in

პერფექციონიზმი – თვისება, რომელიც ჰენრი როისს წარმატების მიღწევაში დაეხმარა

სერ ჰენრი როისი იმ ავტომწარმოებლებს შორის იყო, ვინც ამ საქმის პიონერად მოევლინა მსოფლიოს. ჩარლზ სტიუარტ როლსთან ერთად მან დააარსა Rolls-Royce კომპანია, რომელსაც დღეს ვიცნობთ, როგორც სრულყოფილ ბრენდს, კარგი რეპუტაციითა და ძვირფასი მანქანებით. გარდა Rolls-Royce-სა, ეს კომპანია შეძლებულ სეგმენტზე გათვლილ Bentley-ისაც აწარმოებს. 

ჰენრი როისის ბიოგრაფია

ფრედერიკ ჰენრი როისი დაიბადა ალვალტონში ჯეიმს და მერი როისების ოჯახში. ოჯახს 5 შვილი ჰყავდა და ჰენრი მათგან უმცროსი იყო. როისები წისქვილს ფლობდნენ, სადაც ფქვილს აწარმოებდნენ. ეს წისქვილი იჯარით ჰქონდათ აღებული, თუმცა ბიზნესმა დიდხანს ვერ იცოცხლა და ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.

ჰენრი მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და მოუწია სამუშაოდ გასულიყო. ის გაზეთების გაყიდვითა და დეპეშების მიწოდებით ირჩენდა თავს. 1878 წელს რკინიგზის კომპანიას შეგირდად მიებარა, რაშიც მას დეიდა დაეხმარა, რადგან მუშაობის გამო ჰენრი სწავლას ვერ ახერხებდა. სამი წლის შემდეგ იგი ლონდონში დაბრუნდა და Electric Light and Power Company-ს შეუერთდა. მოგვიანებით ის ლივერპულში ქუჩისა და თეატრის განათებაზე მუშაობდა, როგორც მათი მთავარი ინჟინერი.

H Royce & Co.

1884 წელს სულ რაღაც 20 გირვანქა სტერლინგის დანაზოგით, იგი გაერთიანდა თავის მეგობართან, ერნესტ კლარემონტთან ერთად, რომელსაც 50 ფუნტი ჰქონდა მოგროვებული. მათ მანჩესტერში გახსნეს პატარა სახელოსნო, სახელწოდებით F. H Royce & Co. აქ ისინი საშინაო ელექტრო მოწყობილობებს ამზადებდნენ. 

Rolls Royce-ის დაბადება

როისი ავტომობილებით დაინტერესდა 1901 წელს და შეიძინა ორცილინდრიანი Decauville. ეს არ აკმაყოფილებდა მის მაღალ სტანდარტებს და ამიტომ მან ჯერ გააუმჯობესა ეს მოდელი, მერე კი გადაწყვიტა საკუთარი მანქანის წარმოება, რაც მან 1904 წელს რეალურ საქმედ აქცია. 

პირველად მათ ორი მანქანა აწარმოვეს. ერთი მანქანა ერნესტ კლარემონტს გადაეცა, მეორე კი იყიდა ჰენრი ედმუნდსმა, ჩარლზ როლსის მეგობარმა, რომელსაც მანქანების შოურუმი ჰქონდა ლონდონში და აქ იმპორტირებულ მოდელებს ყიდდა. 

როისი და როლსი ერთმანეთს შეხვდნენ და მათ შორის შედგა შეთანხმება – როლსი დათანხმდა როისის მიერ წარმოებული მანქანების შეძენას იმ პირობით, თუ მათ ექნებოდათ მინიმუმ ოთხი ცილინდრი და ეწოდებოდათ Rolls-Royce.

პირველი მანქანა

Rolls-Royce-ის პირველი მანქანა დამზადდა 1904 წლის დეკემბერში. 1906 წელს მათ უკვე ოფიციალურად დააარსეს ერთობლივი კომპანია, Rolls-Royce Ltd. Royce & Company რჩებოდა ბიზნესში, როგორც ცალკეული კომპანია, რომელიც ამწეებს აწარმოებდა 1932 წლამდე, სანამ ის სხვამ არ იყიდა. როისის ბოლო დიზაინის ამწე აშენდა 1964 წელს. მანქანების შეკვეთებმა სწრაფად გადააჭარბა ფირმის შესაძლებლობებს.

