ქართული ვიზუალური ეფექტების სტუდია Highway VFX Nike SB-ის პროექტზე, „Vault 7“, ამერიკულ სტუდია Bodega Virtual-თან ერთად მუშაობდა. პროექტი Highway-სთვის საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის კიდევ ერთი ეტაპი აღმოჩნდა, თუმცა თავად გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მასშტაბი, დროის სიმცირე და ის ტექნოლოგიური მიდგომა, რომელიც ტრადიციული ვიზუალური ეფექტებისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გაერთიანებას გულისხმობდა.
Highway VFX-ის თანადამფუძნებლის, ლევან ლაფაჩის თქმით, სტუდია უკვე რამდენიმე წელია ამერიკის ბაზარზე მუშაობს და იქაურ კომპანიებთან თანამშრომლობს. Nike-ის პროექტამდეც Highway-სა და Bodega Virtual-ს არაერთ ცნობილ ბრენდზე ჰქონდათ ერთად ნამუშევარი, რამაც საბოლოოდ ახალი პროექტის შესაძლებლობაც შექმნა. „არაერთი ცნობილი ბრენდისთვის შევასრულეთ პროექტები ერთად და ჯაჭვური რეაქციით მოვედით Nike-მდე“.
Vault 7-ში მთლიანობაში 51 კადრი საჭიროებდა ვიზუალურ დამუშავებას. თავდაპირველად Highway-ს 25 კადრი გადაეცა, თუმცა მუშაობის პროცესში ქართული გუნდის ჩართულობა გაიზარდა და საბოლოოდ, ლევან ლაფაჩის თქმით, თითქმის ყველა კადრში მოუწიათ სხვადასხვა მასშტაბის ცვლილების შეტანა.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამუშაოს მოცულობასა და ვადას შორის განსხვავება იყო. გუნდი თავიდანვე ვარაუდობდა, რომ პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, ინტენსიურ რეჟიმში მოუწევდა მუშაობა, თუმცა საბოლოო დედლაინი მათ მოლოდინზე გაცილებით მოკლე აღმოჩნდა. „მოთხოვნებმა ჩვენს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და არანორმალურად მცირე დროში მოგვიწია ორივე მხარეს პროექტის ჩაბარება“.
ამერიკულ გუნდთან მუშაობისას დამატებითი ფაქტორი 10 საათზე მეტი დროითი სხვაობაც იყო. Highway-ში ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ამერიკულ ბაზარზე მუშაობის გამოცდილებამ მათ ისეთი პროცესის აწყობის საშუალება მისცა, სადაც თითოეული კადრის ჩაბარებისა და უკუკავშირის მიღების დრო წინასწარ იყო განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით დატვირთულ ეტაპებზე გუნდს სამუშაო საათების გახანგრძლივებაც უწევდა, რადგან გარკვეული ცვლილებების ერთდროულად განხილვა და შესრულება საბოლოო შედეგამდე უფრო სწრაფად მისვლის საშუალებას იძლეოდა.


ამასთან, კრეატიული თავისუფლება პროექტზე შეზღუდული იყო. გუნდი თავიდანვე დეტალურად განსაზღვრული ვიზუალური მიმართულებით მუშაობდა და ყოველი მნიშვნელოვანი ეტაპი სააგენტოსა და რეჟისორთან თანხმდებოდა. ლევანის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტებში პროცესის წინასწარ დაგეგმვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. „ასეთ დიდ პროექტებში არ უყვართ სიურპრიზები და ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით უნდა მიდიოდეს. იყო მცირედი კრეატიული თავისუფლებებიც, თუმცა ძირითადად მაინც ერთ ხაზს მივყვებოდით და ყოველ ეტაპზე დასტურს სააგენტოსგან და რეჟისორისგან ვიღებდით“.
Highway-სთვის „Vault 7“ კიდევ ერთი მიზეზითაც გამორჩეული პროექტი აღმოჩნდა. ეს იყო სტუდიის ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი, სადაც ტრადიციული VFX და AI ინსტრუმენტები ერთ სამუშაო პროცესში გააერთიანეს. ლაფაჩის შეფასებით, ტექნოლოგიური გარემო ბოლო რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა და VFX სტუდიებისთვის მხოლოდ კონკრეტული პროგრამების ცოდნა აღარ არის საკმარისი. გადამწყვეტი ხდება იმის გაგება, თუ რომელი ინსტრუმენტი რომელ პრობლემაზე მუშაობს ყველაზე ეფექტიანად. „Nike ჩვენთვის გახდა პირველი, ყველაზე მასშტაბური პროექტი, სადაც ტრადიციული ვიზუალური ეფექტები და AI ერთმანეთთან შევაზავეთ. შედეგად მივიღეთ VFX სტეროიდებზე“.
Highway-ში ხელოვნურ ინტელექტს არა ტრადიციული სამუშაო პროცესის შემცვლელად, არამედ დამატებით ინსტრუმენტად განიხილავენ. სტუდიისთვის მთავარი ამოცანა ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფად ათვისება და მათი კონკრეტული კრეატიული ამოცანებისთვის სწორად გამოყენებაა.


ლაფაჩის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად მხოლოდ მაღალი ხარისხის ვიზუალური შედეგი არ კმარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობა, უსაფრთხოება, კომუნიკაცია და ვადების დაცვა. საერთაშორისო პროექტების დროს სტუდიებს ხშირად დიდი მოცულობისა და მაღალი ღირებულების მასალები გადაეცემათ, ამიტომ დამკვეთისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ საბოლოო კადრის ხარისხი, არამედ მთელი სამუშაო პროცესის საიმედოობაც.
„წარმოიდგინეთ, როგორი სარისკო და დისკომფორტის შემქმნელი შეიძლება იყოს ამერიკული კომპანიისთვის, რომ ოკეანის მიღმა, დედამიწის მეორე მხარეს, სადღაც პატარა საქართველოში მიანდოს კომპანიას მისთვის ძვირფასი ვიზუალური თუ სხვა სახის მასალა. აქ საუბარია დიდი მოცულობის ფაილებზე, უსაფრთხოებაზე და ვადებში მუშაობაზე. ყველაფერს დრო სჭირდება და საკუთარი მიზნებისკენ უპირობო სწრაფვა“.
Highway-ში ფიქრობენ, რომ მსგავს საერთაშორისო პროექტებზე დაგროვილი გამოცდილება მხოლოდ თავად სტუდიისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მათი ხედვით, უცხოურ ბაზრებზე მიღებული ცოდნის ნაწილი ქართულ სარეკლამო და კინოინდუსტრიაშიც შეიძლება დაბრუნდეს, როგორც ხარისხის გაუმჯობესების, ასევე დროისა და ფინანსური რესურსების უკეთ მართვის თვალსაზრისით.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ლაფაჩი ამ ეტაპზე კონკრეტულ გეგმებზე დეტალურად არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სტუდია უკვე მუშაობს მიმართულებებზე, რომლებმაც ადგილობრივ პროექტებში ვიზუალური წარმოების ხარისხი შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ავტორი: ქეთია ბელქანია













