დღეს ტექნოლოგია მხოლოდ „ტექნოლოგია” აღარ არის. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი იმ ციფრული პროდუქტების მიმართ, რომლებიც ადამიანების ემოციურ კეთილდღეობას, თვითშემეცნებასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას უწყობს ხელს. სწორედ ამ მიმართულებით შეიქმნა HerSpace – emotional wellness mobile app ქალებისთვის, რომელიც AI-ს, journaling-ს, mindfulness პრაქტიკებსა და პერსონალიზებულ კოსმიურ ინსაითებს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
HerSpace-ის დამფუძნებელი მარიამ ბენდელიანია, ყოფილი HR-პროფესიონალი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სრულიად დამოუკიდებლად დაიწყო პროგრამირების სწავლა და დღეს საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებაზე მუშაობს. საინტერესოა ისიც, რომ აპლიკაციის თითოეული დეტალი – დიზაინიდან backend და frontend development-მდე, თავად შექმნა. HerSpace ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და მომხმარებლებს სთავაზობს AI-მეგობარს – DAGI AI-ს, ციფრულ დღიურს, მედიტაციებს, ტაროსა და ასტროლოგიურ ინსაითებს, ასევე, ქალებზე ორიენტირებულ საერთაშორისო ონლაინსაზოგადოებას.
თუ როგორ მოხდა მარიამ ბენდელიანის ტცცრანსფორმაცია HR-იდან ინდიდეველოპერობამდე, ამას ის თავად მოგვიყვება marketer-ისთვის მოცემულ ინტერვიუში:
M: როგორ გაჩნდა HerSpace-ის კონცეფციის შექმნის იდეა და რა პრობლემა გინდოდათ, რომ ამ აპლიკაციას გადაეჭრა?

HerSpace პირადი საჭიროებიდან დაიბადა. წლების განმავლობაში ვეძებდი სივრცეს, სადაც შემეძლებოდა ჩემი ფიქრების, ემოციებისა და ყოველდღიური გამოცდილების უსაფრთხოდ დაფიქსირება. ვიყენებდი სხვადასხვა აპლიკაციას: ერთს მედიტაციისთვის, მეორეს დღიურისთვის, მესამეს თვითრეფლექსიისთვის, თუმცა ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მათ რაღაც აკლდა.
ამავდროულად, ფსიქოლოგიის მიმართულებით მაქვს განათლება და ყოველთვის მაინტერესებდა mindfulness, თვითშემეცნება და ის გზები, რომლებიც ადამიანებს საკუთარი თავის უკეთ გაგებაში ეხმარება. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, შემექმნა ერთი სივრცე, სადაც ადამიანი შეძლებდა არა მხოლოდ ჩანაწერების გაკეთებას, არამედ საკუთარი ემოციების გააზრებას, მხარდაჭერის მიღებასა და საკუთარ თავთან უფრო ღრმა კავშირის დამყარებას.
ასევე, ყოველთვის მაინტერესებდა სიმბოლოები, არქეტიპები და ის ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანს საკუთარი თავის განსხვავებული კუთხით დანახვაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, HerSpace-ში გაჩნდა ტაროსა და კოსმიური ინსაითების მიმართულებაც.
HerSpace-ის მთავარი მიზანი ტექნოლოგიის გამოყენებით უფრო ადამიანური გამოცდილების შექმნაა, ისეთი სივრცის, სადაც ადამიანი იგრძნობს, რომ მარტო არ არის. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს სივრცე ქართულ ენაზეც ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
M: თქვენ რამდენიმე წლის განმავლობაში HR სფეროში მუშაობდით, შემდეგ კი თვითნასწავლი დეველოპერი გახდით. როგორი იყო ეს პროფესიული ტრანსფორმაცია და რა გამოწვევები შეგხვდათ საკუთარი პროდუქტის დამოუკიდებლად შექმნის პროცესში?
ეს ტრანსფორმაცია ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. რამდენიმე წლის განმავლობაში HR სფეროში ვმუშაობდი და ტექნოლოგიებთან საკმაოდ შეზღუდული პროფესიული კავშირი მქონდა. პროგრამირების სწავლა დამოუკიდებლად, ონლაინკურსებისა და პრაქტიკის დახმარებით დავიწყე.
