სათავგადასავლო პროექტ HIGHLANDER-ის რუკას, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საბერთძნეთისა და სხვა ქვეყნების გვერდით, საქართველოც შეუერთდა. HIGHLANDER სათავგადასავლო ტურიზმის ენთუზიასტებს უკვე ჩვენს ქვეყანაშიც გააერთიანებს და გაუზიარებს ფილოსოფიას, რომელიც ასე ჟღერს: „წაიღე მხოლოდ ფოტოები, დატოვე მხოლოდ ფეხის ნაკვალევი“.
15 ქვეყანა, 30 განსხვავებული ლოკაცია და ათასობით მონაწილე – HIGHLANDER გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური სერიის ღონისძიებებს წარმოადგენს, რომელშიც წელს, პირველად, საქართველოც ჩაერთვება და 25-27 აგვისტოს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუმრებს სვანეთში, მესტიაში უმასპინძლებს. გაცნობითი შეხვედრა, დღეს, 19 მაისს მესტიაში გაიმართა, რაც ნიშნავს, რომ მთამსვლელებსა თუ უბრალოდ, ბუნებაში ხეტიალის ენთუზიასტებს სვანეთში დაუვიწყარი გამოცდილება გელით. საქართველოს დროშა HIGHLANDER-ის ვებგვერდზე უკვე დაემატა, შესაბამისად, მასზე დაწკაპუნებით, მარტივად შეძლებთ დარეგისტრირებას.

M: როგორია კომუნა, რომელსაც HIGHLANDER აერთიანებს?
კომუნას, რომელსაც HIGHLANDER აერთიანებს, წარმოადგენენ როგორც გამოცდილი მოლაშქრეები, ისე მთაში სიარულის ენთუზიასტები, თუ უბრალოდ, ბუნებაში ხეტიალის მოყვარულები.
ზოგადად, „ჰაილენდერი“ გულისხმობს ადამიანს, ვინც ლაშქრობას სასიამოვნოსა და მარტივს ხდის როგორც საკუთარი თავის, ისე სხვებისთვის. გარემოს არ აბინძურებს, შეძლებისდაგვარად, მოიხმარს ბიოდეგრადირებად მასალებს, თანამოლაშქრეებზე ზრუნავს და მათთვის საკუთარი რესურსების გაზიარებაზე არ ორჭოფობს.

M: რას ნიშნავს HIGHLANDER, როგორც სტატუსი?
პროექტის ფარგლებში, HIGHLANDER-ის სტატუსი ნიშნავს, რომ ღონისძიებაზე – HIGHLANDER სვანეთი, საქართველო – მონაწილემ ორი მარშრუტიდან, ერთ–ერთის (რომელზეც დარეგისტრირდა) ფინიშის ხაზი გადაკვეთა.
HIGHLANDER შეჯიბრება არ არის. თითოეული მონაწილე, რომელიც ფინიშის ხაზს გადაკვეთს, „ჰაილენდერის“ სტატუსს დაიმსახურებს.
M: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, HIGHLANDER რომ გახდე?
25-27 აგვისტოს, სვანეთი, წელს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუმრებს ორი მარშრუტის გავლის შესაძლებლობას მისცემს: HIGHLANDER55 – სამდღიანი ლაშქრობა, სადაც მონაწილეები 55 კმ–ს გაივლიან მესტია–ადიში–ხალდე–უშგულის მარშრუტზე. ასევე, HIGHLANDEREXPERIENCE – ერთდღიანი ტური ლაშქრობის მოყვარულებისთვის, რომელთა თავგადასავალიც ხალდე–უშგულის მარშრუტს მოიცავს.

უსაფრთხო და საშუალო სირთულის მარშრუტები ლაშქრობის მინიმალურ გამოცდილებასა და ფიზიკური მომზადების კარგ დონეს მოითხოვს. Შესაბამისად, გარდა ფიზიკური მზაობისა, იმისთვის, რომ HIGHLANDER გახდე, საჭიროა, შენთვის სასურველ მარშრუტზე დარეგისტრირდე, ერთ ან სამ დღეში ფინიშის ხაზი გადაკვეთო და რაღა თქმა უნდა, პროექტის ფილოსოფია და ღირებულებები გაიზიარო.
M: რა მნიშვნელობისაა ეს ღონისძიება საქართველოსთვის?
HIGHLANDER შესაძლებლობას გვაძლევს, ერთი მხრივ, ადგილობრივ საზოგადოებაში ლაშქრობას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესს, პოპულარიზება გავუწიოთ, რეგიონში ეკომეგობრული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გამართვას ხელი შევუწყოთ…
რაც შეეხება უფრო გლობალურ დატვირთვას, პროექტი ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი პოტენციალის ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენაში გვეხმარება. აქ კი, ვგულისხმობთ როგორც პროექტის უცხოელ მონაწილეებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის HIGHLANDER-პროექტებს, რომლებთან ერთადაც, საქართველო ამ საერთაშორისო მოვლენის მონაწილე ხდება.

HIGHLANDER მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვასა და გრძელ დისტანციაზე ლაშქრობას არ გულისხმობს, პროექტის ერთ–ერთი მთავარი ღირებულება, საერთაშორისო მასშტაბით, სვანეთის მთების, უნიკალური ბუნების, ადგილობრივი კულტურისა და ადამიანების შესახებ ყველაზე ორგანული გზით საუბარია.
M: რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა HIGHLANDER-ში?
ლაშქრობა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, საკუთარი თავისა თუ სხვა ადამიანების უკეთ გაცნობის შეუცვლელი საშუალებაა. ადამიანს ერთხელ მაინც თუ ულაშქრია, მასთან, ალბათ, ბევრი ახსნა აღარ დაგვჭირდება, რამდენად საინტერესო ფიზიკური თუ ემოციური გამოცდილებაა მთაში, მით უფრო, სვანეთის ხეობებში ზურგჩანთააკიდებული ხეტიალი. Მაგრამ მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ HIGHLANDER სვანეთის მარშრუტების დასაძლევად გამძლეობა ეყოფა, თუმცა კი, ლაშქრობის გამოცდილება არ აქვს, დასარწმუნებლად მოკლედ ვეტყვით, რომ ეს იქნება უნიკალური შანსი, თავი დაუვიწყარ თავგადასავალში ამოყოთ!
HIGHLANDER GEORGIA ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. პროექტის პარტნიორები, აგრეთვე, არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია, „შან-ლენდი“ (დაფუძნებული ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში). სოციალური მედია პარტნიორია „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“.
#HIGHLANDER #HIGHLANDERAdventure #AdventureOfALifetime #HIGHLANDERGeorgia










