in

Hinkal.pro სილიკონის ველიდან! – როგორ მოიზიდეს ქართველმა სტარტაპერებმა $5.7 მილიონიანი ინვესტიცია

Startauperi
Startauperi

ორიოდე წლის წინ, სილიკონის ველზე კრიპტო-სტარტაპი გამოჩნდა. წარმომავლობა სახელწოდებაზეც ადვილი მისახვედრია – Hinkal. გიორგი და ნიკა ქორელებმა ეროვნული კერძის სახელი ბლოკჩეინის სამყაროს დაუკავშირეს და დაცულ კრიპტო-საფულეს დაარქვეს. Hinkal-მა კრიპტო-ტრანზაქციების კონფიდენციალურობის გადაწყვეტილების იდეით, მალევე მოიპოვა ნდობა და მოიზიდა ისეთი ცნობილი ინვესტორები, როგორებიცაა ტიმ დრეიპერი და ენტონი სქარამუში. მთლიანობაში, ორი წლის განმავლობაში, Hinkal-მა $5.7 მილიონიანი ინვესტიცია მოიპოვა და სულ მალე, ახალი პროდუქტის გამოშვებასაც გეგმავს.

კრიპტო-სტარტაპამდე, ძმები სხვადასხვა სტარტაპიდეაზე მუშაობდნენ.

გიორგი ქორელი

2021 წლიდან, სტენფორდის ყველა სტარტაპი კრიპტოზე გადავიდა. ყველამ აქტიურად დაიწყო თავიანთ Web2 სტარტაპებში კრიპტოს დამატება, ჩვენც, მათ შორის. დავიწყეთ Token-gated community, შემდეგ, Identity protocol. ამასობაში, კრიპტოს შესახებ იმდენი რამ ვისწავლეთ, რომ საკმარისი აღმოჩნდა Hinkal-ის წამოსაწყებად,“ – გვიამბო Hinkal-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ქორელმა.

M: გიორგი, ბლოკჩეინამდე პროფესიონალური სპორტით იყავი დაკავებული. როგორ აღმოჩნდი სამბოდან სილიკონის ველზე?

ათი წლის განმავლობაში, სამბოს ვჭიდაობდი და მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის მედალოსანი ვარ. შემდეგ, საინვესტიციო ბანკინგში გადავინაცვლე და ხუთი წლის განმავლობაში ვიმუშავე VTB Capital-ში. სილიკონის ველი ყოველთვის იყო საოცნებო ადგილი ჩემთვის. სწორედ ამან გადამაწყვეტინა სტენფორდის MBA-ზე ჩაბარება, საიდანაც შემდეგ სწავლა ეკოლოგიის მიმართულებით განვაგრძე.

M: რა გადაწყვეტა შესთავაზა Hinkal-მა ბლოკჩეინ სამყაროს?

კრიპტოს მომავალი საბანკო სისტემის ჩანაცვლებაა. საბანკო სისტემა ძალიან არაეფექტური და ნელია. ბლოკჩეინი კი ამ ყველაფერს ანაცვლებს. მასში ჩართულია ათასობით კომპიუტერი და ტრანზაქციის ვალიდაცია მარტივად, დამატებითი ადამიანური რესურსის დატვირთვისა და შესაბამისად, დანახარჯის გარეშეა შესაძლებელი. კი, ბლოკჩეინია ჩვენი მომავალი, თუმცა ის უსაფრთხო გადაწყვეტილებებს საჭიროებს. პრობლემა ისაა, რომ ბლოკჩეინში ყველა მოქმედება ხილულია. ანუ კრიპტოსაფულის მისამართის საშუალებით, თქვენს ყველა ინფორმაციაზე შეიძლება ჰქონდეს წვდომა სხვა ადამიანს. მას შეეძლება ნახოს, თუ რა ტრანზაქციები განახორციელეთ, რამდენი ფული გაქვს ანგარიშზე და ა.შ. ეს, ბლოკჩეინის მთავარი სუსტი წერტილია. ჩვენ კი მას zero-knowledge proof ტექნოლოგია მოვარგეთ და უსაფრთხოება ამ გზით უზრუნველვყავით.

ჩვენი მთავარი მომხმარებლები არიან გადახდის პროტოკოლები და ჰეჯ-ფონდები, რომლებსაც ბლოკჩეინ ტრანზაქციების ფარულად განხორციელება შეუძლიათ. ამ გზით, საბანკო სისტემის ბლოკჩეინით ჩანაცვლებას ვუწყობთ ხელს, რაც ბევრად ეფექტურია. ამას გარდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანგარიშის შექმნა, რაც ფაქტობრივად, თქვენი საბანკო ანგარიშია.

M: რატომ არის Zero-Knowledge ტექნოლოგია მნიშვნელოვანი თანამედროვე კრიპტოსამყაროში?

ნიკა ქორელი

გასულ წელს, 25 ტრილიონამდე მოცულობის ტრანზაქცია განხორციელდა ბლოკჩეინით, რაც ნიშნავს, რომ ამ გზას ბევრი კომპანია იყენებს გადარიცხვისას. კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს ბლოკჩეინის საშუალებით უხდიან ანაზღაურებას. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს, რაც საბანკო სისტემის შემთხვევაში არაერთ დამაბრკოლებელ ფაქტორთან იქნებოდა დაკავშირებული. ამ ყველაფრის მინუსი ისაა, რომ ინფორმაცია საჯაროა და ყველას მარტივად შეუძლია ნახოს, ვის, როდის და რამდენი გადაურიცხა კომპანიამ. ეს ძალიან დიდი რისკია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან შესაძლოა ადამიანი ან კომპანია კიბერთავდასხმის ან კრიმინალის მსხვერპლად იქცეს.

ჩვენი სტარტაპის დახმარებით, ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ, ფარული გახდა. შეგიძლიათ თქვენს ვირტუალურ საფულეში გქონდეთ ფული, აწარმოოთ გადარიცხვები და ამაზე წვდომა არავის ექნება, დაინახავენ მხოლოდ ჩვენს „სმარტ-კონტრაქტს“, რომელშიც არ ხდება იდენტიფიცირება. ჩვენი პროდუქტი B2B და B2C მომხმარებლებზეა გათვლილი.

როგორც საცალო მომხმარებელს, შეგიძლიათ შექმნათ ფარული მისამართი უკვე არსებული საფულიდან, მაგალითად, TrustWallet-დან და ასე დაიცვათ თქვენი ტრანზაქციები.

M: როგორ მოიპოვეთ ინვესტიცია სტარტაპისთვის?

სილიკონის ველზე ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პირველი წამოწყება ქომიუნითი-სტარტაპი იყო. შედეგად, ჩამოვაყალიბეთ კომუნა Silicon Valley Icons, სადაც სტენფორდის კურსდამთავრებულებთან ერთად, ჩვენი სფეროსთვის ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს ვმასპინძლობდით, როგორიცაა Nvidia-ს დამფუძნებელი, OpenAI-ის დამფუძნებელი და სხვები. Hinkal-ის იდეის ჩამოყალიბების პროცესში, ეს კომუნა ძალიან დიდ ხელშემწყობ ფაქტორად იქცა. ასევე, ძალიან დაგვეხმარა სტენფორდისა და Binance-ის აქსელერატორები. ფანდრაიზინგის დაწყება ცუდ დროს დაემთხვა – იმ პერიოდში, კომპანია FTX-ის გაკოტრების გამო, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა მთელი ფული. ამის მიუხედავად, ჩვენს წრეში საკმაოდ ბევრი ინვესტორი აღმოჩნდა, რომელთაც Hinkal-ის იდეა მოეწონათ და საკმაოდ მალე მოვიპოვეთ პირველი ინვესტიცია. პირველ ინვესტორებს შორის იყო ცნობილი ტიმ დრეიპერი. ასევე, ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია ენტონი სქარამუში. ნდობა საკმაოდ ბევრისგან დავიმსახურეთ და ორ წელიწადში, ს$5.7 მილიონი დოლარი მოვიპოვეთ. ეს საკმაოდ მცირე თანხაა, სხვებთან შედარებით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სავსებით საკმარისია იმ მცირე ხარჯების ფონზე, რაც გვაქვს.

M: რა როლი შეიძინა თქვენ მერ შექმნილმა კომუნამ, სტარტაპის განვითარების პროცესში?

სამომხმარებლო საზოგადოებას ძალიან დიდი როლი აქვს კრიპტოში. პირველ რიგში, პროდუქტის გამოცდის თვალსაზრისით. სწორედ ისინი ხდებიან პირველი და რეალური მომხმარებლები. თუ პროდუქტს დიდი კომუნა ჰყავს, სწორედ მისი დახმარებით ვრცელდება ინფორმაცია სოციალურ ქსელსა და მაღალი ბირჟის წარმომადგენლებამდე.