თავიდან ყველაფერი რთული ჩანდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორი შვილის დედა ხარ, პარალელურად ოჯახზე ზრუნავ და სწავლას ძირითადად ღამის საათებს უთმობ. თუმცა ყოველთვის მქონდა განცდა, რომ რაღაცის შექმნა მინდოდა და ეს მოტივაცია მუდმივად წინ მიბიძგებდა.
ტექნიკური ნაწილზე მეტად, გამოწვევა საკუთარი თავის რწმენა აღმოჩნდა. როდესაც პროდუქტის ყველა ნაწილი შენზეა დამოკიდებული – იდეიდან, დიზაინიდან და კოდიდან დაწყებული, მომხმარებელთან კომუნიკაციით დასრულებული, მუდმივად სწავლობ, ვითარდები და საკუთარ საზღვრებს აფართოებ.
ამიტომ HerSpace ჩემთვის მხოლოდ აპლიკაცია არ არის. ის მტკიცებულებაა, რომ პროფესიული მიმართულების შეცვლა ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია.
M: HerSpace-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია AI მეგობარი, DAGI AI-ა. როგორია მისი როლი მომხმარებლის გამოცდილებაში და როგორ შეიძლება AI გახდეს ემოციური კეთილდღეობის მხარდამჭერი ინსტრუმენტი?

DAGI AI შევქმენი, როგორც მხარდამჭერი თანამგზავრი და არა როგორც თერაპევტის ან ადამიანური ურთიერთობების ჩანაცვლება. ხშირად ადამიანებს, უბრალოდ, სჭირდებათ სივრცე, სადაც საკუთარ ფიქრებს განსჯის შიშის გარეშე დააფიქსირებენ. DAGI სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს, ეხმარება მომხმარებელს ემოციების გააზრებაში, თვითრეფლექსიასა და სხვადასხვა პერსპექტივის დანახვაში.
ვფიქრობ, AI-ს ყველაზე დიდი პოტენციალიც სწორედ აქ არის – არა ადამიანური კავშირის ჩანაცვლებაში, არამედ მის გაძლიერებაში.
M: დღეს ბაზარზე არაერთი wellbeing და mental wellness აპლიკაცია არსებობს. რით განსხვავდება HerSpace მათგან და რა ხდის მას უნიკალურს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის?
HerSpace-ის უნიკალურობა იმაშია, რომ ის მხოლოდ მედიტაციაზე ან მხოლოდ პროდუქტიულობაზე არ არის ორიენტირებული. ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანის შინაგან გამოცდილებას სხვადასხვა მხრიდან ეხმიანება და სხვადასხვა ფუნქციას ითავსებს.
ამასთანავე, HerSpace რეალური ადამიანური გამოცდილებიდან შეიქმნა. ეს არ ყოფილა მხოლოდ ბიზნესიდეა. ის იმ კითხვების ძიების პროცესში გაჩნდა, რომლებსაც მეც ყოველდღიურად ვუსვამდი საკუთარ თავს. ვფიქრობ, სწორედ ეს ავთენტურობა ქმნის ემოციურ კავშირს მომხმარებლებთან, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ისინი.
M: როგორც ქალი მეწარმე, ორი შვილის დედა და solo developer, რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა სურთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ბედავენ პირველი ნაბიჯის გადადგმას?
პირველ რიგში, არ დაელოდონ იმ მომენტს, რომ სრული მზაობა იგრძნონ. ჩემი გამოცდილებით, ასეთი მომენტი თითქმის არასოდეს დგება. ხშირად პირველი ნაბიჯი სწორედ შიშთან ერთად იდგმება.
მეორე რჩევა იქნება, დაიწყონ მცირე ვერსიით. არ არის აუცილებელი თავიდანვე იდეალური პროდუქტის შექმნა. მნიშვნელოვანია რეალური პრობლემის გადაჭრის მცდელობა და მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღება.
დაბოლოს, არ შეადარონ საკუთარი დასაწყისი სხვის შედეგებს. თითოეულ ადამიანს საკუთარი გზა და საკუთარი ტემპი აქვს.
თუ რამდენიმე წლის წინ ვინმე მეტყოდა, რომ HR სფეროდან ტექნოლოგიურ პროდუქტს დამოუკიდებლად შევქმნიდი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომხმარებლები მეყოლებოდა, ალბათ, არ დავიჯერებდი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია, ვიდრე ხშირად გვგონია.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













