5
Jul
2019

მთელი სამზარეულო ზურგჩანთაში – „სალაშქრო კულინარია“

5 Jul 2019

„ჩემი სალაშქრო აღჭურვილობის ჭურჭელში შედის ერთი ტაფა, ერთი დიდი ქვაბი, პატარა ქვაბი, სამი თეფში, ერთი პატარა ჩაიდანი და სხვადასხვა მოსარევი საშუალებები – ეს ყველაფერი კი, 700 გრამს იწონის“.

არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც, ლაშქრობა მშრალ საკვებზე: დაკონსერვებული პროდუქტით, ხილით, თხილეულით, ჩირით უნდა გადაიარო, ან ვთქვათ, ერთჯერადი სუპებით, რომელიც სწრაფად და ძალიან მარტივად მზადდება. ბევრი ჩვენგანისთვის, შესაძლოა, სწორედ ამგვარი კვება ხდება, ახალი ადგილების აღმოჩენის პარალელურად, ლაშქრობისთვის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მუხტის მიმცემი – ერთგვარი გამოწვევა – 2-3 დღის განმავლობაში შენი საკვების ზურგჩანთით თრევა და შეზღუდულად, უგემური საკვების გემრიელად ჭამა.

თუმცა, ვისთვისაც მოლაშქრეობა პროფესია ან ხშირი მოცემულობაა, ასეთი ადამიანები ახალი მარშრუტების ძიებას არა მხოლოდ ტერიტორიების, არამედ კვების რაციონის გამრავალფეროვნების კუთხითაც იწყებენ.

მაგალითად, წყვილმა დავით ცაბოშვილმა და ლიკა ლომიძემ „სალაშქრო კულინარიის“ ფეისბუკგვერდი შექმნეს, რომლითაც ლაშქრობის მოყვარულებს, ვიდეოგაკვეთილების საშუალებით იმ ცოდნას უზიარებენ, რომლითაც ბუნებაში მსუბუქი ბარგით, გემრიელად, ჯანსაღად და ერთი შეხედვით, ბუნებისთვის შეუფერებლად კვების შესაძლებლობას მისცემთ.

სალაშქრო კულინარია, თავისი არსებობიდან, სულ რამდენიმე თვეს ითვლის. იდეა გაჩდა იქიდან, რომ საქართველოში მსგავსი ვიდეოტუტორიალები არ არსებობდა. ორივე მოლაშქრეები ვართ და რომ დავდიოდით და ვაკვირდებოდით, საკვების მომზადების პრობლემას სულ ვხედავდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ საქმეში ჩვენი პატარა წვლილი შეგვეტანა, – დავით ცაბოშვილი.

დავით ცაბოშვილი, სამთო გამყოლი გიდი და მოლაშქრეთა კლუბ „იეტის“ დამფუძნებელია. ლიკა ლომიძე კი, პროფესიონალი შეფ მზარეული. ვიდეოებში გვაჩვენებენ, რომ „ლაშქრობაში, ისე, როგორც კარგად მოწყობილ სამზარეულოში, გემრიელი და კარგი კერძის მომზადება შეუძლიათ“.არის, თუ არა დამფუძნებლების მიზანი სალაშქრო კვების კულტურის შეცვლა, დავით ცაბოშვილი გვპასუხობს:

„როცა ამ საქმიანობას ვიწყებდით, რამდენიმე მიზანი გვქონდა:

  • ადამიანები მზა სუპებსა და სხვა მავნე ერთჯერად საჭმელს გადავაჩვიოთ, რადგან  ეს ორგანიზმისთვის საზიანოა;
  • დავამსხვრიოთ სტერეოტიპი და ვთქვათ, რომ ლაშქრობაში ყველაფრის მომზადება შეიძლება, თუკი ამას მოვინდომებთ;
  • ადამიანებს შევაყვაროთ როგორც ლაშქრობა, ისე კულინარია“.

სამომავლოდ, „სალაშქრო კულინარია“ გეგმავს, რომ დაინტერესებულ ადამიანებს არა მხოლოდ ვიდეოები, არამედ სხვადასხვა კულინარიული გასვლები შესთავაზოს.

განხილვა