დასაქმების ბაზარზე ყოველთვის ორი დაინტერესებული მხარეა: ერთი, რომელიც ეძებს სამუშაოს და მეორე, რომელიც გუნდის ახალი წევრის ძიებაშია. პროცესი ორივე მათგანისთვის რთულია, რადგან, მოგეხსენებათ, არც სამსახურის შოვნაა დღეს იოლი და არც კვალიფიცირებული თანამშრომლის აყვანა, რომელსაც აქვს კარგი რეზიუმე და რეკომენდაცია.
ეს პრობლემა კარგად დაინახეს ახალი სტარტაპის დამფუძნებლებმა: ლევან ასანიძემ, გეგი გვაზავამ და იოსებ ოცხელმა, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ როგორც ბიზნესში, ისე სტარტაპ ეკოსისტემასა და ვებდეველოპმენტში. შედეგად, შეიქმნა ახალი ციფრული გადაწყვეტა – Herio – მობილური აპლიკაცია, რომელიც დამსაქმებლისა და დასასაქმებლის ერთმანეთთან დაკავშირებას ამარტივებს.
აპლიკაციის უპირატესობებისა და დეტალური ფუნქციების შესახებ ლევან ასანიძე და გეგი გვაზავა გვესაუბრნენ:
M: ლევან, პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენი და სხვა დამფუძნებლების გამოცდილების შესახებ, რომელმაც მიგიყვანათ Herio-მდე.
მე და გეგი ერთად ვსწავლობდით ვარშავაში. მე თავიდანვე უფრო ტექნოლოგიების მიმართულებით ვვითარდებოდი, გეგი ტრადიციულ ბიზნესში იყო. ერთი წელი უკრაინაში ვმუშაობდი და ჩართული ვიყავი ციფრულ პროექტებში. დავბრუნდი პანდემიის პერიოდში და სამსახურის პარალელურად, შემომთავაზეს ერთ-ერთ სტარტაპიდეაზე მუშაობა, სადაც კარგად გავიცანი თვითონ ეს ეკოსისტემა, გამოწვევები. პლუს ამას, ხშირად გვჭირდებოდა ხოლმე სხვადასხვა გამოცდილებისა და უნარის მქონე ადამიანები, რომელთა მოძიებაც ხშირად დროში იწელებოდა. ეს იყო პირველი წერტილი, როცა დავიწყე Herio-ს მსგავს აპლიკაციაზე ფიქრი.
იოსებ ოცხელი ოდნავ მოგვიანებით შემოგვიერთდა, როცა იდეა უკვე არსებობდა, თუმცა გადასულები ვიყავით დეველოპმენტის ეტაპზე და გვჭირდებოდა ტექნიკური თანადამფუძნებელი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში.
M: ახლა კი თავად იდეაზეც ვისაუბროთ. გეგი, თქვენ გვითხარით, რა გახდა Herio-ს დაფუძნების ინსპირაცია?
შეიძლება ითქვას, ეს იდეა სტუდენტობის დროიდანვე გაჩნდა და შემდეგ, როცა უკვე ორივე მხარეს შევეჩეხეთ, დამსაქმებლისაც და დასასაქმებლისაც, კიდევ უფრო დავრწმუნდით მის საჭიროებაში, მით უფრო, რომ პანდემიის პერიოდმა აქტიურად დანერგა ჰიბრიდული ან სრულად დისტანციური სამუშაოს შესაძლებლობები.
როცა სტუდენტები ვიყავით, სულ გვჭირდებოდა დამატებითი შემოსავალი და ფრილანსპროექტები, მეორე ეტაპზე კი, როცა თავად მოვედით ბიზნესში, დაგვჭირდა ადამიანები, რომლებსაც დავასაქმებდით. Herio-ს კონცეფციაც ეს არის, რომ დაეხმაროს ბიზნესებსა და დაინტერესებულ პირებს ერთმანეთის პოვნაში როგორც დროებითი, ისე ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.
M: კონკრეტულად რას სთავაზობს Herio მომხმარებელს?
ლევან ასანიძე: ჩვენი მთავარი მოდელია, რომ შენს თავზე მორგებული პირობები მიიღო. პოტენციურ დამსაქმებლებს ვთავაზობთ თანამშრომლის მოძიებას როგორც ერთჯერადად, ისე პროექტულად ან ნახევარ განაკვეთზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბიზნესებს ვეხმარებით ვერიფიცირებული კადრების პოვნაში, რომლებსაც აპლიკაციაში ექნებათ რეიტინგი და შეეძლებათ, თავადაც შეაფასონ ისინი სამუშაოს შესრულების შემდეგ. შესაბამისად, აქ უკვე გამჭვირვალედ ხედავს მომავალი დამსაქმებელი, თუ ვის ქირაობს ან ვის იყვანს სამსახურში.
