სულ ცოტა ხნის წინ, ციფრულ სივრცეში თიბისის ახალი აპლიკაცია hi app გამოჩნდა, ზეტ თაობასავით ცოცხალი და დინამიკური ვიზუალური სტილით. აპლიკაციის მიზანია, მოსწავლეებს დაეხმაროს ფინანსების დამოუკიდებელ მართვასა და ამისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში და ეს მათთვის სასიამოვნო პროცესად აქციოს. ვიზუალური იდენტობით hi app თავისუფალი და ცნობისმოყვარე ზეტ თაობის განწყობასა და ყოველდღიურობას გამოხატავს. სახალისო ილუსტრაციები, ფერთა გამა და ფორმები ზეტ თაობის ხასიათის შესწავლისა და დაკვირვების შედეგად შემუშავდა. ვიზუალურ სტილზე თიბისის ბრენდ დიზაინერმა ანანო კურკუმულმა და გრაფიკოს დიზაინერმა და ილუსტრატორმა თამუნა კონტრიძემ იმუშავეს, ჩვენ კი შემოქმედებითი პროცესის შესახებ გვესაუბრნენ.
M: რა იყო თქვენი ამოცანა – რა უნდა შეგექმნათ?
ანანო: ბრიფის მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად ახალგაზრდულ სეგმენტზე გათვლილი, ცოცხალი და დინამიკური პროდუქტი შეგვქმნა. ყველა დეტალი თუ კომპონენტი, ახალი თაობისთვის მარტივად აღქმადი და მისაღები უნდა ყოფილიყო. არ უნდა გამოგვრჩენოდა ციფრული ბანკის უკვე არსებული ვიზუალური სტილიც. რაც ნიშნავს, რომ ერთიანი, თუმცა სხვადასხვა თაობით შთაგონებული ვიზუალური იდენტობა უნდა შეგვექმნა.
M: რა იყო ვიზუალური კუთხით, თქვენი შთაგონების წყარო, რაზეც შემდეგ დააშენეთ პროექტი?
ანანო: შთაგონების წყარო ისევ ზეტ თაობაა – მათი ყოველდღიურობა, ღირებულებები, ცხოვრების სტილი, გემოვნება, ჰარმონიული არეულობა და თავისუფლების სიყვარული. ასეტები და ავატარების ილუსტრაციებიც სწორედ ამ დეტალების დაკვირვებით არის შექმნილი.
M: რა უნდა გაგეთვალისწინებინათ პროექტზე მუშაობისას?
თამუნა: მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ ხასიათითს და შინაარსით ვიზუალური სტილის კონცეფცია ახლოს ყოფილიყო თიბისი ახალი თაობის უკვე არსებულ მიმართულებასა და ციფრულ ბანკთან. სხვა სიტყვებით, რაღაც დოზით, საჭირო იყო ბალანსის პოვნა, რომ თან ახალი, მაგრამ უკვე არსებული ბრენდის სტილთან შესაბამისი ყოფილიყო.
M: მთლიანობაში, რა შექმენით პროექტის ფარგლებში და როგორ გქონდათ განაწილებული როლები?
თამუნა: hi app-ზე მუშაობის სტარტი ანანოს ხვდა წილად, მან შექმნა „ჰაი აპის“ ბრენდის ვიზუალური სტილი, პარალელურად მე ვმუშაობდი „ჰაი აპის“ ავატარებსა და აიქონებზე. შემდეგ, გავაერთიანეთ ძალები და შევკარით სრული ვიზუალური იდენტობა. მთლიანობაში, hi app-ის კამპანია 360-გრადუსიანი გამოვიდა და გაიშალა, ფაქტობრივად, ყველა საკომუნიკაციო არხში, რომელიც ზეტ თაობისთვის რელევანტურია. ცალკე აღვნიშნავდით მუსიკას, რომელიც სპეციალურად hi app-ისთვის დაწერეს ახალი თაობის ჰიპ-ჰოპ არტისტებმა.
M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?
თამუნა და ანანო: საკმაოდ შემოქმედებითი და სასიამოვნო პროცესი გავიარეთ ერთად, ეს გუნდური მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო ჩვენთვის. ბევრი ვიშრომეთ ისეთი პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც დასამახსოვრებელი იქნებოდა, ახალგაზრდა თაობას შეუყვარდებოდა და მათ ყოველდღიურობას გაახალისებდა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი