4
Jun
2019

254 წლიანი ოდისეა და არავითარი კომპრომისი ხარისხთან – კონიაკის #1 ბრენდი Hennessy

4 Jun 2019

“თითოეული წვეთი ოდისეაა” – რიდლი სკოტის ეს ფრაზა “ჰენესის” ბრენდის კამპანიას გასდევს ლეიტმოტივად. გენიალური რეჟისორი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში უარს ამბობდა სარეკლამო ვიდეორგოლების შექმნაზე, “ჰენესის” კამპანიაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ოთხ წუთში, რიდლი სკოტმა ჩაატია უზარმაზარი თავგადასავალი და საუკუნოვანი ისტორია, რასაც Hennessy XO-ს თითოეული წვეთი ინახავს. 

Hennessy – ბრენდი, რომელიც ყოველწლიურად 50 მლნ ბოთლ კონიაკს ყიდის მთელ მსოფლიოში, დასაბამს მე-18 საუკუნიდან იღებს. იმ დროიდან, როდესაც 254 წლის წინ, 1765 წელს, საფრანგეთის პატარა ქალაქ კონიაკში, არისტოკრატული წარმოშობის ირლანდიელი ოფიცერი, 32 წლის რიჩარდ ჰენესი დასახლდა. უკვე მერვე თაობაა, რაც ბრენდს ჰენესისა და ფილიუს ოჯახები ქმნიან. ბიზნესის მიმართულება ჰენესის გვარს აბარია, კონიაკის შექმნა კი – ფილიუს. დაარსებიდან უკვე სამი ათეული წლის შემდეგ, “ჰენესის” ბრენდის კონიაკს იცნობდნენ როგორც ევროპის, ისე ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის კონტინენტებზე. საქართველოში “ჰენესი” მე-19 საუკუნიდან შემოვიდა.

ეს დიდი გამოწვევა იყო. წარმოიდგინეთ, მაგალითად, რა დრო მიჰქონდა მიმოწერას, სანამ წერილი ჩავიდოდა 3 თვეში, შემდეგ პასუხს გამოგზავნიდნენ… მაშინ კონიაკს კასრებით გზავნიდნენ, შუშის ბოთლი მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა. ჰენესი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კონიაკი ბოთლში ჩამოასხა. ამ ყველაფერს დიდი გამბედაობა სჭირდებოდა, უნდა გეპოვნა საჭირო ადამიანები, ვისაც ექსპორტს მიანდობდი. 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, ჰენესი უკვე #1 კონიაკის ბრენდი იყო მსოფლიოში. მან ძალიან სწრაფად ჩამოიტოვა უკან კონკურენტები და დღესაც ინარჩუნებს პირველობას. “ჰენესის” ბაზრის 50% უკავია, რაც უზარმაზარი მაჩვენებელია,” – გვიამბო “ჰენესის” გლობალური საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელმა, ჟულიენ პეპინ ლეჰალიემ.

“ჰენესისთან” თანამშრომლობა ჟულიენ პეპინ ლეჰალიემ 22 წლის წინ დაიწყო, როდესაც კომპანიაში პირველად მოხვდა სტაჟირებაზე. ამას მოყვა პირველი სამსახური Moet & Chandon-ში. შემდეგ იყო Krug Champagne, Dom Perignon. წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ ბაზრებზე, აშშ-სა და აზიაში, ებარა საგანმანათლებლო მიმართულებები. ძალები მოდაშიც მოსინჯა და რამდენიმე წელს Dior-ის სახლისთვის მუშაობდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც “ჰენესის” დაუბრუნდა, სადაც Duty Free განყოფილება ჩაიბარა. დღეს, მსოფლიო ბაზარზე “ჰენესის” საგანმანათლებლო მიმართულებას ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ, ჟულიენ პეპინ ლეჰალიე თბილისს ეწვია და გვიამბო, როგორ იქმნება მსოფლიოს #1 კონიაკის ბრენდი “ჰენესი”:

“ის, რაც იქმნება ჩვენთან, იქმნება შემდეგი თაობისთვის, რომლებიც ამ სასმელს 20, 30 და ზოგჯერ, 50 წლის შემდეგ დალევენ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის ვიყურებოდეთ მომავალში. ჩვენ რაიმეს ხვალისთვის არ ვქმნით, არამედ გაცილებით უფრო დიდი დროზე ვართ გათვლილი. კონიაკი ხომ დროსთან ერთად უფრო ძვირფასი ხდება. ზოგჯერ არის, რომ ჩვენი კონიაკი ძალიან ხანგრძლივი დავარგებისაა და შესაბამისად, საკმაოდ ძვირადღირებულიც. “ჰენესის” წარმატების საიდუმლო ისაა, რომ ბრენდმა თავიდანვე გადაწყვიტა, არასოდეს წასულიყო კომპრომისზე ხარისხთან და ყოველთვის ეცქირა ჰორიზონტს მიღმა, დროისა და ახალი ბაზრების ათვისების თვალსაზრისით.”

