in

„სამთო ტურიზმის დღესასწაული“ – Highlander Georgia 2023 წლის სეზონისთვის ემზადება!

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი

116 მოლაშქრე 14 ქვეყნიდან – ასეთი იყო Highlander Svaneti.Georgia-ს პირველი ღონისძიების შედეგები 2022 წელს. შარშან, საქართველო სათავგადასავლო პროექტ HIGHLANDER-ის რუკას შეუერთდა, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საბერთძნეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. პირველი Highlander Georgia სვანეთში ჩატარდა და წელს კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება იგეგმება. ღონისძიება აერთიანებს როგორც გამოცდილ მოლაშქრეებს, ისე მთაში სიარულის ენთუზიასტებსა და უბრალოდ, ბუნებაში ხეტიალის მოყვარულებს. წლევანდელი Highlander Georgia 20-22 ივლისს გაიმართება. ღონისძიების დეტალებზე „ჰაილენდერ ედვენჩერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი შოთა გოლეთიანი და პროექტის დიზაინერი და კეთილი ნების ელჩი ზუკა ჩიკვაიძე გვესაუბრნენ.

M: საქართველოში ჰაილენდერი უკვე მეორედ ტარდება – როგორი იყო პირველი ღონისძიება და როგორი თავგადასავალი გველოდება წელს?

შოთა გოლეთიანი

შოთა გოლეთიანი: პირველ პროექტს, სიამოვნებასთან ერთად, მღელვარებაც ახლდა თან.  ჩვენი მთავარი მიზანი არაა მხოლოდ ბედნიერი მონაწილეების ხილვა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ასევე, ვიზრუნოთ მონაწილეების უსაფრთხოებაზე, შევუქმნათ მათ მაქსიმალური კომფორტი და ამავე დროს, მივცეთ შესაძლებლობა საკემპინგე ზონებზე გაეცნონ სვანეთის კულტურასა და ადათ-წესებს, რაშიც ჩვენი სვანი მასპინძლები გვეხმარებიან. შარშან, პირველი პროექტი იმდენად წარმატებული იყო და მონაწილეების ისეთი კმაყოფილება გამოიწვია, რომ დარწმუნებული ვარ, წელს, ბევრად მეტი ჰაილენდერი გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს.

ყოველთვის საინტერესოა თავგადასავლების იმ ადამიანებთან გაზიარება, ვისთანაც საერთო ინტერესები და შეხედულებები გაკავშირებს, ეს პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება მთაში და ამიტომაც, ასეთი გამოცდილების მიღება 100-ზე მეტ ადამიანთან მართლაც დაუვიწყარი იყო ჩვენთვისაც და ყველა მონაწილესთვისაც.

M: თქვენი ხედვით, ვინ არის ჰაილენდერი?

ზუკა ჩიკვაიძე: ჰაილენდერი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უყვარს ბუნება, ადამიანებთან ურთიერთობა, ეძებს ახალ თავგადასავალს და ზრუნავს გარემოზე. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა არ აქვს ლაშქრობის გამოცდილება, მაგრამ ფიზიკურად აქტიურია, სურვილი აქვს გამოსცადოს საკუთარი თავი, დაძლიოს ახალი გამოწვევები შეიძლება გახდეს ჰაილენდერი.

პროექტის მიზანი არ არის მონაწილეებს შორის შეჯიბრი, შესაბამისად, ჰაილენდერს არ ჰყავს გამარჯვებული. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წინასწარ დადგენილ მარშრუტს განსაზღვრულ დროში გაივლის, გამარჯვებულია, იღებს ჰაილენდერის სტატუსს და ხდება ჰაილენდერის საერთაშორისო გუნდის წევრი.

ფოტო: თამარ გოქაძე

M: რა მნიშვნელობა აქვს „ჰაილენდერს“, როგორც პროექტს?

შოთა გოლეთიანი: Highlander Adventure გახლავთ სამთო ტურიზმის დღესასწაული, რომელიც პროექტის მონაწილეებს ამოგზაურებს მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ და ლამაზ ადგილებში.
პროექტი წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ლიცენზიის მფლობელ ქვეყნებს საშუალება აქვთ, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე ჩაატარონ ღონისძიება. ჩვენ შევძელით და 2022 წლიდან, Highlander Adventure-ის ღონისძიებების საერთაოშორისო სერიაში გავერთიანდით. 2022 წელს, პირველ პროექტს სვანეთმა უმასპინძლა. წელსაც Highlander ივლისში სვანეთში  გაიმართება.

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი

საქართველოში მსგავსი დონის საერთაშორისო პროექტების განხორციელება, საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა დაფიქსირდეს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, როგორც სამთო ტურიზმის პროდუქტების პროვაიდერი. ეს ავტომატურად ნიშნავს მეტ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. გვინდა, რომ მომდევნო წლიდან, პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაიგეგმოს.

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი

M: ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ჰაილენდერში?

ზუკა ჩიკვაიძე: Highlander Georgia X Svaneti-ში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვინც ეძებს ბუნებრივ სილამაზეს და განსაკუთრებულ გამოცდილებას. მთავარია, არ დაავიწყდეს და დარეგისტრირდეს საიტზე.

საკმაოდ კარგი შეთავაზება გვაქვს ჯგუფებისთვისაც 3+1, რაც ნიშნავს ინდივიდულაურ ფასდაკლებას ოთხივე მოლაშქრესთვის. ასევე, მონაწილეობა შეუძლია აქტიურ და თავგადასავლების მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს.

ფოტო: ნიკა ლებანიძე

M: როგორ მოვემზადოთ ჰაილენდერობისთვის?

ზუკა ჩიკვაიძე: Highlander-ის მარშრუტი მოწყობილია ისე, რომ მისი გავლა შეუძლია ყველას.
გამოცდილ და გამოუცდელ ჰაიკერებს შორის განსხვავება მხოლოდ მანძილის დაფარვის დროში იქნება. ზოგი მალე მივა ჩექ-ფოინთებთან, ზოგიც ცოტა მეტ დროს მოანდომებს.

წელს, გვაქვს ორი მარშრუტი PEGASUS და OREON. პეგასუსი არის 3-დღიანი მარშრუტი, უფრო გამოცდილი ჰაიკერებისთვის, ხოლო ორეონი – 2-დღიანია. ჩვენი გუნდი მონაწილეებს ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ჰაილენდერისთვის:

  • რა აღჭურვილობა დაგვჭირდება მთაში;
  • როგორ გადავანაწილოთ წამოსაღები აღჭურვილობა ჩანთაში სწორად ისე, რომ მისი სიმძიმის ცენტრი არ გვაწუხებდეს სიარულის დროს;
  • როგორ ვიკვებოთ სწორად ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • კონკრეტული ნივთის არქონის შემთხვევაში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩვენი ფასდაკლების ვაუჩერით შეიძინონ ეს ნივთი პარტნიორ სპორტულ მაღაზიებში ან იქირაონ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარია, მონაწილეობის სურვილი, ხოლო ჰაილენდერების ინფორმირებასა და მათ თეორიულ მომზადებას დიდი სიამოვნებით განვაგრძობთ ჩვენი სოციალური მედიის საშუალებით.

M: რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საქართველოსთვის?

შოთა გოლეთიანი: საქართველოში აგროტურიზმის პოტენციალს აღიარებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი)
და FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია). ჰაილენდერი, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. უცხოელი ჰაიკერების თუ უბრალოდ მთის მოყვარული ადამინების მიზიდვას. Highlander Georgia X Svaneti-ის მეშვეობით, ტურისტებს შეუძლიათ ეზიარონ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და შეიმეცნონ მთის ტურიზმის მღელვარება, თანაც ისე, რომ ადგილობრივ კულტურასთან უწყვეტი კავშირი ჰქონდეთ.

Highlander Georgia X Svaneti 2023 პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია „შან-ლენდი“, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი – STY Foundation, მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე „ტერმინალი“.  სოციალური მედია პარტნიორია Marketer.ge და Spend 4 Seasons In Georgia.

საყოველთაო პლატფორმა განათლებისთვის – Uteach – სომხური სტარტაპი 500 Global-ზე

BMW-მ კანის კინოფესტივალზე ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინა