10
Sep
2018

„მანქანა ყველასთვის“ – ჰენრი ფორდის ამერიკული ოცნება

10 Sep 2018

„მე ეს მინდა, შესაბამისად, მე ეს მექნება“ – ჰენრი ფორდის ცხოვრების კრედო მომავალი წარმატების უშუალო თანმდევი გახდა. მისი განვლილი გზა ნამდვილად გამოდგება იმის მაგალითად, თუ როგორი უნდა იყოს ერთდროულად მეოცნებე და მიზანდასახული ადამიანი. ინდივიდუალიზმით გამორჩეული ამერიკელი ბიზნესმენის ისტორია არ ძველდება. ადამიანებისთვის, ვისაც პატარა თუ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მისი წარმატების გზა ძლიერი მოტივატორია.

ფერმერების ოჯახში დაბადებული „თანდაყოლილი მექანიკოსი“ (ასე უწოდებდა მას დედამისი) ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ტექნიკისადმი სიყვარულით. მის სიცოცხლეში სამ ისეთ მოვლენას გამოყოფენ, რომლებმაც დიდი და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა. პირველი – მასზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ცხენის გარეშე მავალმა სამგზავრო ეკიპაჟმა. ბავშვის გონებაში მკვეთრად აღბეჭდილი ეს მომენტი იქცა ფორდის გეგმის უდიდეს ინსპირაციად, შეექმნა ბევრად გაუმჯობესებული სამგზავრო ეტლი, რომელსაც ცხენი აღარ დასჭირდებოდა; მეორე – მის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა საათმა – ჰენრის საათი აჩუქეს, რომელიც დაშალა და სრული სიზუსტით ააწყო. წლების შემდეგ კი საათების საწარმოს შექმნაზე დაიწყო ფიქრი, თუმცა, რატომღაც, მოთხოვნად პროდუქციად ვერ აღიქვა და გადაიფიქრა. ერთი რამ ცხადია – ჰენრი ფორდი მექანიზმებში საკმაოდ კარგად ერკვეოდა და მისი შესაძლებლობები ამ მხრივ უსაზღვრო იყო; და მესამე – 1876 წელს ამერიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოფენილმა მანქანებმა მას თვალნათლივ დაანახა, რა უნდა ეკეთებინა მომავალში.

Ford Motor Company-ის საწარმო, კომპანიის არქივი.

ჰენრი ფორდმა ადრეული ასაკიდან, 12 წლიდან დაიწყო ექსპერიმენტები საკუთარი ხელით მოწყობილ პატარა სახელოსნოში და მთელ თავისუფალ დროს აქ ატარებდა. პირველად, 1878 წელს, დეტროიტში, მემანქანის დამხმარედ დაიწყო მუშაობა, თუმცა, უფროსთან უთანხმოების გამო, სამსახური 6 დღეში მიატოვა. კონფლიქტის მიზეზი ჰენრის მიერ ნახევარ საათში შეკეთებული მანქანები გახდა, მაშინ, როცა მის რესტავრირებას, სხვები გაცილებით დიდ დროს ანდომებდნენ.

1891 წელს ჰენრი ფორდმა მუშაობა დაიწყო თომას ედისონის კომპანიაში (Edison Illuminating Company), ინჟინრად. საკუთარი ნიჭისა და შრომის წყალობით, მალე,  მთავარი ინჟინერი გახდა. ჰენრისთვის ედისონი სამაგალითო პიროვნება და მთავარი მოტივატორი იყო. კომპანიაში მუშაობის მიუხედავად, მას ბევრი თავისუფალი დრო რჩებოდა და შიდა წვის ძრავის შექმნაზე მუშაობდა. საბოლოოდ, ძრავა საკუთარ სამზარეულოში ააწყო და ველოსიპედის 4 ბორბლიან რამას დაადგა – ასე შეიქმნა პირველი კვადროციკლი და ჰენრი ფორდის პირველი ავტომობილი.

