in

თბილისთან ახლოს პირველი ამერიკული ტიპის, პრემიუმ კლასის დასახლება შენდება

ამერიკული ფილმები ყველას გვინახავს და, შესაბამისად, ყველას გვახსოვს ის უბნები, სადაც დიდ, ფართო ქუჩებზე ლამაზი კერძო სახლებია ერთმანეთის გვერდით განლაგებული, წინ პატარა, გამწვანებული ეზოთი, რომელსაც არც ღობე აქვს, არც გალავანი – თითქოს ქუჩიდან პირდაპირ მეზობლის ეზოში ხვდები. ამ ფილმების ყურებისას, ალბათ, ხშირად ისიც გვიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ასეთ ადგილას ჩვენც გვეცხოვრა, რადგან მათგან ნამდვილად თბილი, მოვლილი და სასიამოვნო ესთეტიკა იგრძნობა ხოლმე.

სურვილი სურვილად დიდხანს არ დარჩება, რადგან საგურამოსთან ახლოს, რომელიც თბილისიდანაც მოკლე მანძილშია, ახალი, ამერიკული ტიპის, პრემიუმ კლასის დასახლება შენდება – Hillside Estate. პროექტი ზემოთ აღწერილ ამერიკულ დაგეგმარებას იყენებს და ყოველ ნაკვეთს, რომელსაც ის გთავაზობთ, წინ განიერი, მწვანე გაზონით მოწყობილი წინა ეზო და ტროტუარი ექნება, რაც სივრცეს განსხვავებულსა და ლამაზ იერს შესძენს.

14 ჰექტარი ტერიტორია 90 მიწის ნაკვეთს ითვალისწინებს, სადაც ამდენივე სახლი აშენდება. პროექტი სრულად ითვალისწინებს თანამედროვე ტენდენციებს, რათა მომავალ მცხოვრებლებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შესთავაზოს. მნიშვნელოვანია მისი ადგილმდებარეობაც – ჰილსაიდ ისთეითის მიწის ნაკვეთებს თბილისის ეროვნული ტყეპარკი ესაზღვრება, რაც მობინადრეებს ბუნებასთან დაახლოებს და სუფთა ჰაერზე მშვიდად ცხოვრების ფუფუნებას მიანიჭებს.

რადგან სიმშვიდე ვახსენეთ, პროექტის დაცულობაზეც მოგახსენებთ – ჰილსაიდ ისთეითი დაცული ტერიტორიაა, სადაც მხოლოდ სახლის მეპატრონეებსა და მათ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა. ტერიტორიაზე, ასევე, განლაგდება ვიდეო კამერები და მცხოვრებთა უსაფრთხოებაზე 24 საათის განმავლობაში იზრუნებს დაცვის სამსახური.

კომპანიის დამფუძნებლებმა იზრუნეს იმაზეც, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მომავალ მფლობელებს მაქსიმალურად მომზადებული ტერიტორია დახვდეთ, ამიტომ მიწის ნაკვეთებთან, რომლებზეც მფლობელი სახლს ააშენებს, უკვე მიყვანილია ძირითადი და აუცილებელი კომუნიკაციები: დენი, წყალი, გაზი, კანალიზაცია. თითოეული ამ არხის გაყვანას საკმაოდ დიდი დრო და რესურსი სჭირდება, ამიტომ მომავალი მობინადრეები უკვე წინასწარ ზოგავენ საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას.

გიორგი ბერიშვილი „ჰილსაიდ ისთეითის” დამფუძნებელია. ის გვეუბნება, რომ ამ ტიპის დასახლების შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოდის, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მისი საჭიროება კიდევ უფრო მტკიცედ წამოაყენა.

პანდემიის პერიოდმა გვიჩვენა, რომ ადამიანებს ქალაქგარეთ ცხოვრება და ბუნებასთან სიახლოვე ძალიან სჭირდებოდათ. ამ დროს ყველამ დაიწყო მიწის ნაკვეთების შესყიდვა თბილისთან ახლოს. ამ ტენდენციამ კიდევ უფრო გაგვიმყარა იდეა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლიდან გვქონდა და გადავწყვიტეთ ისეთი საცხოვრებელი უბნის მოწყობა, რომელიც ყველა სახის ინფრასტრუქტურით იქნებოდა აღჭურვილი და პოტენციურ მყიდველებს შესაძლებლობას მისცემდა, ჰქონოდათ საკუთარი სახლი ისეთ უბანში, რომელსაც საერთო სარეკრეაციო-გასართობი სივრცე ექნებოდა. 

2020 წლიდან უკვე დავიწყეთ დაგეგმარებაზე მუშაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველებთან ერთად ჩართულნი გვყავდნენ უცხოელი არქიტექტორებიც. დღეს უკვე სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და ვფიქრობთ, რომ ივნისის ბოლოდან გაყიდვებიც დაიწყება. პროექტის საბოლოოდ ჩაბარება კი 2024 წლის 31 დეკემბრამდე იგეგმება. 

ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მესაკუთრისთვის ისაა, რომ ის ყიდულობს ნაკვეთს ყველანაირად მოწესრიგებულ, დაცულ უბანში, სადაც განსაზღვრულია სამშენებლო სტანდარტები. აქ არ იქნება იმის საშიშროება, რომ ვიღაც ააშენებს სამმეტრიან ბეტონის გალავანს, ან ვიღაც 4-სართულიან სახლს დადგამს. გარდა ამისა, უბანი აღჭურვილი იქნება ყველანაირი კომუნიკაციითა თუ ინფრასტრუქტურით, როგორიცაა გარე განათება, მოასფალტებული გზები და დასუფთავებული საერთო სივრცეები. ამ უბნის მთავარი კონცეფცია ისაა, რომ როდესაც მცხოვრები შემოდის საერთო ტერიტორიაზე, ის უკვე თავს გრძნობს როგორც სახლში“.

[R]

არქის ახალი ვიდეორგოლი — ერთი დიდი ოჯახი

ბრენდების სამყაროში სახეები ახალ ლოგოებად ჩამოყალიბდა