ჰიბრიდული მანქანები განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი მანქანა, რომელიც მუშაობს ენერგიის ორ წყაროზე. მათგან ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ბენზინის ძრავის დაკავშირება ელექტროძრავასთან. თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჰიბრიდული მანქანების არსებობა 100 წელზე მეტს ითვლის, რამაც შეიძლება ცოტა გაგვაკვირვოს, რადგან ისინი თითქოს უფრო გვიანდელ ტექნოლოგიადაა მიჩნეული. არადა, როგორც ირკვევა, ჰიბრიდული მანქანის ცნება, ზოგადად, საავტომობილო ინდუსტრიის გაჩენის დღიდან არსებობს.
დასაწყისი
პირველი ჰიბრიდული მანქანა 1899 წელს ინჟინერ ფერდინანდ პორშეს მიერ აეწყო. მას System Lohner-Porsche Mixte ერქვა. ის იყენებდა ბენზინის ძრავას ელექტროძრავის მომარაგებისთვის, რომელიც მანქანის წინა ბორბლებს ამოძრავებდა. Mixte-მ დიდი მოწონება დაიმსახურა და 300-ზე მეტი მოდელი დამზადდა. თუმცა, ზოგადად, ჰიბრიდებზე მოთხოვნა მაღალი მაინც არ იყო, რადგან ბენზინზე მომუშავე ძრავები ბევრად ნაკლები ჯდებოდა შესაძენადაც და მოსახმარადაც. ამასთან, ამ ეს მანქანები იმ დროს ნაკლებად მძლავრიც იყო. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ჰიბრიდების წარმოება, ფაქტობრივად, გაჩერდა და წარსულს ჩაბარდა, როგორც ვერდამკვიდრებული ინოვაცია.
განახლებული ინტერესი
1960-იან წლებში შეერთებული შტატების კონგრესმა შემოიღო კანონმდებლობა, რომელიც ხელს უწყობს ელექტრო მანქანების უფრო მეტ გამოყენებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცდილობდა, მხარდაჭერა გამოეჩინა ჰიბრიდებისთვის, საზოგადოების ინტერესმა არ მოიმატა 1973 წლის არაბული ნავთობის ემბარგომდე. ნავთობის კრიზისმა გამოიწვია ბენზინის ფასის ზრდა, ხოლო მიწოდება მკვეთრად დაეცა.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მომდევნო 25 წლის განმავლობაში ავტომწარმოებლებმა მილიარდობით დოლარი დახარჯეს ჰიბრიდული ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებაზე. ამის მიუხედავად, ძალიან ცოტა მანქანა იწარმოებოდა, რომლებსაც შეეძლო მსოფლიო დამოკიდებულების შემცირება ნავთობზე და კონკურენცია გაეწია ბენზინზე მომუშავე მანქანებისთვის სიმძლავრისა და მართვის პრაქტიკულობის თვალსაზრისით.
1990-იანი წლების ბოლოს, რამდენიმე სრულიად ელექტრო მანქანაც იქნა წარმოდგენილი, GM EV1 და Toyota RAV 4 EV მათგან გამორჩეული მაგალითებია. თუმცა ამ მთლიანად ელექტრო მანქანებმა ვერ მიიპყრო ფართო ყურადღება და მალევე მიეცა დავიწყებას. 1997 წელს გამოვიდა ყველასთვის ნაცნობი Toyota Prius იაპონიაში, რითაც საწვავზე მომუშავე მანქანების ეფექტური ალტერნატივა დაინერგა.
აღორძინება
1999 წელს, Honda Insight გახდა პირველი მასობრივი წარმოების ჰიბრიდი, რომელიც გამოვიდა შეერთებულ შტატებში. მას მალევე, 2000 წელს, მოჰყვა Toyota Prius სედანი, რომელმაც ჰიბრიდულ ტექნოლოგიას დასაყრდენი მისცა. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გამოტანის შემდეგ „პრიუსი” გახდა ტერმინ „ჰიბრიდის“ სინონიმი. დღესაც კი ის არის ყველაზე პოპულარული HEV, რომელიც ოდესმე წარმოებულა. ავტომწარმოებლებმა მთელ მსოფლიოში გამოიყენეს მისი ტექნოლოგია, როგორც საფუძველი მრავალი სხვა მანქანისთვის.
ეს იყო ეპოქა, როცა საზოგადოების ცნობიერებაც შეიცვალა და გარემოს დაცვას მეტი ყურადღება დაეთმო. შესაბამისად, ნახევრად ან სრულად ელექტროძრავზე მომუშავე მანქანებისადმი მოთხოვნა ნელ-ნელა სულ უფრო იზრდებოდა. დღეს ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ ელექტრომობილების დიდ მომავალზე, თუმცა 2000-იანების დასაწყისში ამაზე ჯერ ფართოდ არ საუბრობდნენ და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ჰიბრიდულ მოდელებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ. ამასობაში, Honda-მ გამოუშვა მეორე თაობის Insight, ხოლო Chevrolet-მა წარმოადგინა Volt. მათ არ ჩამორჩა Audi-ც, რომელმაც ჰიბრიდი Duo სრულ წარმოებაში ჩაუშვა. 2004 წელს Ford Escape-იც გამოვიდა, რომელიც იმითაც გახდა თვალშისაცემი, რომ იყო ჰიბრიდული SUV.
ჰიბრიდების მომავალი
მსხვილი ავტომწარმოებლები დღეს უკვე აქტიურად გვთავაზობენ სტანდარტულ და plug-in ჰიბრიდ მოდელებს. ამ უკანასკნელ სერიას მიეკუთვნება, მაგალითად, Toyota RAV4 Prime, რომელსაც ელექტროენერგიით მიახლოებით 68 კილომეტრის გავლა შეუძლია, საერთო კომბინირებული დისტანციით კი, 965 კილომეტრის. ეს მანქანა აქარწყლებს იმ მოსაზრებასაც, თითქოს ჰიბრიდული მანქანები სუსტია, რადგან ის 300 ცხენის ძალაზე მეტს ფლობს და Toyota-ს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოდელია.
2030 წლისთვის ბევრი მსხვილი ავტომწარმოებელი უკვე აანონსებს, რომ თითქმის მთლიანად ელექტრიფიკაციაზე გადავა. შედეგად, აღმოიფხვრება წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება, რაც ნულოვან გამონაბოლქვს გამოიწვევს და გარემოს დაეხმარება. ეკონომიკური თვალსაზრისითაც ვარაუდობენ, რომ ისინი აღარ იქნება ძალიან ძვირი, რადგან ბატარეების ღირებულება ფართო გამოყენებას ითვალისწინებს და მისი მწარმოებლები უფრო დიდ მასშტაბზე გასვლაზე ფიქრობენ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი