„ჰენესის დასახასიათებლად ბევრი სიტყვის გამოყენება შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მკაფიოდ არასოდეს გაჩერება აღწერს ამ ბრენდს. ჩვენ 258-წლიანი ისტორია გვაქვს, რაც ინოვაციებს, ცვლილებებსა და ადაპტაციას ეფუძნება, რათა მრავალი კულტურის ნაწილი გავმხდარიყავით. ჩვენ გლობალური ბრენდი ვართ, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ლოკაციას არ ვეკუთვნით, მუდამ ვცდებით საზღვრებს“, — ასე იწყებს ჩვენთან საუბარს Hennesy-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი, ანნე დიალო.
დღეს სწორედ ამ საკულტო ბრენდზე უნდა გიამბოთ, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე ისევე ინარჩუნებს აქტუალობას ნებისმიერი თაობის ადამიანისთვის, როგორც წარსულში — მაშინ, როცა ბაზარზე ნაკლები კონკურენცია იყო. როგორც ანნე დიალომ აღნიშნა, ალბათ, ამ „მუდმივობის“ ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ჰენესი ყოველთვის ინოვაციების გზას ადგას — მარტივად ერგება საჭირო ცვლილებებს, ადაპტაციური მიდგომით იპყრობს ყურადღებას და არასოდეს ჩერდება დანიშნულების ადგილას, რადგან ყოველ ჯერზე ახალი მიზანი იჩენს თავს.
„ჩვენი ბრენდი ყოველთვის სამ დროში პოზიციონირებს: წარსულში, აწმყოსა და მომავალში. პირველ რიგში, ჰენესს არაჩვეულებრივი ტრადიციები აქვს, რომელზეც 1765 წლიდან დაფუძნდა მთელი შემდგომი კულტურა — რა თქმა უნდა, ამას სათანადოდ ვაფასებთ, ვინარჩუნებთ. აწმყო კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რა ხდება ახლა, რა აინტერესებს ახალ თაობას და როგორ დავამყაროთ კავშირი არსებულ აუდიტორიასთან. რაც შეეხება მომავალს, ის ორი მიზეზითაა მნიშვნელოვანი: ძველი ტრადიციები და კულტურა სათანადოდ უნდა შემოვინახოთ; ასევე, ინოვაციური მიდგომები შევიმუშაოთ, რათა მომავალშიც უზრუნველვყოთ ჩვენი აქტუალობა“, — აღნიშნავს ანნე დიალო.
აღსანიშნავია, რომ მომავალზე აქცენტირება საფუძვლიანად ზის ჰენესის კულტურაში — წლების წინ ბრენდის საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელმა, ჟულიენ პეპინ ლეჰალიემ ძალიან მარტივად და კრეატიულად ახსნა, რატომ იყურება ჰენესი ყოველთვის წინ. მისი თქმით, ის, რაც აქ იქმნება, აუცილებლად შემდეგი თაობისთვისაა განკუთვნილი. ის არც ხვალინდელ დღეს გულისხმობდა და არც უახლოეს 5 წელს, არამედ ნახევარი საუკუნის მიღმა იყურებოდა — სიმბოლურად, კონიაკიც ხომ მეტად ძვირფასი ხდება დროის სვლასთან ერთად?
Hennessy V.S., Privilége V.S.O.P., Hennessy X.O., Hennessy X.X.O., Hennessy Master Blender’s selection, Hennessy Paradis, Richard Hennessy, James Hennessy, — ეს იმ კონიაკების ჩამონათვალია, რომლებსაც ბრენდი აწარმოებს. თითოეული მათგანი სწორედ ტრადიციული ტექნოლოგიების შენარჩუნებით, ინოვაციური მიდგომების დახვეწისა და ხარისხის ერთგულებითაა გაჯერებული. ალბათ, სამართლიანი იქნება იმის ხაზგასმა, რომ მთელი ამ ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში ბრენდი არასდროს წასულა ხარისხთან კომპრომისზე — ნებისმიერ სიახლეს მის ირგვლივ სთავაზობს მომხმარებლებს.
მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და მუდმივი აქტუალურობის შენარჩუნებაში ჰენესს ისიც უწყობს ხელს, რომ ბრენდი ყოველთვის სათანადო ყურადღებას უთმობს მიმდინარე ტენდენციებს. სწორედ ამაზე დაყრდნობით ვხედავთ ბაზარზე მის ლიმიტირებულ გამოშვებებს, რომლებიც ყოველ ჯერზე სხვადასხვა თემის ირგვლივ იქმნება. „ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ჰენესი უშუალოდ კულტურის ნაწილია და გვსურს, ეს კულტურა იმ პროდუქციაში დავნერგოთ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ვყიდით. თავის მხრივ, ჩვენი კულტურა ეყრდნობა არტისტებთან, დიზაინერებთან, მომღერლებთან და მოცეკვავეებთან კოლაბორაციას. ამგვარი კულტურის ფარგლებში, აქტიურად ვაწარმოებთ ლიმიტირებულ გამოშვებებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ხელშესახები კავშირი შევინარჩუნოთ მიმდინარე რეალობასთან, ტენდენციებთან“, — განმარტავს ანნე დიალო.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ბაზარზე პოზიციონირებას, აქ ბრენდს მე-19 საუკუნიდან იცნობენ და განსაკუთრებული სიყვარულითაც გამოარჩევენ. ვინაიდან ჰენესის და საქართველოს ძალიან ბევრი გადაკვეთა აქვთ, როგორც პროდუქციის გავრცელების, ისე მარკეტინგული კამპანიების თვალსაზრისით, ბრენდი კვლავ უცვლელად განაგრძობს ჩვენს ბაზარზე განვითარებას — ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად ჰენესი საქართველოს ბაზარზე ახალი ლიმიტირებული გამოშვებების წარდგენასთან დაკავშირებით, მასშტაბურ ღონისძიებებს მართავს.
2023 წლის, Hennessy-ისა და NBA-ის პარტნიორობის შედეგად შექმნილი, ახალი ლიმიტირებული გამოშვების შეძენა შესაძლებელია wolt-ზე Moët-Hennessy-ის მაღაზიაში.