in

საცხენოსნო აქსესუარებიდან მრავალმილიარდიან მოდურ ბრენდამდე!

საოცარია, სამყაროში, სადაც ბიზნესის უდიდესი ნაწილი მაქსიმუმ რამდენიმე წელს ძლებს, არაერთი ისეთი ბრენდი არსებობს, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ შემთხვევაში, Hermès-ს ვგულისხმობთ, ბრენდს, რომელსაც თითქმის ორასწლოვანი ისტორია აქვს. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ ამ ბრენდზე მოგიყვებით.

Hermès-ის ისტორია 1837 წლიდან იწყება. ის თიერი ერმესმა ცხენის აღკაზმულობის სახელოსნოს სახით გახსნა პარიზში. მისი მიზანი იყო, ევროპელი დიდგვაროვნებისთვის უნაგირები, ლაგამები და ტყავის საცხენოსნო აქსესუარები შეექმნა. მის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო ვაჟი – ჩარლზ-ემილ ერმესი, რომელმაც მაღაზია პარიზის სხვა მისამართზე გადაიტანა – Rue Du Faubourg Saint-Honore 24-ში, სადაც ის დღემდე რჩება და არის კომპანიის გლობალური სათაო ოფისი.

ეტაპობრივად, კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა. 1880-1900 წლებში ბრენდმა დაიწყო თავისი პროდუქტის საცალო მაღაზიებში რეალიზება. 1900 წელს, კომპანიამ დაიწყო “Haut à Courroies” ჩანთის გაყიდვა, რომელიც განკუთვნილი იყო მხედრებისთვის, რათა უნაგირები ეტარებინათ. 1918 წელს, ერმესმა წარმოადგინა პირველი ტყავის გოლფის ქურთუკი ელვა-შესაკრავით, რომელიც მაშინდელი უელსის პრინცისთვის შეიქმნა. 1920-იან წლებში ბრენდმა აქსესუარები და ტანსაცმელი წარადგინა. სულ რამდენიმე წელიწადში, Hermès-ის სამოგზაურო ჩანთებმა მსოფლიო წარმატება მოიპოვა. 1930-იან წლებში Hermès-მა ლეგენდარული ჩანტები გამოუშვა, მაშინ გამოჩნდა „კელის ჩანთა“, რომელიც გრეის კელის უკავშირდება, ასევე, შარფები. საუკუნის შუაში, აბრეშუმის ჰალსტუხი და პირველი სუნამოც გამოჩნდა.

დროთა განმავლობაში, კომპანიამ გააფართოვა თავისი რეპუტაცია სტრატეგიული თანამშრომლობით: Faubourg Italia-სთან პრემიუმ კლასის სახლის ავეჯის ერთობლივი საწარმო შექმნა, რომელშიც Hermès-ს 60%-იანი წილი აქვს. შეიძინა 30%-იან წილი J3L-ში, რომელიც ლითონის ნაწილების ძველი ფრანგული მიმწოდებელია. ფლობს 39,5 პროცენტიან წილს Perrin & Fils-ში, რომელიც არის სპეციალიზებული ტექსტილის მწარმოებელი. ასევე, ფლობს 25%-ს Vaucher-ში, რომელიც არის მაღალი დონის საათების მექანიზმის მწარმოებელი და ა.შ. დღესდღეობით, ბრენდი ოპერირებს 311 მაღაზიით აშშ-ში, რუსეთსა და აზიაში და 15,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ის არის პრემიალური კლასის პროდუქციის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში, მრავალმილიარდიანი შემოსავლით. ბრენდის ვარსკვლავური ისტორია ორი საუკუნის მანძილზე განვითარებისკენ მის უწყვეტ სწრაფვას უკავშირდება. თანმიმდევრულობისა და კრეატიულობის ოსტატობასთან შერწყმით, Hermès თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური ბრენდია.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

საინტერესო პოდკასტი | შოთი არველაძე

„რა? სად? როდის?“ – ღონისძიება გაყიდვების ასოციაციის წევრებისთვის