27
Nov
2019

რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც მარტო გადავდივართ საცხოვრებლად?

27 Nov 2019

საცხოვრებლად მარტო გადასვლა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. ალბათ ერთ-ერთია იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომლის შედეგიც ან ძალიან კარგად, ან ძალიან ცუდად დასრულდება. თუმცა, როგორც ყველა საქმეში, აქაც – გამოცდილების გარეშე ვერ მივხვდებით, ესა თუ ის გადაწყვეტილება რამდენად სწორი აღმოჩნდება. ხშირად, გადაწყვეტილების სისწორეს გარკვეული წინაპირობების გათვალისწინება განსაზღვრავს. მაგალითად, თუკი ცალკე გადასვლამდე, ზუსტად მოვიფიქრებთ, როგორი იქნება ჩვენთვის შესაფერისი და ხელსაყრელი სახლი, ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი ვინანოთ.

სწორედ იმისთვის, რომ გაკეთებული არჩევანით კმაყოფილები დარჩეთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მარტო გადახვალთ საცხოვრებლად:

შეარჩიეთ თქვენი ბიუჯეტისთვის შესაბამისი საცხოვრებელი ბინა

თუ იქიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რამდენი და როგორი ტიპის ბინა შენდება ქალაქში, ერთ მათგანზე არჩევანის შეჩერება ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება. არსებობს კარგი, კეთილმოწყობილი და ლამაზი ბინები, თუმცა, არსებობს კიდევ უფრო კარგი ბინები და ამგვარი შეფასების შესაბამისად ბინის ფასიც ლოგიკურად იზრდება.

სახლით კმაყოფილების შემთხვევას ძალიან ბევრი წინაპირობა განსაზღვრავს. და თუკი თქვენ თქვენი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს მას მოახმართ ისე, რომ სხვა საქმიანობისთვის მატერიალური რესურსი უბრალოდ აღარ დაგრჩებათ, ძალიან ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ თქვენი საცხოვრებელი გარემოთი კმაყოფილი დარჩეთ.

ერთი შეხედვით, შეიძლება, იფიქროთ, რომ ბინას ყოველდღე არ ყიდულობთ და ამიტომაც მასში განსაკუთრებული ფასის გადახდა არ დაგენანოთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, სამომავლოდ რამდენად წაგადგებათ ეს გათვლა.

აუცილებელია, თქვენი სახლი იყოს თქვენთვის კომფორტული

კომფორტული ზოგადი ცნებაა და ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. სხვისთვის კომფორტული კი ბევრ შემთხვევაში შეიძლება, თქვენთვის კომფორტულს არ ნიშნავდეს. პირველ რიგში, დააკვირდით როგორი აურა აქვს იმ სახლს, რომლის შეძენასაც/ქირაობას აპირებთ, რადგანაც ადგილის აურა თქვენს განწყობას ყოველთვის განსაზღვრავს.

ასევე, დააკვირდით ოთახების განლაგებას – შეიძლება არ მოგწონდეთ შპალერის ფერი, დივანი ან სამზარეულო, მაგრამ მათ შეცვლას ყოველთვის შეძლებთ, მთავარია, სახლის მოწყობა მოგწონდეთ. დაფიქრდით, რის საშუალებას მოგცემთ ეს ადგილი მომავალში.

მაქსიმალურად მოარგეთ ბინა თქვენს ფანტაზიებს, რადგანაც ერთ დღესაც შეიძლება, გაიღვიძოთ და კომფორტულობის ნაკლებობამ ხელი აგაღებინოთ აქ ცხოვრებაზე.

უსაფრთხოება

სანამ ბინას შეარჩევთ, მოიძიეთ ინფორმაცია ქალაქის ამა თუ იმ უბნის შესახებ. შეიძლება, შესანიშნავი ბინა ნახოთ, თუმცა, არც თუ ისე უსაფრთხო ადგილზე. იკითხეთ, რამდენად ხშირია თქვენ მიერ შერჩეულ ქუჩაზე კრიმინალის შემთხვევები. თუნდაც ამგვარი შემთხვევა თქვენ არ დაგემართოთ, ყოველთვის გექნებათ შიში, რის გამოც თქვენსავე სახლში გამეფებული კომფორტი მუდმივად დაგერღვევათ.

ტრანსპორტის კუთხით ხელსაყრელი

როდესაც ადამიანები ბინას ყიდულობენ, დიდ ყურადღებას აქცევენ პარკინგს. თუკი საკუთარი მანქანა გყავთ, რასაკვირველია, წინასწარ უნდა იცოდეთ, რამდენად ადვილად შეძლებთ სამსახურიდან მოსული თქვენსავე ეზოში მანქანის დაყენებას – და არა 2 ქუჩის იქით.

და თუკი საკუთარი ავტომობილით არ სარგებლობთ, შეარჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც მარტივად მისადგომია ტრანსპორტის მხრივ და ყოველ დილით არ გაგიჭირდებათ სამსახურში წასვლა.

კარგი იქნება, თუ სამსახურთან ახლოს იქნება

მათ, ვინც სამსახურიდან მოშორებით ცხოვრობს, კარგად იციან, რამხელა ენერგიაა საჭირო იმისთვის რომ დილით და საღამოს უსაშველო საცობებს გაუძლოთ. მაშინ, როცა ეს ენერგია თავისუფლად შეიძლება, ეფექტურად მუშაობას მოხმარდეს. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ ამ ენერგიის დაზოგვის მიზნით საცხოვრებელ ადგილს სამსახურთან ახლოს შეარჩევთ.

რუბრიკა “გარემოს” წარმდგენია “მწვანე ქალაქი ლისზე”.

განხილვა