in

ჰერბოლოგია, მივიწყებული მეცნიერების კვალდაკვალ – როგორ გრძელდება მარიამ ირემაძის ინსპირაციული გზა

წლების განმავლობაში მარიამ ირემაძე ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობს. ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია – „განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციაციის” (Association for Development, Education and Social Involvement – ADESI) თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ორგანიზაციას 40-ზე მეტი საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტი აქვს განხორციელებული როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, HerbVenture-ი, რომელსაც ADESI ბოლო ორი წლის განმავლობაში პარტნიორ ევროპულ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებდა, ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დასრულდა. სწორედ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ მარიამთან საუბარი – არა მხოლოდ იმის გასაგებად, თუ როგორ დასრულდა HerbVenture-ი, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ მეტი მარიამის პროფესიულ გზაზე, განათლებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ის ახალგაზრდების პირადი და პროფესიული განვითარებისთვის ქმნის.

HerbVenture- სულ ახლახან დასრულდა. როგორ შეაჯამებ ამ პროექტს და რას ეტყოდი მათ, ვინც პირველად გაიგებს მის შესახებ?

HerbVenture-ი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო ბოლო წლებში. პროექტის მიზანი გახლდათ სამკურნალო მცენარეების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში მოცემული სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ეკო-მეგობრული მიდგომების დანერგვა. თავისთავად ეს ერთ-ერთი  უძველესი მეცნიერებაა, რომელიც რეალურად ათასწლეულებს ითვლის და საქართველოში ასევე უძველესი დროიდან ხდება მისი შესწავლა და გამოყენება. სამწუხაროა, რომ თანამედროვე პერიოდის პირობებში უამრავი მცენარე, რომელიც ოდითგანვე მრავალი სამკურნალო თვისებით გამოირჩეოდა და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ სამკურნალოდ მცენარეების შესახებ ცოდნის გაზიარება, არამედ ახალგაზრდებისთვის სამკურნალო მცენარეების პოტენციალის დანახვა და მეწარმეობის წახალისება. HerbVenture-ი განვახორციელეთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და თურქეთიდან. პროექტი განხორციელდა ერასმუს+ის,  KEY ACTION 2-ის პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობა ინოვაციების სფეროში და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლა, სტრატეგიული პარტნიორობა განათლების, ტრენინგებისა და ახალგაზრდულ სფეროში.

როგორი იყო შენი როლი ამ პროექტში?

პროექტის მანძილზე ჩართული ვიყავი პროექტის კონცეფციის შექმნაში, გუნდის მართვაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ახალგაზრდებთან მუშაობაში, რაც ასევე მოიცავდა მონაწილეების შერჩევას ადგილობრივ აქტივობებსა და საერთაშორისო ტრენინგ-კურსში. ამასთანავე, მონაწილეობა მივიღე სამკურნალო მცენარეების ციფრული ენციკლოპედიის, ინტერაქციული პლატფორმისა და ტრადიციული მედიცინის შესახებ სახელმძღვანელოს შექმნაში.

ბოლო ორი წლის მანძილზე, ეს პროექტი ჩვენი ორგანიზაციისთვის იყო განსაკუთრებული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო ეკოლოგიურად მდგრადი და ინოვაციური იდეების განვითარებაში ახალგაზრდებთან ერთად. დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ HerbVenture-ი დასრულდა, პროექტის სასიკეთო გავლენა გაგრძელდება როგორც საქართველოს ფარგლებში ახალგაზრდების საქმიანობაზე, ასევე მათ სამომავლო ინიციატივებზე ევროპის მასშტაბით.

გვიამბე ცოტა რამ ADESI-ზეროგორ დაიწყო თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა?

