in

რას ამბობენ გასული წლის მონაწილეები HIGHLANDER-ის შესახებ?

გასულ წელს საქართველო სამთო ტურიზმის დღესასწაულს, HIGHLANDER-ის რუკას შეუერთდა და გამოცდილ მოლაშქრეებს, მთაში სიარულის ენთუზიასტებსა თუ უბრალოდ ბუნებაში ხეტიალის მოყვარულ ადამიანებს სვანეთის მთებში ლაშქრობა შესთავაზა. მართალია, ზოგიერთი მონაწილისთვის ეს მთაში ღამის გათენების პირველი გამოცდილება იყო, ზოგიერთი კი უკვე ვეღარც ითვლის, მერამდენე. თუმცა ყველა ერთ რამეზე თანხმდება, რომ ჰაილენდერი „რაღაც სხვას გვთავაზობს“… 

„დილას ადრე იღვიძებ, საუზმობ, იკიდებ მთელ შენს ავლადიდებას, ბარგს, ზურგჩანთას, კარავს, საძილე ტომარას და იწყებ ამ გზის გავლას… იმის მიუხედავად, რომ დღეში 20 კილომეტრის გავლა საკმაოდ დამღლელია, ასე თუ ისე, ფიზიკურად მომზადებული უნდა იყო, საღამოს მაინც ემოციებით სავსე ხარ. მასტერკლასები, სვანური მარილის მომზადება, იქაური კულტურის გაცნობა, ყველაფერი ერთად იმდენად სასიამოვნო ჯაჭვს ქმნიდა, რომ დღემდე მომყვება. ერთი სულ მაქვს, ივლისი როდის დადგება, რათა ჩავალაგო ბარგი და წავიდე“,გვეუბნება ნინი გოგუაძე, HIGHLANDER-ის კეთილი ნების ელჩი და მონაწილე.

მარკეტერი Highlander Georgia 2022-წლის მონაწილეებს, მამუკა კობახიძეს, ნინი გოგუაძეს, კიწი სამსონაძესა და ზვიად კელენჯერიძეს გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რა ემოციებს უკავშირებდნენ ჰაილენდერში ყოფნას, პასუხის პოვნა არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა:

„ემოციებს… უფ… აი, არ ვიცი… არის დიდი სითბო, დიდი სიყვარული, არის უცხო ხალხისადმი თვალდახუჭული ნდობა. თითქოს, ის უხილავი ძაფები, რაც არსებობს, 1-2 საათში გამოჩნდა. ერთ საათში გრძნობ, რომ ეს ადამიანი შენი ადამიანია და ეს იყო ყველაზე დიდი და კარგი შეგრძნება ჰაილენდერზე“, ამბობს მამუკა კობახიძე, HIGHLANDER-ის გასული წლის მონაწილე.

მამუკა კობახიძე
ფოტო: თამო გოკაძე

HIGHLANDER-ში მარტივად იგებ, რომ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, აქ არსებულ სხვა ადამიანებთან გაერთიანებს. შესაბამისად, სხვებს კი არ ეჯიბრებით, არამედ საკუთარ თავს… არც ჰაილენდერის ფინიშის ხაზი ჰგავს იმას, რაც აქამდე გამოგვიცდია — მისი გადაკვეთა კი არ გეჩქარებათ, ერთი სული კი არ გაქვთ, პირიქით, ფეხს ითრევთ, რომ ეს თავგადასავალი არ დამთავრდეს… 

ფინიშის ხაზს რომ მივუახლოვდით, რა თქმა უნდა, დაღლილები ვიყავით და გვიხაროდა ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო წყენა იყო, რომ ეს თავგადასავალი დამთავრდა… ამიტომ, როცა ფინიშის ხაზზე გადავედით, იქ დავრჩით. იმდენად არ გვინდოდა იქიდან წამოსვლა, რომ ერთ-ერთ ბოლო დელიკას გამოვყევით მესტიამდე.

ზვიად კელენჯერიძე

ჰაილენდერი რომ შეჯიბრებას არ გვთავაზობს, ამაზე თითქმის ყველა მონაწილე ამახვილებს ყურადღებას, რადგან ახალი გამოცდილებაცაა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებული. მთებში საკუთარი სიამოვნებისთვის, საკუთარი თავის გამოსაცდელად უნდა იაროთ. შესაბამისად, იმდენჯერ ისვენებთ, რამდენჯერაც მოგინდებათ. არც არავინ გაჩქარებთ და არც ისეთი რამ გხვდებათ, რასაც ვერ გადალახავთ, მიუხედავად თქვენი გამოცდილებისა.

„მომწონს, რომ ჰაილენდერი არ არის შეჯიბრი. თავისებური გამოწვევაა, მაგრამ არა — შეჯიბრი. უფრო ფესტივალია. ზეიმი, სადაც ნაცნობ და ბევრ, თავიდან უცნობ, ადამიანთან ერთად ლაშქრობ, რომლებიც ბოლოს შენი მეგობრები ხდებიან. ზოგადად, ეს მომენტი ახლავს თან ლაშქრობას — შენნაირ ხალხს ხვდები, იცნობ და უმეგობრდები. ლაშქრობის დროს თავგადასავალიც სხვანაირია. არცერთი საათი, არცერთი ხედი და დღე არ ჰგავს ერთმანეთს. ეს მომენტი კი განსაკუთრებით იგრძნობა სვანეთში. ალბათ, ამიტომაც შეირჩა ეს მარშრუტი და ამიტომაც შეხვდები ამ ბილიკზე მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ადამიანებსა თუ მთაში მოგზაურობის ენთუზიასტებს“,გვეუბნება ზვიად კელენჯერიძე, ჰაილენდერის გასული წლის მონაწილე.

ფოტო: თამო გოკაძე

კიწი სამსონაძის თქმით კი, რომელიც ასევე გასული წლის მონაწილეა, მიუხედავად იმისა, რომ ჰაილენდერი არ არის მარათონი, იგი საკუთარი თავის გამოცდის სასიამოვნო შანსს გვაძლევს. გვეუბნება, რომ ქალთა პატარა გუნდს დიდი ამბების დატრიალება შეუძლია და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

ჰაილენდერზე ჩემს მეგობარ მარიამ გელაშვილთან ერთად ვიყავი. მესტიისკენ რომ დავეშვით და სამანქანო გზა გადავკვეთეთ, ორგანიზატორი მანქანა შეგვხვდა — რა იყო მორჩით უკვეო? გულწრფელად გვეგონა, ისეთი ნელები ვართ, რომ ცოტა ირონიულად გვეკითხებიან ამ ყველაფერს, მაგრამ საბანაკეზე  აღმოჩნდა, რომ პირველები მივსულვართ დანიშნულების ადგილას. მეორე დღეს ჟაბეშის გავლით თეთნულდის საბაგიროების ძირში უნდა დაგვესრულებინა დღე… ხედების შთამბეჭდაობას არ მოვყვები, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ცალ მხარეს თეთნულდი მოჩანდა, მეორე მხარეს უშბა — შუა სვანურ თქმულებაში ვიყავით… ამ დღეს უკვე ცოტა სპორტული ინტერესი გვქონდა პირველობის, შუადღეს უკვე მისულები ვიყავით დანიშნულების ადგილზე.

ჰაილენდერში მონაწილეობა საკუთარ თავის გამოცდა მამუკასთვისაც იყო, თუმცა ამას უფრო მეტად მასთან გამკლავება შეგვიძლია ვუწოდოთ. გვიყვება, რომ 2 წლის წინ მოტოციკლით ავარიაში მოხვდა და ფიზიკური დაზიანებები მიიღო, იტკინა მუხლი და მოიტეხა ხელი… შესაბამისად, 1 წელი არსად ყოფილა, ჩამოშორდა ისეთ რაღაცებს, რაც ძალიან უყვარდა და ამის გამო ფსიქოლოგიურადაც ჩაიკეტა:

საკუთარ თავთან ჭიდილი მქონდა. არ ვიცოდი, კიდევ შევძლებდი თუ არა ამას. იმდენად ჩაკეტილი ვიყავი, რომ ჰაილენდერზე წასვლა სადღაც 2 დღეში გადავწყვიტე, რომ უნდა წავიდე და წავედი მეგობრებთან ერთად. თუმცა პირველივე დღეს მუხლი ამტკივდა და ბანაკამდე მისვლა ცალი ფეხით მომიწია. ჩემთვის უცხო ადამიანები გვერდში დამიდგნენ, ფეხზე პლასტი დამაკრეს და ასე შემდგომი ორი დღე სიარულიც შევძელი. ამ პროექტმა ყველაფერი დამავიწყა, მაპოვნინა ახალი ადამიანები და მომცა სურვილი, დაველოდო შემდეგ ჰაილენდერს…

დღეს კი ქუჩაში ჰაილენდერის მონაწილეს რომ ვხვდები, დიდ სიყვარულს ვგრძნობ, თითქოს, რაღაც ისეთი ჯილდო გაქვს მიღებული, რომ სხვებისგან განსხვავებული ხდები.

ჰაილენდერში მონაწილეობა ახალ ადამიანებთან ერთად პირდაპირ თავგადასავლებში ჩაშვებას რომ გულისხმობს, ალბათ, ამაში თავადვე დარწმუნდით. შესაბამისად, აქ ურთიერთობები მეტად განსხვავებული და თავისუფალია — მთაში ადამიანებს სხვანაირად იცნობ, რეალური შენ ხარ, ბუნებასთან ძალიან ახლოს და ეგ არის — მთაში რაც ხარ, ეგ ხარ, — ამბობს ნინი გოგუაძე, რომელიც უცხოელ ჰაილენდერებზეც გვეუსაუბრა:

უცხოელებიც იყვნენ, რომლებსაც სხვა ქვეყნებში სხვა ჰაილენდერებზე უვლიათ და ეგეც ცალკე გამოცდილება იყო — გიყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს. ჩვენ 60 კილომეტრი რომ გავიარეთ, გვგონია, მთებს გადავდგამთ და უცბად, ეს ადამიანი გეუბნება: მე გუშინწინ ჩამოვედი, იქაც 60 კილომეტრი ვიარე და ზეგ მივდივარ, იქ 100-ს გავივლი…. ჩვენთვის ვითომ აქვეა, სვანეთია, საქართველოა, როცა გინდა მაშინ ჩახვალ და ამ დროს მიდიხარ ისეთ ვიღაცასთან ერთად, ვისთვისაც ეს ცხოვრების წესია, ვინც სპეციალურად ჩამოვიდა, რომ ეს გზა გაიაროს… 

ნებისმიერი თავგადასავლის კადრებად აღბეჭდვა რომ გვიყვარს, ეს არც ჰაილენდერის მონაწილეების შემთხვევაში ყოფილა გამონაკლისი. მართალია, ფოტოების მოყვარული მონაწილეები კადრებს თავისითაც აღბეჭდავდნენ, მაგრამ იმას, რასაც ცოცხალ ფოტოებს ვუწოდებთ ხოლმე, ჰაილენდერის ფოტოგრაფები აფიქსირებდნენ… 

დაბოლოს, ალბათ, ვინც ოდნავ მაინც ფიქრობს, წამოვიდეს თუ არა, უბრალოდ იმიტომ რომ გამძლეობა არ ეყოფა ან მთაში კარავში ძილი მისი არ არის, მინდა ვუთხრა, რომ ერთხელ მაინც უნდა ცადოს — გვეუბნება ნინი, ჰაილენდერის კეთილი ნების ელჩი.

Highlander Georgia წელს 20, 21 და 22 ივლისს სვანეთში გაიმართება. რეგისტრაციისთვის კი ამ ბმულზე უნდა გადახვიდეთ.

Highlander Georgia X Svaneti 2023 პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის
ადგილის მართვის ორგანიზაციაშანლენდი“, სპორტის, ტურიზმისა და
ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი , მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე
ტერმინალი“, M.T.A Mountains Trails Agency სოციალური მედია პარტნიორია
Marketer.ge და Spend 4 Seasons In Georgia.

მარკეტინგულმა სააგენტომ 2 AI თანამშრომელი ხელფასიან სტაჟირებაზე აიყვანა!

McDonald’s-მა ChatGPT-ს საკულტო ბურგერის დასახელება სთხოვა…