M: ჟულიენ, “ჰენესის” კონიაკის დამზადების სპეციფიკაზე გვიამბეთ…

კონიაკის არომატი მიიღება სხვადასხვა კასრში დავარგებული კონიაკის სპირტისგან. ყველაზე ახალგაზრდა კონიაკი, მინიმუმ, 2 წლის განმავლობაში მაინც უნდა იყოს კასრში. აქ საინტერესო ისიცაა, რომ შეგიძლია კონიაკის სპირტი ჩაასხა ახალ კასრში, თუ გინდა, რომ უფრო მეტი არომატი აიღოს ან მოათავსო ძველში, რომ შედარებით მცირე, თუმცა სპეციფიკური გემო მიიღოს და ნაკლები გავლენა ჰქონდეს ძირითად არომატზე.

აღსანიშნავია, რომ კონიაკი ჰქვია მხოლოდ იმ სასმელს, რომელიც მოდის საფრანგეთის რეგიონ კონიაკიდან. კონიაკის დამზადების პრინციპი მკაცრადაა რეგულირებული.

კონიაკში, ჩვენ გვაქვს 78,000ჰა ვენახი, საიდანაც მზადდება თეთრი ღვინო – მაღალმჟავიანი და დაბალგრადუსიანი. შემდეგ ამ ღვინოს 2-ჯერ ვხდით სპეციფიკურ სახდელში, სახელწოდებით Charentais Alambic, რომელიც დანიელებმა მე-15 საუკუნეში გამოიგონეს, შემდეგ კი კონიაკის სპეციალისტებმა დახვეწეს. გამოხდის შედეგად, 9 ლიტრი ღვინისგან მიიღება 1 ლიტრი კონიაკის სპირტი, რომელსაც Eau De Vie-ს ანუ “სიცოცხლის წყალს” ეძახიან. ესაა გამჭვირვალე სითხე, ალკოჰოლის 72%-იანი შემცველობით, ორნახადი ღვინისგან, რომელიც მხოლოდ კონიაკში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება. გამოხდასაც თავისი პერიოდი აქვს – მხოლოდ ნოემბრის დასაწყისიდან, მარტის ბოლომდე – სხვა დროს, გამოხდა იკრძალება.

ყოველივე ეს არომატის რეგულირების საშუალებას იძლევა. არომატზე ზემოქმედებას ისიც კი ახდენს, თუ საიდანაა წარმოშობით კონიაკის სპირტი – კონიაკის, მაგალითად, ჩრდილოეთ მხრიდან, სამხრეთიდან თუ ცენტრიდან. მოგეხსენებათ, რეგიონი 78 000 ჰექტარზეა გაშენებული და შამპანზე 2-ჯერ დიდია. ამდენად, წარმოშობას (terroir) დიდი მნიშვნელობა აქვს – რამდენად ხვდება მზის შუქი? როგორია მოსავალი? ნიადაგი?

კონიაკი აერთიანებს ბევრნაირი წარმომავლობის კონიაკის სპირტს. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, ყველანაირი ზეგავლენის მიუხედავად, მივიღოთ ზუსტად ერთი და იგივე არომატი, კონიაკის ერთი და იმავე სახეობისთვის.

M: როგორ უზრუნველყოფს ბრენდი საუკუნეების განმავლობაში ერთი და იმავე არომატის მიღებას?

