6
Aug
2019

გერმანული სატელევიზიო ოსკარის მფლობელი ჰერმან ვასკე Ad Black Sea 2019-ის სპიკერი იქნება

6 Aug 2019

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea ერთ-ერთი საპატიო სპიკერი გერმანელი რეჟისორი, კრეატივ დირექტორი და პროდუსერი ჰერმან ვასკე იქნება. Ad Black Sea 2019-ზე გაიმართება ჰერმან ვაკსეს ფილმის  “რატომ ვართ კრეატიულები? ანუ მრავალფეხას დილემა” ჩვენებაც. ცოტა რამ ვასკეს შესახებ: ნამუშევარი აქვს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა Saatchi & Saachti, LOWE და FCB. სარეკლამო ინდუსტრიის გარდა, მას ნამუშევარი აქვს, სატელევიზიო და კინემატოგრაფიულ სფეროში. პროდუსერობისას, ის მუშაობდა ნელსონ მანდელასთან, სტივენ ჰოუკინგთან, მარინა აბრამოვიჩთან, დალაი ლამასთან და სხვებთან ერთად. მისი ფილმები კანის, ტორონტოსა და პალმ სპრინგსის ფესტივალებზე აჩვენეს. ჰერმან ვასკეს აქვს მიღებული Grimme-ს ჯილდო, რომელიც გერმანიის სატელევიზიო ოსკარად არის მიჩნეული. ასევე, მოგებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო კანის ლომებსა და Clio-ს ფესტივალებზე.

ვასკე ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში და ლოს-ანჯელესის ამერიკული ფილმის ინსტიტუტში სწავლობდა. კარიერა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოებში დაიწყო: ჯერ ლონდონის Saatchi&Saatchi, შემდეგ, ნიუ-იორკის GREY და FCB. მისი სატელევიზიო და კინემატოგრაფიული ნამუშევრები მოიცავს ამბებს დევიდ ბოუისა და იოჯი იამამოტოს შესახებ.

1995-2001 წლებში, ვასკემ სამი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი შექმნა: “ადამიანების თავიანთ ფულთან განშორების ხელოვნება”, “ყველაფერი ადამიანებისა და ფულის განშორების შესახებ” და “შემოქმედებითობის ათი მცნება”, დენის ჰოპერისა და სერ პიტერ უსტინოვის მონაწილეობით, მან ვენეციის საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალის ჯილდო მოიგო.

“ვინ მოკლა იდეა” – ჰარვი კეიტელის, დები მაზარისა და სუპერმოდელ ნადია აუერმანის მონაწილეობით შექმნილი ეს ფილმი ვასკემ 2003 წელს გადაიღო. 2006 წლის შემოქმედებაა “ფეხბურთის ხელოვნება”, ჯონ კლიზის მონაწილეობით. ამ ფილმით მან ევროპის არტ დირექტორთა კლუბის ოქროს ჯილდო მოიგო. 2010 წელს გადაიღო “ციფრული ბომბი”, სადაც ინტერნეტის წარსული, აწმყო და მომავალია წარმოდგენილი. 2012 წელს, ვასკემ დაასრულა “ბალკანური სული”, ფილმი, რომელიც სამხრეთ აღმოსავლეთი ევროპის შემოქმედებაზე მოგვითხრობს. ფილმში მარინა აბრამოვიჩი, სლავა ჟიჟეკი, ემირ კუსტურიცა და ანჯელინა ჯოლი მონაწილეობენ. ფილმი ევროპის პრიზზე იყო ნომინირებული.

2014 წლის ფილმ “არტეჰოლიკში” ევროპის საუკეთესო მუზეუმებს გვაცნობენ. ფილმის პრემიერა მიუნხენის კინოფესტივალზე შედგა. აშშ-ში, პრემიერამ პალმ სპრინგსზე ჩაიარა. 2016 წელს, ვასკემ გადაიღო “დენის ჰოპერი: რთული მრბოლელი”. ფილმმა ოთხი ჯილდო მიიღო სანტა-ფეს კინოფესტივალზე. ჰერმან ვასკეს 2018 წლის ფილმი “რატომ ვართ კრეატიულები: მრავალფეხას დილემა”, მსოფლიო პრემიერის ფარგლებში, ვენეციის კინოფესტივალზე უჩვენეს.

ჰერმან ვასკე გერმანელ არტ დირექტორთა კლუბისა და ევროპული კინოაკადემიის EFA წევრია.

19-21 სექტემბერს, ბათუმში, ჰერმან ვასკე Ad Black Sea-ს დელეგატების წინაშე წარდგება და მონაწილეთა კითხვებს უპასუხებს.

განხილვა