„მე ეს მინდა, შესაბამისად, მე ეს მექნება“ – ჰენრი ფორდის ცხოვრების კრედო მომავალი წარმატების უშუალო თანმდევი გახდა. მისი განვლილი გზა ნამდვილად გამოდგება იმის მაგალითად, თუ როგორი უნდა იყოს ერთდროულად მეოცნებე და მიზანდასახული ადამიანი. ინდივიდუალიზმით გამორჩეული ამერიკელი ბიზნესმენის ისტორია არ ძველდება. ადამიანებისთვის, ვისაც პატარა თუ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მისი წარმატების გზა ძლიერი მოტივატორია.
ჰენრი ფორდმა ადრეული ასაკიდან, 12 წლიდან დაიწყო ექსპერიმენტები საკუთარი ხელით მოწყობილ პატარა სახელოსნოში და მთელ თავისუფალ დროს აქ ატარებდა. პირველად 1878 წელს დეტროიტში, მემანქანის დამხმარედ დაიწყო მუშაობა, თუმცა უფროსთან უთანხმოების გამო სამსახური 6 დღეში მიატოვა. კონფლიქტის მიზეზი ჰენრის მიერ ნახევარ საათში შეკეთებული მანქანები გახდა, მაშინ, როცა მის რესტავრირებას სხვები გაცილებით დიდ დროს ანდომებდნენ.

1891 წელს ჰენრი ფორდმა მუშაობა დაიწყო თომას ედისონის კომპანიაში (Edison Illuminating Company), ინჟინრად. საკუთარი ნიჭისა და შრომის წყალობით, მალე მთავარი ინჟინერი გახდა. კომპანიაში მუშაობის მიუხედავად, მას ბევრი თავისუფალი დრო რჩებოდა და შიდა წვის ძრავის შექმნაზე მუშაობდა. საბოლოოდ, ძრავა საკუთარ სამზარეულოში ააწყო და ველოსიპედის 4-ბორბლიან რამას დაადგა – ასე შეიქმნა პირველი კვადროციკლი და ჰენრი ფორდის პირველი ავტომობილი.
1899 წელს ედისონის კომპანიიდან წამოვიდა და Detroit Automobile Company დააარსა, რომელიც ერთ წელში გაკოტრდა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე სწრაფმავალი ავტომობილის შესაქმნელად, რომლებმაც იმდროინდელ ავტოშეჯიბრებებში რეკორდი მოხსნეს.

ფორდი ოცნებობდა, მთელი სამყარო ბორბლიან ტრანსპორტზე გადასულიყო. ეს ოცნება 1903 წელს, FORD Motor Company-ს შექმნით ახდა. მისი მიზანი იყო, იმ მანქანების მასობრივი წარმოება განვითარებულიყო, რომლებსაც ექნებოდათ მარტივი დიზაინი და ისეთი ღირებულება, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო საზოგადოების ფართო ფენებისთვის.
კომპანიის დამფუძნებლები მიჩიგანელი ბიზნესმენები იყვნენ, ჰენრი მხოლოდ აქტივების 25.5%-ს ფლობდა. მოგვიანებით, შვილთან ერთად კომპანიონებისგან დანარჩენი აქტივებიც გამოისყიდა.
ფორდი კომპანიის ვიცეპრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი იყო. დეტროიტში გახსნილ კომპანიაში, სხვა ფირმების დაკვეთით, მანქანებს 2-3-კაციანი ბრიგადები აწყობდნენ. მუშახელის სიმცირის გამო, ჰენრის უჭირდა „ხელით აწყობილი“ პროდუქციის ფასის დაწევა. მასობრივი წარმოების განვითარებისთვის, ფორდმა ახალი სქემა შეიმუშავა, რომლითაც ავტომობილის საამწყობო ხაზები ერთმანეთთან ძლიერი ჯაჭვებით დააკავშირა. ამან მანქანის აწყობის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაჰყო. ახალი მეთოდის დამსახურებით, წარმოება უფრო სრულყოფილი გახდა. დეტალების სტანდარტიზების შემდეგ შესაძლებელი გახდა, ავტომობილების აწყობაზე დაბალკვალიფიციურ მექანიკოსებს ემუშავათ, რითიც შემცირდა დანახარჯები და გაიაფდა პროდუქტი.

ჰენრი ფორდი, თავისი შეხედულებით, დემოკრატი იყო. მისთვის არ არსებობდა შეზღუდული შესაძლებლობები, ამიტომ, ქარხანაში ასაქმებდა ყველას, ვინც საქმე იცოდა. მან საბოლოოდ გააერთიანა სხვადასხვა საწარმოში არსებული საამწყობო ეტაპები და ყველა ხაზი შეუჩერებელ კონვეიერად აქცია. შედეგად, ჩიკაგოს ძეხვის ქარხანაში ნანახი კონვეიერი მალე მის ქარხანაშიც გაჩნდა.
ლეგენდარული Model T
1908 წელს ფორდის კომპანიამ გამოუშვა პირველი ავტომობილი – Model T, რომლიც ფასიც – $825 იყო, რაც დღეს $18000-ია. 22 ცხენის ძალიანი და ოთხცილინდრიანი მოდელი სწრაფადვე გახდა პოპულარული. 1908 წლიდან 1927 წლამდე (როცა ეს მანქანა იყიდებოდა), კომპანიამ 15 მილიონი Model T გამოუშვა. გაყიდვების რაოდენობით მანქანა რეკორდსმენი იყო. რეკლამებში გამუდმებით ამბობდნენ, რომ არცერთი $2000-ზე ნაკლები ფასის მანქანა არ სთავაზობდა მყიდველს იმაზე მეტს, ვიდრე Model T. დროთა განმავლობაში მოდელის ფასი სულ უფრო ეცემოდა. საბოლოოდ კი, 1927 წელს კომპანიამ ამ მოდელის წარმოება შეწყვიტა – ამერიკელებს უფრო თანამედროვე, ძვირფასი და სწრაფი მანქანა ესაჭიროებოდათ.
Model A
ახალმა მოდელმაც არ დააყოვნა – ფორდმა 1928 წელს Model A გამოუშვა, რომელიც წინა მანქანაზე ბევრად უფრო დახვეწილი იყო. მსგავსად მოდელებისა, ემბლემებიც იცვლებოდა. დღესდღეობით, FORD-ის მარკის 8 ვარიანტი არსებობს.
მართალია, ამერიკაში 1920-იანი წლების ბოლოს „დიდი დეპრესიის“ ხანა დაიწყო, მაგრამ ეს კომპანიის მუშაობაზე არ ასახულა – 1928 წლიდან 1932 წლამდე ფორდის 4.3 მილიონი მოდელი გაიყიდა. ამ პერიოდში ჰენრიმ მუშახელს სამუშაო განაკვეთი 8 საათამდე შეუმცირა, ხოლო ხელფასი დღიურად 5 დოლარამდე გაუზარდა, რაც დღეს 110 დოლარს უდრის. ასეთი დამოკიდებულების გამო, საკუთარი თანამშრომლების კეთილგანწყობას არასოდეს კარგავდა.
„ხარისხი ნიშნავს რაიმეს სწორად კეთებას, მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს“ – ფორდი ამ მიდგომით ხელმძღვანელობდა და მართლაც, მისი არცერთი მანქანა არ ფუჭდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და თუ ფუჭდებოდა, მომსახურება უფასო იყო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფორდმა კომპანია საკუთარ შვილს, ედსენს გადააბარა, რომელიც 1943 წელს დაიღუპა და ჰენრის კომპანიის სათავეში დაბრუნება მოუწია. 2 წლის შემდეგ მან ბიზნესი შვილიშვილ ჰენრი ფორდ II-ს გადაულოცა. თავად ჰენრი ფორდი 1947 წელს ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.

ბრენდის საკულტო ავტომობილები
ჰენრის სიკვდილის შემდეგ მისი „ამერიკული ოცნება” მისივე დაფუძნებულმა კომპანიამ გააგრძელა. 1950-1960-იან წლებში გამოჩნდა FORD-ის 2 საკულტო ავტომობილი: Thunderbird და Mustang. იმავე პერიოდში გამოვიდა პირველი თაობის FORD Transit. მათ შორის, Mustang ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მანქანად იქცა და მისი 6 თაობა გამოვიდა. მან ახალ საავტომობილო ხაზს ჩაუყარა საფუძველი და სპორტული, მოქნილი მანქანების სიაში ერთგვარ კლასიკად ჩამოყალიბდა.
კიდევ ერთი გამორჩეული მოდელია FORD Bronco, ბრენდის საკულტო SUV-ების სერია. პირველი ავტომობილი 1966 წელს გამოვიდა და 1996 წლამდე მისი 5 თაობა შეიქმნა. ბოლო, მე-6 თაობა კი შედარებით გვიანდელია, ბრენდმა ის 2021 წელს გამოუშვა, სახელწოდებით Bronco Sport compact crossover.
ახალი ერა
უკვე 2024 წელია, რაც იმას ნიშნავს, საავტომობილო ინდუსტრიამ კიდევ ერთი ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს. საუბარია ელექტრომობილებზე გადასვლაზე, რომელთა რიცხვსაც FORD-იც მიეკუთვნება.
უკვე ელექტრიფიცირებული მოდელებიდან, რა თქმა უნდა, ისევ „მუსტანგი” უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც დაფუძნებულია ტრადიციულ Mustang-ზე და შერწყმულია იმერსიულ ტექნოლოგიასთან. ეს არის კომპაქტური კროსოვერი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის დეკემბერში გამოვიდა. Mach-E შთაგონებულია პირველი თაობის Mustang-ის Mach 1 ვარიანტით. 2021 წელს მანქანამ მოიგო ჩრდილოეთ ამერიკის წლის SUV-ის ჯილდო და მას შემდეგ ახლდება. განახლებულებს შორისაა 2024 წლის FORD Mustang-იც, რომელიც პრემიუმკლასის კროსოვერად შეაფასეს და ერთ-ერთ გამორჩეულ ელექტრომობილად მიიჩნევენ წელს.

რუბრიკა ავტოისტორიას წარმოგიდგენთ GT Motors.