნება.

ეს კითხვა გაიძულებთ შეაფასოთ უმოქმედობის საშუალო და გრძელვადიანი მინუსები ან სარგებელი. წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც არანაირი ცვლილება არ განგიხორციელებიათ. კვლავ წარმატებული ხართ? როგორ იმოქმედა ამან ძირითად თქვენი ოჯახის წევრებზე, კოლექტივზე, მომხმარებლებზე ან ინვესტორებზე? არის თუ არა რაიმეს გაკეთება სრულ მონაცემებზე ან რეალურ საჭიროებაზე დაფუძნებული, თუ მოკლევადიანი ხედვითა და ემოციებითაა განპირობებული?

რატომ შეიძლება ვინანოთ ეს გადაწყვეტილება?

ეს გონივრული გრძელვადიანი არჩევანია თქვენი ფიზიკური, მენტალური და ფინანსური ჯანმრთელობისთვის? ხომ არ ინანებთ სითამამის არქონას? გამოიწვევს თუ არა მორალური კომპრომისი გრძელვადიან უკმაყოფილებას? საფრთხეს უქმნით თუ არა ფასეულ ურთიერთობას?

რა ალტერნატივები გამოგვრჩა?

რამდენადაც არ უნდა ვცდილობდეთ თვითშემეცნებას, ჩვენი ტვინი უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციას, რომელიც ჩვენს რწმენებს ამყარებს. როდესაც გუნდები იღებენ გადაწყვეტილებებს, ადვილია ჯგუფური აზროვნების ჩამოყალიბება ან მოქმედების კურსზე შეთანხმება ალტერნატივების სრულად შესწავლის გარეშე.

განიხილეთ მოქმედების სხვა ვარიანტები და იფიქრეთ, რამდენად შეიძლება, რომ უკეთესი შედეგები მოგიტანოთ.

როგორ გავიგებთ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება?

შეუძლებელია კარგი გადაწყვეტილების მიღება, თუ თქვენ ან თქვენს გუნდს არ გაქვთ ნათელი წარმოდგენა იმაზე, როგორი უნდა იყოს წარმატება. წარმოიდგინეთ შედეგები, რომლებსაც ამ გადაწყვეტილებისგან ელით. იპოვეთ პროგრესის გაზომვის სისტემა, რომელიც მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივას. დააწესეთ კონკრეტული ეტაპები. შეადგინეთ გეგმა იმის გადასახედად, თუ რამდენად სწრაფად და წარმატებით მიემართებით თქვენი მიზნებისკენ.

არის თუ არა ეს გადაწყვეტილება შექცევადი?

გადაწყვეტილების შექცევადობის განხილვამ შეიძლება შეამციროს „იდეალური“ არჩევანის გაკეთების ზეწოლა. ჰკითხეთ საკუთარ თავს ან თქვენს გუნდს: რა ჯდება ეს ყველაფერი როგორც ფინანსურად, ისე რეპუტაციული თვალსაზრისით?

როგორ მივიღოთ უკეთესი სტრატეგიული გადაწყვეტილებები?

დღევანდელ სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო რთული ხდება. როგორ უნდა აირჩიოთ სწორი მიმართულება, როცა თითოეულ გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს შორსმიმავალი შედეგები? გაგიზიარებთ ორ მაგალითს, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები სტრუქტურირებული მიდგომის გამოყენებით.

წარმოიდგინეთ ფინანსური მომსახურების კომპანია გზაგასაყარზე: გააგრძელოს ტრადიციული მომსახურების მოდელით მუშაობა თუ გადავიდეს ფინტექ გადაწყვეტილებებზე? ეს არ იყო მარტივი არჩევანი. კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სისტემური მიდგომის გამოყენება.

პირველ ეტაპზე, მათ გააანალიზეს უმოქმედობის რისკები: ტექნოლოგიურად განათლებული მომხმარებლების დაკარგვა და ბაზარზე პოზიციების შესუსტება. შემდეგ განიხილეს შუალედური გზა – ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აერთიანებდა როგორც ტრადიციულ მომსახურებას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

წარმატების გასაზომად, კომპანიამ შეიმუშავა მკაფიო OKR-ები და KPI-ები: შემოსავლების ზრდის პოტენციალი, ხარჯისა და შემოსავლის თანაფარდობა, მომხმარებლის სიცოცხლის ხანგრძლივობის ღირებულება, მომხმარებელთა შენარჩუნების მაჩვენებელი, ახალი მომხმარებლების მოზიდვის ხარჯები.

შედეგი? ორი წლის შემდეგ, კომპანიამ წარმატებით გაუშვა ფინტექ პლატფორმის ბეტა ვერსია. დღეს ისინი იზიდავენ ახალ მომხმარებლებს და ინარჩუნებენ არსებულებს – ნათელი დადასტურება იმისა, რომ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს.

მეორე მაგალითი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მსგავსი სტრუქტურირებული მიდგომა პირად გადაწყვეტილებებში. წარმატებულ აღმასრულებელს Fortune 100 კომპანიაში შესთავაზეს დაწინაურება, მაგრამ ის ფიქრობდა საკუთარი გზის დაწყებას წერისა და კონსულტირების სფეროში.

გადაწყვეტილების მისაღებად, მან დასვა კითხვები, რომლებიც ფოკუსირდებოდა გრძელვადიან პერსპექტივაზე: „როგორ ვიგრძნობ თავს 5-10 წლის შემდეგ თითოეული არჩევანის შემთხვევაში?“ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვას: შექცევადია თუ არა გადაწყვეტილება? როგორ შეიძლება პროფესიული კავშირების შენარჩუნება? რა ფინანსური სტრატეგიები არსებობს გარდამავალი პერიოდისთვის?

ერთი წლის შემდეგ, შედეგები მკაფიოდ გამოჩნდა: აღმასრულებელმა არა მხოლოდ გადააჭარბა თავის ფინანსურ მიზნებს, არამედ იპოვა უფრო დამაკმაყოფილებელი პროფესიული გზა.

ეს ორი მაგალითი გვიჩვენებს, რომ კარგი გადაწყვეტილების მიღება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ინტუიციაზე. სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც აერთიანებს ანალიზს, სცენარების დაგეგმვას და მკაფიო მიზნებს, გვეხმარება მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში.

მთავარია გვახსოვდეს: არ არსებობს აბსოლუტური გარანტიები, მაგრამ კარგად გააზრებული გადაწყვეტილება ყოველთვის უკეთესია, ვიდრე იმპულსური არჩევანი.

წყარო: HBR



როგორ ვიქცეთ უკეთეს დიზაინერად? — 9 რჩევა ინდუსტრიის ექსპერტებისგან

7 AI ხელსაწყო ვიდეოების შესაქმნელად