in

რა გამოტოვეთ? – მარკეტერის პოდკასტი თამარა ქლიბაძესთან ერთად

მარკეტერის პოდკასტის სტუმარი, ამჯერად, europebet-ის HR დირექტორი, თამარა ქლიბაძეა. პოდკასტის მთავარი განსახილველი თემა გახლავთ “როგორ მოვიძიოთ და შევინარჩუნოთ საუკეთესო ტალანტები ორგანიზაციაში?”. პოდკასტისთვის ყურის მიდევნება აქვე შეგიძლიათ, თუმცა, თუკი გსურთ გაიგოთ, რა იყო საუბრის საკვანძო საკითხები, გამოგვყევით, ჩვენ გიამბობთ:

  • ძალიან ბევრი ორგანიზაცია ჩივის კადრების ნაკლებობას საქართველოში. ერთი მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც სამუშაო ადგილების ნაკლებობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ, ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად ეძებენ პროფესიონალებს და ამ მხრივ განიცდიან კრიზისს. პრობლემა გლობალურია. მიზეზს თამარა ქლიბაძე მილენიალების თაობას უკავშირებს, რომლებიც გარდა იმისა, რომ აკმაყოფილებენ თანამედროვე დამსაქმებლის მოთხოვნებს, განიცდიან რიცხობრივ სიმცირეს და ამავდროულად, აქვთ უფრო მაღალი მოთხოვნები სამუშაო გარემოს მიმართ. HR პროფესიონალებს სჭირდებათ შემოქმედებითი მიდგომა იმისათვის, რომ ასეთი ადამიანები მიიზიდონ და შეინარჩუნონ ორგანიზაციაში.
  • თუკი ადრე ორგანიზაციებს თავიანთი წესები ჰქონდათ, დღეს მათ უწევთ გადაეწყონ თანამშრომლების მოთხოვნილებებზე. ისეთი რაღაცები, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა თუ საკვების ბენეფიტი, მათ მოსაზიდად სრულებით არაა საკმარისი. დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტის აზროვნება მენტალურ ცვლილებებს საჭიროებს.
  • შეიცვალა შეხედულებები. თუკი ოდესღაც Overtime-ზე მუშაობა მიიჩნეოდა ლოიალობის მაჩვენებლად, დღეს ეს სრულიად სხვანაირადაა. მილენიალებისთვის მიუღებელია Overtime-ზე მუშაობა. მსოფლიო სრულიად სხვა მიმართულებით მიდის – აქტუალობას სულ უფრო იძენს სახლიდან მუშაობის პრაქტიკა, ასევე, თანამშრომელი თავად მართავს თავისი სამუშაო დროს. სამუშაო გარემოსგან კი, დასაქმებული მრავალფეროვნებას ელის.
  • მნიშვნელოვნება შეიძინა ინდივიდუალურმა მიდგომამ – მილენიალ თანამშრომელს აქვს შინაგანი მოთხოვნა, კონკრეტული შეთავაზება სწორედ მასზე იყოს მორგებული.
  • გამოცდილება – მილენიალებს აქვთ წყურვილი მიიღონ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება. ამიტომ, მათი ლოიალობის შენარჩუნება არც ისე მარტივია. თამარ ქლიბაძის შეფასებით, ქართულ ბაზარზე გავრცელებულია მიდგომა, რომ სამსახურიდან წასვლას თანამშრომლისგან ღალატად აღიქვამენ და მტკივნეულად ღებულობენ. ამის საპასუხოდ, HR პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ საჭიროა სხვაგან გადასული თანამშრომლების სწორად “გაცილება”, მხარდაჭერაც კი, რათა ამით გაიზარდოს ტალანტის უკან, ორგანიზაციაში დაბრუნების ალბათობა.
  • როგორ დავიზღვიოთ თავი იმისგან, რომ კომპანიიდან წასულმა თანამშრომელმა ორგანიზაციული საიდუმლოებები არ “გაიტანოს”? თამარა ქლიბაძე ამ საკითხს შემდეგნაირად განიხილავს: ერთი მხრივ, უნდა არსებობდეს შიდა დაცვის სისტემა, რომელიც არ მისცემს საშუალებას თანამშრომელს კონკრეტული ინფორმაცია გაიტანოს “გარეთ”. მეორე მხრივ კი, თამარა ქლიბაძე ამბობს: “დოკუმენტი ვერ უნდა წაიღოს თანამშრომელმა, თუმცა დაგროვილი ცოდნა და უნარი აუცილებლად უნდა წაიღოს… ჩვენ ზუსტად ამას ვეუბნებით, რომ ეს ისეთი გამოცდილებაა, რომელსაც შენ ყველგან წაიღებ”… თამარა ქლიბაძის თქმით, ზოგჯერ, კომპანიები დაცვისთვის იმ მიდგომასაც იყენებენ, რომ უზღუდავენ კონკურენტ კომპანიასთან თანამშრომლობას და კოდექსით გათვალისწინებულ ანაზღაურებას უხდიან.
  • HR-ის როლი ქართულ ბაზარზე ბოლო 5-7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუკი, თავდაპირველად, მისი არსებობის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა ბევრი კომპანია, შემდეგ კი, რაღაც პერიოდის მანძილზე (ზოგ კომპანიაში, დღემდე) HR სპეციალისტი რეკრუტერის როლში განიხილებოდა, რომელიც თანამშრომლის შერჩევაზეც კი არ იყო პასუხისმგებელი, დღეს, თამარა ქლიბაძის თქმით, ბაზარზე HR სერვისების სრული სპექტრი არის მოცული. თანდათან, HR ცვლილებების შემქმნელის როლშიც გვევლინება, აღმასრულებლის გარდა.