1899 წელს ედისონის კომპანიიდან წამოვიდა და  Detroit Automobile Company დააარსა, რომელიც ერთ წელში გაკოტრდა, თუმცა, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე სწრაფმავალი ავტომობილის შესაქმნელად, რომლებმაც იმდროინდელ ავტო შეჯიბრებებში რეკორდი მოხსნეს.

Model T. ფოტო გადაღებულია 1920 წელს.

ფორდის ოცნებას, „ბორბლებზე დაესვა მთელი სამყარო“ , ხორცი 1903 წელს Ford Motor Company-ს შექმნით შეესხა. მისი მიზანი იყო, იმ მანქანების მასიური წარმოება განვითარებულიყო, რომლებსაც ექნებოდათ მარტივი დიზაინი და ისეთი ღირებულება, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო საზოგადოების ფართო ფენებისთვის.

კომპანიის დამფუძნებლები მიჩიგანელი ბიზნესმენები იყვნენ, ჰენრი მხოლოდ აქტივების 25.5%-ს ფლობდა. მოგვიანებით, შვილთან ერთად, კომპანიონებისგან დანარჩენი აქტივებიც გამოისყიდა.

ფორდი კომპანიის ვიცე პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი იყო. დეტროიტში გახსნილ კომპანიაში, სხვა ფირმების დაკვეთით, მანქანებს 2-3 კაციანი ბრიგადები აწყობდნენ. მუშახელის სიმცირის გამო, ჰენრის უჭირდა „ხელით აწყობილი“ პროდუქციის ფასის დაწევა. მასიური წარმოების განვითარებისთვის, ფორდმა ახალი სქემა შეიმუშავა, რომლითაც ავტომობილის საამწყობო ხაზები ერთმანეთთან ძლიერი ჯაჭვებით დააკავშირა. ამან მანქანის აწყობის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაჰყო. ახალი მეთოდის დამსახურებით, წარმოება უფრო სრულყოფილი გახდა. დეტალების სტანდარტიზების შემდეგ კი, შესაძლებელი იყო, ავტომობილების აწყობაზე დაბალკვალიფიციურ მექანიკოსებს ემუშავათ, რითიც შემცირდა დანახარჯები და გაიაფდა პროდუქტი.

Model A , 1929 წლის მოდელი

ჰენრი ფორდი, თავისი შეხედულებით, დემოკრატი იყო. მისთვის არ არსებობდა შეზღუდული შესაძლებლობები, ამიტომ, ქარხანაში ასაქმებდა ყველას, ვინც საქმე იცოდა. მან საბოლოოდ გააერთიანა სხვადასხვა საწარმოში არსებული საამწყობო ეტაპები და ერთ ყველა ხაზი შეუჩერებელ კონვეიერად აქცია. შედეგად, ჩიკაგოს ძეხვის ქარხანაში ნანახი კონვეიერი მალე მის ქარხანაშიც გაჩნდა.

1908 წელს ფორდის კომპანიამ გამოუშვა პირველი ავტომობილი – Model T, ძალიან ძლიერი და საიმედო. ფასი – $825, რაც დღეს $18000-ია. 22 ცხენის ძალიანი და ოთხცილინდრიანი მოდელი სწრაფადვე გახდა პოპულარული. 1908 წლიდან 1927 წლამდე, (როცა ეს მანქანა იყიდებოდა), კომპანიამ  15 მილიონი Model T გამოუშვა. გაყიდვების რაოდენობით მანქანა რეკორდსმენი იყო მანამ, სანამ 1927 წელს ვოლკსვაგენის „ხოჭომ“ არ გადაუსწრო. რეკლამებში გამუდმებით ამბობდნენ, რომ არც ერთი $2000-ზე ნაკლები ფასის მანქანა არ სთავაზობდა მყიდველს მეტს. დროთა განმავლობაში, მოდელის ფასი სულ უფრო ეცემოდა საბოლოოდ კი, 1927 წელს კომპანიამ ამ მოდელის წარმოება შეწყვიტა – ამერიკელებს უფრო თანამედროვე, ძვირფასი და სწრაფი მანქანა ესაჭიროებოდათ.