სილიკონის ველსა და სტენფორდში განსხვავებული მენტალიტეტია – იქ ამბობენ, რომ ჯერ რეალური განსხვავებული პროდუქტი უნდა შექმნა და პირველი მომხმარებლები შეიძინო. კრიპტოში ყველაფერი პირიქითაა. კომუნას შენებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მას მომავლის ტექნოლოგია უნდა შესთავაზო. თუ იმას აწვდი, რაც ახლა სურთ, ე.ი უკვე დააგვიანე. კომუნამ უნდა დაიჯეროს, რომ ეს მომავალი აუცილებლად დადგება და თქვენი ამოცანაც სწორედ ესაა. თავდაპირველად, იდეას რამდენიმე ადამიანი იწონებს, ისინი აფასებენ, რამდენად კარგია გუნდი, როგორი მომავალი აქვს იდეას და როგორი ინვესტორები ჰყავს და შემდეგ უზიარებენ სხვებს ამის შესახებ. კომუნას Private Wallet-ზე ანგარიშის გახსნა უფასოდ შევთავაზეთ და სამ დღეში, 140,000-ზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

M: როგორც ახსენე, სტარტაპის შემადგენლობაში საქართველოდანაც არის ჩართული გუნდი…

ტალანტებს ვიყვანთ როგორც ადგილობრივად, ისე საქართველოდან. აქ მათ მომავლის ტექნოლოგიებთან მუშაობის საშუალება ეძლევათ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს საქართველოში, რაც დიდ უპირატესობას გვაძლევს.

სტარტაპი მე და ჩემმა ძმამ, ნიკამ, დავაფუძნეთ. Hinkal-ის მთელი ბლოკჩეინ არქიტექტურა მან ააშენა. ამ დროისათვის, ჩვენი გუნდი 18 ადამიანისგან შედგება – მათ შორის არიან დეველოპერები, ასევე, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, კომუნის მენეჯერი და მარკეტერი.

M: Hinkal – რატომ აირჩიეთ კრიპტო-სტარტაპისთვის ასეთი სახელი?

საქართველოში ვიყავით, როცა ეს იდეა მოგვაფიქრდა. სტარტაპის იდეაც ხომ ესაა – ფარულობის შექმნა ბლოკჩეინზე. ხინკალში კი, რომელიც ჩემი და ჩემი ძმის საყვარელი საჭმელია, ბოლომდე არასოდეს ვიცით, რა არის. ასევეა ჩვენი სმარტ-კონტრაქტიც, რომელიც ათასობით მისამართს აერთიანებს. ასეთი მსგავსება დავინახეთ ამ ორს შორის.

M: როგორ იცვლება ბლოკჩეინ სამყარო, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს?

პირველ რიგში ის, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ კრიპტოსი. ახლა კი, პრეზიდენტმა თავად გამოუშვა ტოკენები. ეს დიდი სიგნალია ბაზრისთვის, რომ ბლოკჩეინისადმი ლიბერალურად განწყობილი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში. წელს, კრიტოსამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება გადახდა. უამრავი კომპანია გადადის კრიპტოთი ანგარიშსწორებაზე, რაც დაცულობის გარეშე შეუძლებელია. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენი სტარტაპის განვითარების შესაძლებლობას.

M: ამ დროისთვის, განვითარების რა ეტაპზეა Hinkal?

საკმაოდ კონკურენტულები ვართ. გასულ წელს, Hinkal გახდა ყველაზე დიდი Privacy Protocol ბლოკჩეინზე. ახლა, Private Wallet-ის გამოშვებაზე ვმუშაობთ. ეს არის ძალიან ინოვაციური პროდუქტი, რადგან არავის გაუკეთებია მსგავსი რამ, სადაც მომხმარებელს იგივე გამოცდილება ექნებოდა, რაც MetaMask-სა თუ TrustWallet-ზე. ფაქტობრივად, ვერტიკალის ლიდერები გავხდით.

ამ დროისთვის, მომხმარებელთან ყველაზე ახლოს არის კრიპტოსაფულე, რომლის საშუალებითაც ეცნობით ბლოკჩეინს. მას აქვს ასიმეტრიული გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე და უფრო მეტად რელევანტური ხდება. კრიპტოსაფულის ჩვენეული ინფრასტრუქტურა ძალიან განსხვავებულია, რადგან სრულიად სხვა კრიპტოგრაფიული პრიმიტივებისგან შედგება და ქმნის ისეთ უსაფრთხოებას, რასაც სხვა ვერავინ უზრუნველყოფს. ეს გვაძლევს უპირატესობას, რომ დავიპყროთ კრიპტობაზრის ის ნაწილი, რომელსაც უსაფრთხოების პრობლემა აქვს.

დაე, თავად სოუსებმა ილაპარაკონ — Heinz-მა ბილბორდები ლოგოს გარეშე გამოუშვა

მრავალწლიანი გამოცდილება, ექსკლუზიური პროდუქტი და კმაყოფილი ფერმერები – „აგროტექნო”