in

„ჰეშკილის ქოხები“ სვანეთში, ანუ ჰაშამ ადგილ დეც ლაფარ ჩუქვაან!

Startauperi
Startauperi

„ველური მკაცრი ბუნება და საოცარი სითბო – ეს არის ჰეშკილი… ადგილი, სადაც ყოველდღიურ რუტინას ეთიშები და რჩები ბედნიერების პირისპირ. აქ მოსვლის წამიდან ვიგრძენი, რომ რაღაც დიდის მონაწილე ვხდებოდი“… – ეს ნაწყვეტია „ჰეშკილის ქოხების“ ერთ-ერთი სტუმრის, ეკატერინე გელოვანის ერთდიდაბზაციანი გულწრფელი ჩანაწერიდან, ამ ადგილის ფეისბუკგვერდის თვალიერებისას რომ გადავაწყდი… „ჰეშკილის ქოხების“ შესახებ, გაგონილი მქონდა, მაგრამ ასეთი ცნობისმოყვარეობით, საოჯახო ბიზნესის საქმიანობისა და ავტორების ვინაობის გაცნობა ვირტუალურად, თითქმის ყველა ფოტოს, აღწერისა თუ კომენტარის ნახვით, აქამდე არ მიცდია.

მანამდე, დავით ფილფანს ტელეფონით ვესაუბრე „ჰეშკილის ქოხების“ დაფუძნების იდეაზე, აწმყოზე, მომავალზე… და მაინც, ყველაზე უფრო, ჩემს გულს შეეხო ფრაზა: „ჩვენს ფეისბუკგვერდს არაჩვეულებრივი პიროვნება, მალალო გელოვანი მართავს“… მალალო მისი მეუღლე და პატარა ნოეს დედაა. არ ვიცი, შესაძლოა, სტარტაპების რუბრიკაში როცა ვწერ, სხვანაირი განწყობა და აქცენტები უნდა მქონდეს, მაგალითად, რომ თავდაპირველად, დამფუძნებლებმა ბიზნესი საკუთარი ფინანსებითა და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ 10 000 ლარით დაფინანსებული კაპიტალით დაიწყეს, რომ 12-ვე ქოხი ფილფანების ხელით აშენდა, რომ „ჰეშკილის ქოხებს“ როცა სტუმრობ, თავისუფლდები იმ ყოველდღიური ჩვევებისგან, საერთო ჯამში, მაინც ყველას რომ ძალიან გვაწუხებს ხოლმე ქართული ენის სიყვარულისა თუ უკვე მომაბეზრებელი ქცევის თვალსაზრისით: „სქროლვა“, „ლაიქი“, „მეჩი“, „შეარი“, „თაგი“ და სხვა…

და რადგან აქ გიწევს მთების პირისპირ ამოხეთქო ის დაგროვილი ემოციები, მანამდე ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ გაძლევდა, იქნებ, კონცეფციაზე უფრო მეტი უნდა ვისაუბრო, ინტერნეტის გარეშე რომ გიწევს „ჰეშკილის ქოხებში“ ცხოვრება, ან იმაზე, რომ თითქმის ყველაფერი ხელნაკეთია?!…

მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი, „არაჩვეულებრივი პიროვნების“ ხსენებამ მომხიბლა და მგონია, რომ ეს დამოკიდებულება ძალიან ბევრ რამეს ხსნის.

აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ბუნების, მთების, ხალხის, სამზარეულოს, ფოლკლორის გარდა, თითქმის ყველა სტუმარი აღფრთოვანებულია მასპინძლებით, მათი ერთმანეთისა თუ სტუმრების მიმართ დამოკიდებულებითა და სიყვარულით… რომელიც მათ შემყურეებს, ერთდროულად, მოწიწების, სიამაყის, აღტაცების გრძნობას ჰგვრის. და ყველა ეს ემოცია, მატერიალურ თუ არამატერიალურ სიკეთეებთან დაკავშირებული, ქმნის „ჰეშკილის ქოხების“ გარემოს – მთასავით მოურიდებელი ნამდვილობა და თავისნაირობა, მოურიდებელი პირდაპირობა რომ შვენის.

