ქართული კომპანია“ჰერბია” ადგილობრივ და ევროპულ ბაზარს არაგენმოდიფიცირებულ ბოსტნეულ კულტურებს აწვდის. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ ჯანელიძე მარკეტერს წარმატებული ბიზნესის შესახებ ესაუბრა.
M: ბატონო ზურაბ, როგორ გაჩნდა კომპანია ჰერბიას შექმნის იდეა?
მოგეხსენებათ 2005-2006 წელს რუსეთმა ქართულ პროდუქტს ემბარგო დაადო. ამ დროს წყალტუბოს რაიონის პირველადი მეწარმეები 6-7 ათასი ტონის მოცულობის ბოსტნეულს ვაწარმოებდით, რომლის 70-80 პროცენტი რუსეთში გადიოდა. ემბარგომ ახალი,მიზნობრივი ბაზრის ძიების აუცილებლობა გააჩინა. მოვიძიეთ ბაზრები. მონაწილეობა მივიღეთ გამოფენებში გერმანიაში,პოლონეთში,აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენმა პროდუქციამ მოწონება დაიმსახურა. გაჩნდა დიდი მოთხოვნა, რადგან პროდუქცია მაღალი ხარისხით -კონკურენტუნარიანობით ხასიათდება. მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენი წარმოება გაგვეფართოებინა და ამასთან სხვა მეწარმეების ბოსტნეულის კონსოლიდაციაც მოგვეხდინა. ეს ყოველივე მოხდა 2006 წელს. თანამედროვედ შეფუთული მწვანილი ევროპაში გავიტანეთ, კვლავ ვაჩვენეთ ევროპელებს და შესაბამისად მაღალი შეფასება დავიმსახურეთ.
M: ბიზნესის გაფართოებისას რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ ?
ზუსტად იმ დროს, როცა ევროპაში გავდიოდით, გაჩნდა სერტიფიცირების აუცილებლობა. იმის გამო, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი იყო, ქართული პროდუქციის ევროპაში გატანა იზღუდებოდა. ჩვენ ყველაფრის გათვალისწინებით დავისახეთ მიზნად, რომ არ შეგვეწყვიტა სწრაფვა ამ მიმართულებით. 2008 წელში ავაშენეთ 3 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობა და სამი წლის მუშაობის შემდეგ დავნერგეთ სტანდარტი, რომელსაც ქვია “Global Gap”- (იშიფრება, როგორს სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკა. ავტ.)
სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი შეუზღუდავად გაგვეტანა ჩვენი პროდუქცია ევროპაში. მაგრამ, ამის შემდეგ გაჩნდა ახალი პრობლემა. მოთხოვნას მიწოდებით ვერ ვაბალანსებდით. ვერ ვაკმაყოფილებთ თუნდაც ერთი, რომელიმე ბაზრის (მაგალითად – ბერლინი) დასაქონლებას ,მათზე მიწოდებაში უწყვეტობას. მართალია, ჩვენ გვაქვს სერთიფიკატი, მაგრამ მიწოდების უწყვეტობას ვერ ვიცავთ, რადგან წარმოება არ არის ამდენად დიდი.
თუმცა, წელს მოვახერხეთ ბულგარეთში (სოფია) გაგვეტანა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი. ეს არ არის იოლი, მაგრამ არც მიუღწეველია, რომ ქართულმა ბოსტნეულმა ახალი ბაზრების დივერსიფიცირება მოახერხოს.
M: როდის და რატომ გადაწყვიტეთ ადგილობრივი ბაზარიც მოგეცვათ?
უკვე მეორე წელია მიმართულება გავაფართოვეთ. მანამდე მთლიანად საექსპორტო ბაზარზე ვიყავით ორიენტირებული. გადავწყვიტეთ , რომ ადგილობრივ ბაზარზეც გაგვეკეთებინა აქცენტები. ახლა თბილისის თითქმის ყველა სუპერმარკეტში იყიდება ჩვენი პროდუქცია. ქართველებსაც აქვთ გემოვნება და მოთხოვნილება მაღალი ხარისხის, ჯანსაღ პროდუქტზე. ადგილობრივი თუ ევროპული ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა გავფართოვდეთ, სხვა გზა არ გვაქვს.
M: მაღალი ხარისხის პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე რა ფასად აწვდით?
იოლი არ არის მომხმარებლისათვის ისეთი ფასებით პროდუქციის მიწოდება,რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელი , ამიტომ ორი წლის მანძილზე ფასი თითქმის არ შეგვიცვლია. ამავდროულად მუდმივად ვატარებთ კვლევებს და ვარკვევთ რა სურს ჩვენს მომხმარებელს, ბოლომდე მივყვებით მათ მოთხოვნილებებს. მათგან ძალიან საინტერესო გამოხმაურებებს ვიღებთ და შესაბამისად ვითვალისწინებთ. ვმუშაობთ პრინციპით-მომხმარებელი ყოველთვის მართალია.
M: კონკურენტები თუ გყავთ?
რა თქმა უნდა. ეს აუცილებელია. უკონკურენტოდ შეიძლება ჩაგეძინოს. ჩვენ ასეთი სისტემა შევქმენით – სრული საწარმოო ჯაჭვი. ეს გულისხმობს პრინციპს მინდვრიდან-მაგიდამდე, პროდუქციის მოყვანიდან მომხმარებლის მაგიდამდე მიტანას. კონკურენტები გვყავს. ალბათ, მომავალშიც გამოჩნდებიან. აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია.
M: რა არის თქვენი კომპანიის წარმატების მთავარი მიზეზი?
ჯერ კიდევ არ მივიჩნევთ, რომ წარმატებულები ვართ, ბევრი გვაქვს გასაკეთებლი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს საქმეში ისეთი ადამიანები არიან ჩართული, რომლებიც გულით და სულით აკეთებენ ძალიან საჭირო საქმეს. ოჯახურ გარემოში ვმუშაობთ. ჩვენი ხედვით სრული საწარმოო ჯაჭვის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გარეშე ძნელია საქართველოში ამ სფეროში წარმატებას მიაღწიო.
ავტორი: მანანა ნოდია