გასული საუკუნის ტენდენციებისგან განსხვავებით, თანამედროვე მენეჯმენტში ადამიანური რესურსის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს აღარ არის საკმარისი თანამშრომლისთვის უბრალოდ ანაზღაურების შეთავაზება. სამსახურის მაძიებელი ინტერესდება სამუშაო პირობებითაც, რამდენად კომფორტულია ორგანიზაციაში ყოფნა, რამდენად საინტერესოა საქმიანობა, როგორია კოლექტივი და ა.შ. შესაბამისად, თანამშრომლის მოტივაცია კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომლის უგულვებელყოფა შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე და მეტიც, ეჭვქვეშ დააყენოს მისი გრძელვადიანი მიზნები. მოწინავე ქვეყნებთან მიმართებაში, საქართველო შედარებით ახალბედაა ადამიანური რესურსების მიდგომების თვალსაზრისით, თუმცა, საინტერესი პრეცენდენტები სულ უფრო ხშირად ხვდება ჩვენი ყურადღების არეალში. საქართველოში ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მოდელის ერთ-ერთი პირველშემომტანი საერთაშორისო კომპანიებია, რომლებსაც უკვე აქვთ აპრობირებული, რეგიონზე მორგებული, ერთიანი სისტემა. მათ შორისაა Hilton Batumi, რომელიც თანამშრომლების მოტივაციისთვის სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს, მათ შორის ორგანიზატორები “გუნდის წევრების დაფასების” კვირეულს გამოარჩევენ.
M: თანამშრომლების მოტივაციას ყველა ორგანიზაცია სხვადასხვანაირად ახერხებს. როგორია ჰილტონის მიდგომა ამ მხრივ? ეს ჰილტონ ბათუმს ეხება მხოლოდ, თუ კომპანიის საერთაშორისო პრაქტიკაა ასეთი?
ჰილტონ ბათუმი ცდილობს გუნდის წევრების დაფასებას, ამისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავთ. ყოველთვე გაწერილია სხვადასხვა ღონისძიება, რათა უკლებლივ ყველა გუნდის წევრი დარჩეს დაფასებული. მაგ: იანვარი არის საინჟინრო დეპარტამენტის დაფასების თვე, თებერვალი – კვებისა და სასმელების და ა.შ. ამას გარდა, ტარდება კორპორატიული ღონისძიებები, წელიწადში ორჯერ, ახალ წელზე და სეზონის დახურვისას, ასევე საინფორმაციო კვარტალური შეხვედრები, სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია მიმდინარე სიახლეების შესახებ, ფინანსური შედეგების შესახებ, გამოვლინდება თვის საუკეთესო თანამშრომლები, სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები და ა.შ. ეს პრაქტიკა დანერგილია ჰილტონში, მათ შორის ჩვენთანაც და რა თქმა უნდა, მორგებულია ქართულ რეალობას.
M: თქვენ ახსენეთ “გუნდის წევრების დაფასების” კვირეული. რა აქტივობებს მოიცავს და რა პერიოდულობით ტარდება?
გუნდის წევრების დაფასების კვირეული ტარდება ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ, ივნისში. კვირის ყოველი დღე გაწერილია. ეს კვირა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ დავაფასოთ გუნდის თითოეული წევრი და ვუთხრათ მათ, რომ მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მაგ: ჩვენ მათ ვაჩუქეთ ჰილტონის ბრენდირებული თერმოსის ჭიქები, ასევე დავპატიჟეთ ადგილობრივ ბარში, სადაც ცოცხალი მუსიკის ფონზე ვუთხარით, რომ ისინი ჰილტონისთვის საამაყოები არიან, ასევე დავარიგეთ ხილი, შოკოლადები და გამაგრილებელი სასმელები დეპარტამენტებში, მოვაწყვეთ ე.წ “ჯანსაღი დღე”, რითაც გვინდოდა მათთვის ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ მოგვეწოდებინა. ასევე მენეჯერებმა ერთი დღით მოირგეს სხვადასხვა უნიფორმები და დაეხმარნენ რიგით თანამშრომლებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მაგალითად, HR დირექტორი მუშაობდა მზარეულად, დალაგებისა და დასუფთავების მენეჯერი – ინჟინრად და ა.შ გვინდოდა, რომ ყოველი დღე ყოფილიყო ჯადოსნური და პოზიტიური ემოციებით აღსავსე, ვფიქრობთ, გამოგვივიდა.
M: რა შედეგები გაქვთ თანამშრომლების მოტივირების ამგვარი აქტივობების საფუძველზე? გაიზარდა მათი პროდუქტიულობა?
ამგვარი აქტივობების ფონზე ვხედავთ, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა და ლოიალობის დონე საკმაოდ მაღალია. გუნდის წევრების კმაყოფილების კვლევა, რომელიც ჰილტონში ყოველწლიურად ტარდება, გვიჩვენებს, რომ ამგვარ აქტივობებს მართლაც დიდი ეფექტი აქვს თანამშრომლების კმაყოფილების ხარისხზე.
M: როგორია თანამშრომლების უკუკავშირი?
მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ გავაუმჯობესეთ თანამშრომლების ბენეფიტები, რამაც ძალიან კარგი რეაქცია გამოიწვია მათში, ასევე გუნდის ყველა წევრი დავაჯილდოვეთ სასტუმროში დარჩენის ვაუჩერით, რითაც ყველა ძალიან გახარებული იყო.