  • HR არის პროფესიონალი, რომელიც ფლობს ცოდნას, როგორ ვმართოთ ადამიანური რესურსი. მისი ჩართულობა დიდ გავლენას ახდენს თანამშრომლების კომფორტზე, მათ განვითარებაზე. ისაა მრჩეველი People Manager-ისთვის, რომელიც საერთო მიმართულებას ხედავს.
  • პირველ რიგში, HR-ს ადამიანებისა და კომუნიკაციის სიყვარული უნდა ჰქონდეს. ის პირადი მაგალითის მიმცემია და არ უნდა ითაკილოს რაიმე საქმის შესრულება. პირიქით, ეს მიმართ ნდობას ბევრად გაზრდის. “ჩვენ ვართ ის დიპლომატი, რომელიც ატარებს ორივეს ინტერესებს – ბიზნესისაც და დასაქმებულისაც” – ამბობს თამარა ქლიბაძე.
  • “საკუთარი პროფესიონალიზმის რწმენა გაძლიერებს, რომ მენეჯერს უთხრა სიმართლე, რომ ცდება… როცა აჩვენებ, რომ პოზიცია კი არ გაღელვებს, არამედ საქმეზე ზრუნავ. თუ ხარ არასასურველ სიტუაციაში, ან შეცვალე, ან წადი. დაუსრულებელი წუწუნი იმაზე, რომ არ გვყავს კარგი დამკვეთები, ინდუსტრიას კლავს”.
  • თამარა ქლიბაძის თქმით, HR არამხოლოდ კომპანიაში ცვლის ბევრ რამეს, არამედ, ინდუსტრიის განვითარებაშიც შეაქვს დიდი წვლილი. “კომპანიის დამფუძნებელმა მითხრა ასეთი ფრაზა: მე მინდა, რომ აქ მუშაობა ისევე ეამაყებოდეთ ადამიანებს, როგორც Google-ში. 2014 წელს, გემბლინგის ინდუსტრიაში… კომპანიას ჰყავდა ქართული მენეჯმენტი, ქართული კულტურისა და მენტალობის. ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, ხშირად შეხვდებოდით კომპანიებში დასაქმებულ ახლობლებსა და მეგობრებს… ძალიან დიდი გამოწვევა იყო კარის გახსნა – მოდი, უცხო ადამიანებიც დავასაქმოთ.”
  • კომპანიის ამოცანაა თანაბარ სიტუაციაში მოახვედროს თანამშრომლები. ხელი შეუშალოს პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული მხარეების არსებობას. ერთნაირად შეაფასოს სპეციალისტი და დირექტორი. გუნდის შენებაში მნიშვნელოვანია კორპორაციული წვეულება, თიმბილდინგი და ის, თუ რა სტილით გააკეთებ ამას.
  • “ყველაზე მთავარი ჩვენი კომპანიისთვის, რაც დღეს უკვე შეიქმნა არის ორმხრივი პასუხისმგებლობის ფაქტორი, რაც აისახება როგორც თანამშრომლებზე, ისე ბიზნესის მიმართულებებზე. დაწყებული შერჩევის პროცესიდან: ვეუბნებით, მოდი, იარე ოფისში, ნახე, რომ გადაწყვიტო, რამდენად საშენო ადგილია. ვამართლებთ პირობას, რასაც გასაუბრების დროს ვეუბნებით, რომ რეკრუტერი არის ექსპერტი, რომელიც კომპანიის სახეს ატარებს და რასაც ის დაპირდება, აუცილებლად შესრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, გავუმართლოთ მოლოდინები. თუმცა, ხაზს ვუსვამ ორმხრივ პასუხისმგებლობას, როგორ ბიზნესის, ისე თანამშრომლებთან მიმართებაში”.
  • “შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო ყველაფერში. დღემდე, ნეთვორქინგი არის პრობლემა ამ ქვეყანაში. გაიცანით ერთმანეთი, შეინარჩუნეთ კონტაქტები. თუ ურთიერთობ, იცი, ვინ სად არის და უფრო ადვილია მიწვდე. დღეს, დიდი განცხადებებით სასურველი თანამშრომლის პოვნა ძალიან ძნელია.” ჩვენ გვქონდა მაგალითი, როდესაც ვეძებდით ბუკმეკერს და ვაკანსიის გამოცხადების ნაცვლად, ადამიანები ქვიზის საშუალებით მივიზიდეთ და მივიღეთ ერთი-მეორეზე უკეთესი კანდიდატი, – ამბობს თამარა ქლიბაძე.

და, თუკი, უფრო მეტის გაგება გსურთ, ჩართეთ პოდკასტი და მოუსმინეთ, ეს იქნება ძალიან სასარგებლო 40 წუთი, რომელიც ბევრ კითხვაზე გაპოვნინებთ სასარგებლო პასუხს.

Marketer.ge-ზე პოდკასტების სერია გასულ წელს დაიწყო. პროექტის წარმდგენია „საქართველოს ბანკი ბიზნესი“.

„ეს კიდევ ერთი საშუალებაა მენეჯერებს, მეწარმეებს, მარკეტერებს და ზოგადად, ბიზნესის წარმომადგენლებს წარვუდგინოთ საინტერესო ადამიანები, მოვასმენინოთ მათი ბიზნეს ისტორიები“.

საქართველოში 500 Startups შემოდის

„ბებიას მოქსოვილი ქუდი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რამ იყო… ხოდა, ჩვენს ქუდებს ბებიები ქმნიან“