თავის მხრივ, ფრილანსერებისთვის ძალიან კომფორტული აპლიკაციაა, რადგან აქ აღირიცხება მისი ყველა სამუშაო გამოცდილება და თუნდაც ბანკებთან ურთიერთობის დროს, თუკი აქამდე ფრილანსერი ბარიერებს ხვდებოდა, სანამ დაამტკიცებდა, რომ აქვს შემოსავალი და მუშაობს პროექტებზე, ახლა უკვე Herio დაეხმარება ამაში.
გეგი გვაზავა: დავამატებდი იმას, რომ ძირითადად HR პლატფორმები ორიენტირებულია სამუშაოს მაძიებლებზე და არა დამსაქმებლებზე. გარდა ამისა, UX-ის თვალსაზრისით ისეა აწყობილი, რომ შეიძლება მომხმარებელი დაიღალოს ძებნით. ჩვენ გვინდოდა, რომ აგვეღო Linkedin-ის მოდელი, სადაც ყველას თავისი პროფილი აქვს, რომლის დათვალიერებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ეს კი ამცირებს სამუშაოს მაძიებლის დროს, რომ ცალ-ცალკე აგზავნოს რეზიუმეები დამსაქმებლებთან, ასევე, აპლიკაცია ეხმარება მას, ერთგვარი პორტფოლიოს შექმნაში.
M: ახლა რა ეტაპზეა Herio, რამდენი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და რამდენი ხანია, ჩაშვებულია?
ლევან ასანიძე: აპლიკაცია ჯერ ბეტავერსიად არის ჩაშვებული 2025 წლის იანვრიდან, თუმცა ამ მოკლე ხანში უკვე 1000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად მზარდია. ასევე, გვყავს 25 დამსაქმებელი კომპანია და ორივე მხრიდან უკუკავშირი საკმაოდ დადებითია.
M: დღეს რა საჭიროებები დგას დასაქმების ბაზარზე, რომელიც თქვენ მოიკვლიეთ და როგორ ჩააინტეგრირებთ ამ საჭიროებებს Herio-ში?
ლევან ასანიძე: დასაქმების დინამიკა მუდმივად იცვლება და დღეს უკვე არსებობს არა ის ტენდენცია, რომ „მე მჭირდება სამსახური”, არამედ „მე მოვარგებ სამუშაოს ჩემს ცხოვრებაზე”. ჩვენი აპლიკაციაც ამ ტენდენციას მიჰყვება.
აუცილებლად მინდა, გამოვყო მისი მოქნილობა სტუდენტებისთვის, რომლებიც საკმაოდ ბევრ გამოწვევას ხვდებიან პირველ ეტაპზე, როცა არ აქვთ გამოცდილება და Herio მათაც დაეხმარება, რომ იშოვონ დროებითი, თუნდაც ერთჯერადი შეკვეთები და დააგროვონ ეს გამოცდილება.
ფრილანსერების შემთხვევაში პრობლემაა მონეტიზაცია, რადგან საერთაშორისო პლატფორმებზე ძალიან დიდი კონკურენციაა, ამიტომ ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ საქართველოს ბაზარზე დასაქმდნენ.
M: როგორია Herio-ს სამომავლო გეგმები?
გეგი გვაზავა: ამჟამად სტუდენტების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია და უფრო მეტად ვართ ორიენტირებული ბიზნესების დამატებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შეთავაზებაზე აპლიკაციაში. აგრეთვე, ჩვენს მიმდინარე გეგმებშია ინვესტიციების მოძიება, რადგან 2023 წლის ბოლოს მოვიგეთ GITA-ს გრანტი, რომლითაც გავუშვით აპლიკაცია და ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ ინვესტორებთან.
ლევან ასანიძე: გვსურს, რომ ეს წელი მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოში ოპერირებისთვის და შემდეგ უკვე გავიდეთ სხვა ბაზრებზეც. ასევე, ვფიქრობთ, რომ აპლიკაცია აუცილებლად დაიხვეწება ახალ-ახალი ფუნქციონალებით საჭიროებისდა მიხედვით.
და გარდა ამისა, ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა უნივერსიტეტის აუდიტორიას, სადაც, ერთი მხრივ, ვუზიარებთ ჩვენი სტარტაპის პრეზენტაციას და, მეორე მხრივ, დასაქმების შესახებ კონსულტაციასაც ვეწევით. ახლა ვიწყებთ სტაჟირების პროგრამას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთანაც.
საერთო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ ბიზნესები უფრო მეტად დავაინტერესოთ Herio-ს აპლიკაციითა და იმ სარგებლით, რომელსაც ის დამსაქმებლებს სთავაზობს.
Herio-ს გადმოწერა IOS-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ამ ბმულზე, ხოლო ანდროიდზე აქ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი
რუბრიკის წარმდგენია „სტარტაპერი“.