ჩვენ გვყავს სადეგუსტაციო კომიტეტი, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. მას ხელმძღვანელობს შეზავების ოსტატი ფილიუს ოჯახიდან. კომიტეტი იკრიბება ყოველ დილას, 11 საათზე, როდესაც გემოს აღქმა ყველაზე მკაფიოდ შეუძლია ორგანიზმს. შეკრებაზე, წევრები სინჯავენ კონიაკის 60 სხვადასხვა სპირტს. ამგვარად, წლის განმავლობაში, კომიტეტი აგემოვნებს 10 000 სხვადასხვა ნიმუშს. ამ სპირტებს ისინი არჩევენ გემოვანი მახასიათებლებით, რომელია ხარისხიანი, აქვს პოტენციალი, როგორ კასრში ღირს მისი დავარგება – ახალში, რათა უფრო მეტი ტანინი წამოიღოს, თუ უფრო ელეგანტური გემოს მატარებელია და ძველ კასრში აჯობებს მისი მოთავსება… მათ შეუძლიათ განსაზღვრონ, მაგალითად, აქვს თუ არა კონიაკის სპირტს  50-100 წლამდე დაძველების პოტენციალი. ეს ჯადოქრობაა. შეზავების ოსტატი კომპოზიტორივითაა, რომელიც არჩევს ორკესტრს, მის ტონალობას, ინტენსივობას და ა.შ. ეს პროცესი ყველა კონიაკისთვის ერთია. კომიტეტი “ჰენესიში” უკვე 100 წელზე მეტია, რაც არსებობს.

იმისათვის, რომ სადეგუსტაციო კომიტეტში მოხვდეს ადამიანი, მან 10 წელიწადს უნდა ისწავლოს. თუმცა, კომიტეტში მოხვედრიდან მხოლოდ მომდევნო 10 წლიანი გამოცდილების შემდეგ ხდება სრულუფლებიანი წევრი. კომიტეტში აქამდე სულ მამაკაცები იყვნენ, პირველი ქალი ჯგუფს 2017 წელს შემოუერთდა. კვლევებით დასტურდება, რომ ქალს სურნელის უკეთესი აღქმა აქვს და კომიტეტის წევრებიც მიიჩნევენ, რომ გუნდის საქმიანობაში ქალი განსხვავებულ აზრს და საინტერესო სიახლეებს შემოიტანს.

კომიტეტი “ჰენესის” მეხსიერებაა. ისინი იცნობენ ყველა არომატს და ქმნიან ისტორიას.

“ჰენესის” კონიაკის სპირტის (Eau De Vie) ყველაზე დიდი მარაგი აქვს მსოფლიოში. 425 000 კასრი გვაქვს. ამ ყველაფრიდან კი გვაქვს კონიაკის 10 000 სახეობის სპირტი, სხვადასხვა მოსავლიდან. გემოების ასეთი არჩევანი საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ ყველა არომატი VS, VSOP, XO თუ სხვა სახეობის კონიაკისთვის. ესაა არომატის ბიბლიოთეკა, რომელიც ყოველწლიურად ახლდება. ეს მთელი მეცნიერებაა და ამავდროულად, დიდი ხელოვნება. სწორედ ამიტომაა კონიაკი ერთი დიდი თავგადასავალი. ყოველ ჯერზე აღმოაჩენ და სწავლობ რაღაც ახალს.

M: მიუხედავად ბრენდის გლობალურობისა, შეიძლება განისაზღვროს სეგმენტი, ვისთვისაც ყველაზე სასურველი და საინტერესოა ჰენესის კონიაკი?

თითქოს ადვილი კითხვაა, თუმცა მაინც მოითხოვს ჩაღრმავებას. ერთი მხრივ, მისი მომხმარებელი ზრდასრული ასაკის ყველა კატეგორიაა. თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვა სეგმენტი ეტანება. ევროპელები მხოლოდ სუფთა სახით სვამენ კონიაკს. ამერიკაში, რომელიც კონიაკის ყველაზე დიდ ბაზრად მიიჩნევა, ამ სასმელს სვამენ ბარებში, ღამის კლუბებში, ხშირად, კოქტეილის სახით ან ყინულით. აზიაში კონიაკს ყოველგვარი მინარევის გარეშე სვამენ, სადილზე. აფრიკაში კონიაკს ყინულს ან სხვა მინარევებს ურევენ და ის უფრო ჰიპ-ჰოპთან და სტრიტ არტთან ასოცირდება. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს სწორი პასუხი, ვინ და როგორ უნდა დალიოს კონიაკი. “ჰენესი” არის #1 პრემიუმ კლასის ალკოჰოლური ბრენდი მთელ მსოფლიოში. და ის საკმაოდ მრავალმხრივია – ახალგაზრდა კონიაკი განკუთვნილია უფრო მეტად კოქტეილებისთვის, რადგან მას კონიაკის სრული პოტენციალი არ გამოუვლენია, რომ შერევის გარეშე დაილიოს. მეორე მხრივ, მომწიფებული კონიაკი, მაგალითად, Hennessy Paradis ან Hennessy Paradis Imperial ისეთი დახვეწილია, მისი სხვა სასმელთან შერევა არც კი გინდა. დალევისას მისი ნოტები რბილად გეხება და ეს განწყობა დიდხანს მიგყვება.

M: საქართველოში, ვფიქრობ, ყველაზე პოპულარული “ჰენესია” XO. რითაა ის ასეთი გამორჩეული?

რატომ უყვართ XO? იმიტომ, რომ ის ირაციონალურია. როდესაც ადამიანი სვამს XO-ს, ის გრძნობს კავშირს ბრენდის ისტორიასთან, მემკვიდრეობასთან, ინოვაციასთან, ფილოსოფიასთან და ამ სასმელში ის საკუთარ თავს პოულობს. ადამიანები ამ სასმელს საკუთარ თავთან აიგივებენ. ბრენდთან, რომლის შენებასაც ასწლეულები დასჭირდა.

მისი წარმოშობის ამბავი კი ასეთია. 1870 წელს, ჰენესის მესამე თაობამ მოიხმო ფილიუს მესამე თაობა, რათა კონიაკის სპირტის ყველაზე ძველი სახეობებისგან შეექმნათ განსაკუთრებული კონიაკი, მხოლოდ ოჯახისა და მისი მეგობრებისთვის. ქალაქ კონიაკს უამრავი ადამიანი სტუმრობდა და ყველაზე ძველ კონიაკს ითხოვდა. სულ რაღაც, ორი წლის შემდეგ, ეს სასმელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჰენესიმ ის ბაზარზე გამოიტანა. ასე გაიცნო მსოფლიომ XO ანუ Extra Old (განსაკუთრებულად ძველი) კონიაკი. თავად ეს აღნიშვნაც, XO, რომელსაც დღეს სხვა ბრენდებიც იყენებენ, 1870  წელს გამოიგონა მორის ჰენესიმ. იმის აღსანიშნავად, რომ ეს ტერმინი “ჰენესის” ეკუთვნის, XO-ს ბოთლს აწერია “The Original”. თუ დაკვირვებიხართ ბოთლის ორიგინალურ დიზაინს, ის 1947 წელს შეიქმნა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყურძნის მტევნით შთაგონებული ამ დიზაინით XO-ს განსაკუთრებულობისთვის სურდათ გაესვათ ხაზი, სხვა კონიაკებთან შედარებით. იქამდე ყველა კონიაკი კლასიკურ ბოთლში ისხმებოდა. XO, რასაც დღეს ვსვამთ არის სწორედ ის XO, რომელიც 1870 წელს შექმნა “ჰენესიმ” და თაობიდან თაობას გადმოეცა, ხოლო ის უზარმაზარი არომატების ბიბლიოთეკა, რაც “ჰენესის” აქვს, უზრუნველყოფს ზუსტად იმ გემოს მიღებას, რაც შეიქმნა ასწლეულების წინ.

M: წლევანდელი წლისთვის რიდლი სკოტმა Hennessy XO-სთვის ვიდეორგოლი შექმნა. თქვენს თანამშრომლობაზე გვიამბეთ…

რეკლამა სასმელების სფეროში, დიდი ხნის განმავლობაში, საკმაოდ მოსაწყენი იყო. თუმცა, ეს ტენდენცია აშკარად იცვლება და იხვეწება. გვსურდა რეკლამა შეექმნა ისეთ რეჟისორს, რომელიც სასმელის განზომილებას გაცდებოდა. ამჯერად კი, რიდლი სკოტთან ვითანამშრომლეთ, რომელსაც რეკლამაზე 1989 წლის შემდეგ არ ჰქონდა ნამუშევარი. თუმცა, როდესაც ჩვენს ვიდეორგოლზე შევთავაზეთ მუშაობა, დაგვთანხმდა – მისი აზრით ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ რეკლამა. ნამუშევარში რიდლი სკოტმა წარმოადგინა შვიდი საოცარი სამყარო. შვიდი სამყაროს იდეა ეხმაურება ჰენესი XO-ს შვიდ ძირითად არომატულ თუ გემოვნურ მახასიათებელს (ნოტს), რომელიც შეგიძლიათ სასმელში ამოიცნოთ. ესაა გამაოგნებელი თავგადასავალი იმაზე, თუ რამდენად ცდება XO ალკოჰოლის საზღვრებს. ეს არაა უბრალოდ სასმელი. ვიდეორგოლზე მუშაობა რიდლი სკოტმა გასულ წელს დაიწყო და წლევანდელ ოსკარის ცერემონიაზე წარადგინა. რეკლამას 2 თვეში 100 მლნ-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

[R]

განხილვა