ორგანიზაცია “განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციაცია” – ADESI, 2017 წელს დავაარსეთ მე და ჩემმა თანადამფუძნებელმა, ანა ნიშნიანიძემ იმ მიზნით, რომ შეგვექმნა ახალგაზრდების პერსონალური და პროფესიული განვითარებისთვის უნიკალური სივრცე. ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, ასობით ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, ჩართულიყო როგორც ადგილობრივ დონეზე არსებულ ინიციატივებში, არამედ ევროპის მასშტაბით ტრენინგ-კურსებსა და ახალგაზრდულ გაცვლებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ბულგარეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, რუმინეთი, ჩეხეთი, თურქეთი, ლატვია, გერმანია და სხვა. 2017 წლიდან დღემდე, 40-მდე საერთაშორისო პროექტი გვაქვს განხორციელებული. ჩვენს პროექტებში ჩართულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გაიღრმაონ ცოდნა ისეთი მრავალფეროვანი თემების ირგვლივ, როგორიცაა: სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, ტოლერანტობა, დემოკრატიის და მშვიდობის მშენებლობა, მოხალისეობის მნიშვნელობა და სხვა.

არასამთავრობო და არაკომერციული საქმიანობის გარდა, კომერციული მიმართულებით თუ გქონია საინტერესო გამოცდილება?

5 წლის მანძილზე მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა Havas Media Georgia-ში, როგორც პროექტების/სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერს. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი Havas-ის გლობალურ კლიენტებთან ჩვენს არაჩვეულებრივ, პროფესიონალ გუნდთან ერთად. Havas Georgia სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს სთავაზობს სრულ სარეკლამო მომსახურებას, მათ შორის: სტრატეგიული ოფლაინ და ონლაინ დაგეგმარება, ყველა სახის მედია შესყიდვა, კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. კომერციულ სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციები ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით კი გლობალური სტანდარტებით PR/მარკეტინგული კამპანიების განხორციელება და დაკვირვება, თუ როგორ იქცევა იდეა რეალურ შედეგად.

შენი პროფესიული გზის მანძილზე, როგორც არასამთავრობო, ასევე კომერციულ/ბიზნეს სივრცეში იმუშავე. რა როლი აქვს განათლებას ამ ორ ინდუსტრიაში?

განათლება იყო ჩემთვის ამ ინდუსტრიებში საქმიანობის დაწყების საფუძველი. მაქვს ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტში და მაგისტრის ხარისხი სტრატეგიულ კომუნიკაციებში. ეს ორი მიმართულება ჩემთვის ძალიან ორგანულად გაერთიანდა. მენეჯმენტმა მომცა საფუძვლიანი ცოდნა პროექტების დაგეგმვის, გუნდის მართვის და ორგანიზაციული პროცესების ეფექტიანად მართვის მიმართულებით. ხოლო სტრატეგიულმა კომუნიკაციებმა მასწავლა საკომუნიკაციო სტრატეგიების სწორად შერჩევა, სტეიკჰოლდერებთან შედეგიანი ურთიერთობების დამყარება და ორგანიზაციის იმიჯის მართვა. ორივე მიმართულების შერწყმით მიღებული უნარები დამეხმარა როგორც კორპორაციულ, ასევე არაკომერციულ სექტორში წარმატებულ საქმიანობაში.

რას ეტყოდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას და თავიანთ გზას, საზოგადოებრივ სივრცეში?

პირველ რიგში ვეტყოდი, რომ არასდროს შეწყვიტონ საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება. არ იყვნენ ორიენტირებულნი მხოლოდ ფორმალურ განათლებაზე – ჩაერთონ არაფორმალური განათლების სფეროში ორგანიზებულ პროექტებსა და მოხალისეობრივ ინიციატივებში, გაიცნონ ახალი ადამიანები და გააფართოონ თანამოაზრეთა წრე.

აუცილებლად დაიჯერონ, რომ ყოველი გამოცდილება და მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანია – ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ის აუცილებლად გამოადგებათ.

ასევე ვეტყოდი, რომ ლიდერობა მხოლოდ მაღალი პოზიცია არ არის. ნამდვილი ლიდერი ის ადამიანია, ვინც ყველაზე კარგი გუნდური მოთამაშეა. დაბოლოს, ირწმუნეთ საკუთარი თავის, დასახეთ სტრატეგია და იბრძოლეთ თქვენი მიზნების მისაღწევად.

[პარტნიორის კონტენტი]

მხედველობადაქვეთებული ადამიანებისთვის პულტი ბრაილის ეკრანით შექმნეს

რა უნდა ტუალეტის ქაღალდს Oreo-ს გვერდით? — A Decision was made here