იმდენად, რომ ვბედავ და „ჰეშკილის ქოხებზე“ ასეთი ცოცხალი და ემოციური აზრი ჩემი მხოლოდ ვირტუალური დაკვირვებით მაქვს.

პატარა სოფელი ჰეშკილი სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, მესტიიდან 7 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამთო-სათხილამურო კურორტ ჰაწვალისკენ მიმავალ გზაზე.

„ჰეშკილის ქოხები“ სწორედ აქ, ფილფანების მამაპაპეულ, საგვარეულო მიწაზეა დაფუძნებული. აქედანვე იშლება 2 ულამაზესი ხედი – ლაილას ქედისა და უშბის მწვერვალისა. აქვეა მსოფლიოში ცნობილი იალბუზიც – კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალი

სამზარეულოს რაც შეეხება, „ჰეშკილის ქოხებში“ არაერთ ტრადიციულ კერძს გასინჯავთ, მათ შორის, „მესგულას“ – ფხალს, რომელიც სარეველა მცენარისგან მზადდება, იკმაზება მწვანილით, სვანური მარილითა და სქელი მაწვნით და ჭიშდვარს (ზოგიერთისთვის ცნობილ ჭვიშტარს), პირდაპირ ზედ რომ აკვდება. ბეგქონდარას – ღვთიური ბალახისგან დამზადებული ჩაითაც დაიამებთ ყელს, ნამდვილ კუბდარსაც გაჰკრავთ კბილს და სხვ. 

დარწმუნდებით, რომ „სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“ მას შემდეგ, რაც ხეზე განთავსებულ ბზრიალა ქოხში დგომის გამოცდილებასაც მიიღებთ.

როგორც „ჰეშკილის ქოხების“ სტუმრები იტყოდნენ და როგორც დავით ფილფანთან საუბრისას ირკვევა, „დედამიწაზე ამ სამოთხის“ შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა მან დღის სინათლე მხოლოდ 2017 წელს იხილა.

3-დან, ამჟამად, ქოხების რაოდენობა 12-მდეა გაზრდილი, რომელიც 41 ადამიანს იტევს. ნომრების ღირებულება, კვების გარეშე, 25-დან 30-ლარამდე მერყეობს, ხოლო ორჯერადი კვებით – 50-დან 55-ლარამდე.

ახალი კი, „ჰეშკილის ქოხებში“ ტერასაა, პანდემიის დროს გაწეული შრომის ნაყოფიერი შედეგი.ფილფანების ოჯახში, გარდა იმისა, რომ ხეზე მუშაობა კარგად გამოსდით და ქოხებთან ერთად, ნატურალური პროდუქტით დამზადებული ადგილობრივი სამზარეულოთიც შეუძლიათ სტუმრების აღფრთოვანება, საკუთარ თავზე აქვთ აღებული პასუხისმგებლობა – სხვებს გააცნონ სვანური კულტურა – ფოლკლორი და თავადვე ასრულებენ მრავალხმიან სიმღერებს, ცეკვავენ და სვანეთის შესახებ, ნამდვილ თუ გამოგონილ ამბებსაც ჰყვებიან.

მანამდე კი, დაუფარავად გიხსნიან ადგილზე არსებულ პირობებს, სადაც ინტერნეტი არაა, მაგრამ მომხმარებლის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად ეს არის „ჰეშკილის ქოხების“ ერთ-ერთი მთავარი ხიბლიც. ციფრული სამყაროსგან მოწყვეტა, რომ გაიცნო ის, ვინც და რაც, შენ გარშემო, ნამდვილია.

სწორედ ესაა – ჰაშამ ადგილ დეც ლაფარ ჩუქვაან! – „ჰეშკილის ქოხები“ – მშვენიერი დასასვენებელი ადგილი ცისქვეშ.

ავტორი: თიკა გეგენავა

სეტანტა სპორტს მედიას სტრატეგიული პარტნიორი – სპორტს მედია ჰოლდინგი, SBC – სთან ერთად საერთაშორისო დიჯიტალ სამიტს გამართავს

Oppo-ს სმარტფონი, ვიდეოში ფონის გაშავ-თეთრების ფუნქციით, საერთაშორისო ბაზარზე $470 ეღირება