ჰენრი როისის რთული დიაგნოზი

ის ძალიან ბევრს მუშაობდა და ცნობილი იყო იმით, რომ არასდროს იკვებებოდა სათანადოდ. 1902 წელს იგი ავად გახდა, ხოლო მეორედ, უფრო მძიმედ 1911 წელს დაავადდა. მომდევნო წელს მას სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა მხოლოდ რამდენიმე თვე მისცეს სიცოცხლისთვის. 

პერფექციონიზმი

დასმული დიაგნოზის მიუხედავად, ჰენრი როისი მაინც გავიდა სამსახურში და იზრუნა იმაზე, რომ მისი გეგმა განხორციელებულიყო. კერძოდ, მან ქარხანა უფრო დიდ ფართობზე გადაიტანა, დერბიში. იგი ყოველთვის პირადად აკვირდებოდა წარმოებას და დაჟინებით მოითხოვდა ყველა ახალი დიზაინის შემოწმებას მანამ, სანამ ინჟინრები და მხატვრები გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ. 

მისი პერფექციონიზმი ოდნავ საშიშად ეჩვენებოდათ მის თანამშრომლებს, თუმცა ფაქტი ის იყო, რომ ეს მიდგომა ამართლებდა.

ახალი გატაცება

1914 წელს, მიუხედავად ავადმყოფობისა, მან ახალი გატაცებაც მოიფიქრა. ის თავად მუშაობდა დიზაინებზე, განსაკუთრებით კი, თვითმფრინავების ძრავებით იყო გატაცებული. პირველი ძრავები, რომლებიც მან აწარმოვა, პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანული სამხედროების საჭიროებების საპასუხოდ გამოიყენეს. იმ დროს როისი იყო ბრიტანეთის არმიის კონსულტანტი. მის მიერ აწყობილ ძრავებს მოკავშირეებიც იყენებდნენ. ამასთან, მისი Eagle ძრავა პირველ ტრანსატლანტიკურ ფრენას ახორციელებდა, პირველი ფრენა განხორციელდა ინგლისსა და ავსტრალიას შორის.

რეკორდი სიჩქარეში

Rolls Royce-ის ძრავებმა მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწიეს როგორც ხმელეთზე, ისე ჰაერში. 1931 წელს Rolls Royce-მა მონაწილეობა შნაიდერის ტროფის საერთაშორისო კონკურსში მიიღო და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 1923 წლის 22 თებერვალს ფლორიდაში, დეიტონა ბიჩზე, სერ მალკოლმ კემპბელმა დაამყარა მსოფლიო სიჩქარის რეკორდი ხმელეთზე მართვისას თავისი Rolls Royce-ით. 1935 წლის 2 მარტსა და 3 სექტემბერს კემპბელმა საკუთარი რეკორდი ისევ Rolls Royce-ის ავტომობილით გააუმჯობესა. იმის მიუხედავად, რომ ეს ბრენდი არ იყო ჩაფიქრებული, როგორც სპორტული მანქანა, მისი სისწრაფის დიაპაზონი იძლეოდა ასეთი შედეგების მიღწევის საშუალებას.

ჰენრი როისის მემკვიდრეობა

ჰენრი როისი 1933 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, წარმოდგენილია Rolls Royce მანქანის სახით, რომელიც ლიდერობს ხარისხითა და სტილით. ის, რომ ამ მანქანის ფლობა კვლავაც განიხილება, როგორც პირადი სტატუსის სიმბოლო, სწორედ ჰენრის დამსახურებაა. 1931 წელს კომპანიამ თავის საწარმოო ხაზს დაამატა Bentley, კიდევ ერთი ძვირადღირებული მანქანა. Rolls Royce-ის ინჟინერიის სტანდარტი იმდენად მაღალია, რომ ავტომობილებს, ასაკის მიუხედავად, მაინც არ ეკარგება ფასი.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

საკომუნიკაციო სააგენტო „მოზაიკას” შემოქმედებით გუნდს ნიკუშა (კუკუშა) მოწონელიძე უხელმძღვანელებს

დასაჩუქრდი Imagine Dragons-ის ბილეთებით Coinmania-სგან!