ახალმა მოდელმაც არ დააყოვნა – ფორდმა 1928 წელს Model A გამოუშვა, რომელიც წინა მანქანაზე ბევრად უფრო დახვეწილი იყო. მსგავსად მოდელებისა, ემბლემებიც იცვლებოდა. დღესდღეობით, „ფორდის“ მარკის 8 ვარიანტი არსებობს.

მართალია, ამერიკაში, 1920-იანი წლების ბოლოს, „დიდი დეპრესიის“ ხანა დაიწყო, მაგრამ ეს კომპანიის მუშაობაზე არ ასახულა – 1928 წლიდან 1932 წლამდე ფორდის 4.3 მილიონი მოდელი გაიყიდა. ამ პერიოდში ჰენრიმ მუშახელს სამუშაო განაკვეთი 8 საათამდე შეუმცირა, ხოლო ხელფასი დღიურად 5 დოლარამდე გაუზარდა, რაც, დღეს, 110 დოლარს უდრის. ასეთი დამოკიდებულების გამო, საკუთარი თანამშრომლების კეთილგანწყობას არასოდეს კარგავდა.

„ხარისხი ნიშნავს რაიმეს სწორად კეთებას, მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს“ – ფორდი ამ მიდგომით ხელმძღვანელობდა და მართლაც, მისი არც ერთი მანქანა არ ფუჭდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და თუ ფუჭდებოდა, მომსახურება უფასო იყო.

საინტერესოა, რომ 1924 წლისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰენრი ფორდი კენჭს იყრიდა. მოწოდებით ინოვატორი ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ ინდუსტრიულ ერას ამერიკაში, დანარჩენი კანდიდატებისგან განსხვავებით, რადიკალურად სხვა საკითხებით იყო გატაცებული. მისი ყველაზე დიდი სურვილი იყო, დაეცვა და მიეხედა ამერიკის პატარა ქალაქებისთვის, ასევე აგროკულტურისთვის. ფერმერების ოჯახში დაბადებული ბიზნესმენი უდიდეს ყურადღებას აქცევდა ამ საქმეს და ცდილობდა, ქალაქში წასული გლეხები ყოფილ მიწა-წყალზე დაებრუნებინა. ფორდისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო საშუალო ფენის ადამიანები. ეს საქმით დაამტკიცა, დაბალფასიანი და ხარისხიანი მანქანების კომპანია შექმნა. გარდა ამისა, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, ცდილობდა, საშუალო ფენის წარმომადგენლები მექრთამე საზოგადოებისგან დაეცვა. მხარდამჭერები ამერიკელ ბიზნესმენს „დიდი საქმეების მასტერს“ უწოდებდნენ და ამით უკვე ნათელია, თუ რამდენად აფასებდნენ ფორდს, როგორც პოლიტიკოსს და ინოვატორს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფორდმა კომპანია საკუთარ შვილს, ედსენს გადააბარა, რომელიც 1943 წელს დაიღუპა და ჰენრის კომპანიის სათავეში დაბრუნება მოუწია. 2 წლის შემდეგ მან ბიზნესი შვილიშვილ ჰენრი ფორდ II-ს გადაულოცა.

ჰენრი ფორდი 1947 წელს, ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.

ჰენრი ფორდის დაკრძალვის პროცესია

შრომა და საქმის სიყვარული – ამ ორი „იარაღით“ ჰენრი ფორდმა ინდუსტრიული გადატრიალება მოახდინა. მან საკუთარი ცხოვრება და კომპანია იმ საათივით დეტალურად ააწყო, რომელიც ბავშვობაში უსახსოვრეს. ეს შემთხვევითი არ ყოფილა – მისთვის არ არსებობდა დიდი პრობლემები, არსებობდა ბევრი პატარა პრობლემა.

გადის წლები, ბევრი რამ იცვლება, თუმცა, წარმატების საიდუმლო იგივე რჩება. გიყვარდეს შენი საქმე, ნიშნავს, იყო დაუმარცხებელი, თუმცა, როგორც ფორდი ამბობს, „დამარცხება უბრალოდ შესაძლებლობაა, რომ უფრო ჭკვიანურად დაიწყო თავიდან.“

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა