in

Hilton-ის თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგია, რომლისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები მუდმივად იზრდება, მომხმარებლები ზაფხულში მოგზაურობაზე უარს მაინც არ ამბობენ. ბევრი მათგანი ხარჯების შესამცირებლად უფრო ახლომდებარე მიმართულებებს ირჩევს ან ლოიალობის პროგრამების ქულებს იყენებს. სწორედ ამ ტენდენციას ეყრდნობა Hilton-იც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალური მედიის კამპანია წამოიწყო და მომხმარებლებს, ჯამში, 1 მილიარდი Hilton Honors-ის ქულის გათამაშება შესთავაზა.

კამპანიაში მონაწილეობენ პარის ჰილტონი და Formula 1-ის პილოტი ლანდო ნორისი. ბრენდის მიზანი მხოლოდ ქულების დარიგება არ ყოფილა – Hilton ცდილობს, ლოიალობის პროგრამა პოპკულტურასა და მომხმარებლების ინტერესებს ბუნებრივად დაუკავშიროს და ბრენდი კულტურულ საუბრებში ორგანულად ჩართოს.

Hilton-ისთვის ლოიალობა მხოლოდ ქულების დაგროვებას არ ნიშნავს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მომხმარებლის ერთგულებას რეალურად ქმნის ის გამოცდილება, რომელსაც მიღებული ქულები და სტატუსი აძლევს, იქნება ეს უფასო ღამეები, ნომრის გაუმჯობესება თუ ექსკლუზიური გამოცდილებები. სწორედ ამიტომ, ბრენდი ლოიალობას უფრო ემოციურ ურთიერთობად აღიქვამს. 

სტრატეგიას ფინანსური შედეგებიც ამყარებს. 2026 წლის მეორე კვარტალში Hilton-მა ნომრების შემოსავლიანობის ზრდა დააფიქსირა და წლის პროგნოზიც გააუმჯობესა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სასტუმროების ბიზნესი მხოლოდ მომსახურების გაყიდვა არ არის, ის ემოციური კავშირის შექმნას ეფუძნება.

ქვემოთ კი განვიხილავთ Hilton-ის ბოლოდროინდელ მარკეტინგულ სტრატეგიას

Hilton უფრო მეტად ენდობა კონტენტკრეატორებს

Hilton სულ უფრო აქტიურად თანამშრომლობს კონტენტკრეატორებთან და მათ უფრო დიდ თავისუფლებას აძლევს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აუდიტორიასთან ავთენტური ურთიერთობის შესაქმნელად აუცილებელია, ბრენდმა შემქმნელებს საკუთარი სტილით საუბრის საშუალება მისცეს, თუნდაც, საბოლოო შედეგი სრულად არ ემთხვეოდეს წინასწარ დაწერილ სცენარს.

Hilton-ის გამოცდილებით, ზედმეტად დეტალური ბრიფები ხშირად ისეთ კონტენტს ქმნიდა, რომელიც ჩვეულებრივ რეკლამას ჰგავდა. დღეს კი ბრენდი უფრო მეტად ენდობა იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ აუდიტორიას ყველაზე კარგად იცნობენ, იქნება ეს 10 ათასი თუ 10 მილიონი გამომწერის მქონე ინფლუენსერი.

AI უკვე მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილია

Hilton-ში ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგის თითქმის ყველა მიმართულებაში გამოიყენება. პირველ რიგში, AI კომპანიას ეხმარება მსოფლიო მასშტაბით არსებული 1.3 მილიონი სასტუმროს ნომრის ფოტოებისა და აღწერების მუდმივად განახლებაში, რაც ადრე დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა.

ხელოვნური ინტელექტი ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს პერსონალიზებული სარეკლამო კამპანიების შექმნას. Hilton-ს უკვე შეუძლია ათასობით განსხვავებული რეკლამის ავტომატურად გენერირება და კონკრეტული მომხმარებლის ინტერესებზე მორგება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სფეროში, სადაც მომხმარებელი სასტუმროს არჩევას ხშირად რამდენიმე წამში წყვეტს.

კომპანია უკვე ექსპერიმენტებს ატარებს AI-პლატფორმებზე რეკლამის განთავსების მიმართულებითაც. Hilton-ში მიაჩნიათ, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას მომხმარებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ არა ტრადიციულ საძიებო სისტემებს, არამედ AI-ასისტენტებს. ამიტომ მარკეტინგში მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO), არამედ კონტენტის ისეთი ფორმით შექმნა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ის სწორად გაიგოს და საკუთარ პასუხებში გამოიყენოს.

Hilton-ის შეფასებით, თანამედროვე მარკეტინგში ბრენდები ვეღარ აკონტროლებენ იმ გზას, რომლითაც მომხმარებელი მათ შესახებ ინფორმაციას იღებს. ამიტომ მთავარი ამოცანა თანმიმდევრული ბრენდის ისტორიის შექმნაა, დანარჩენს კი უკვე კონტენტკრეატორები, მომხმარებლები და AI-პლატფორმები ავრცელებენ.

როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის

როგორ ებრძვიან ყალბ ამბებს ეფექტური კომუნიკაციით