25-ე კადრის ცნება მემგონი ყველასთვის ნაცნობია, უბრალოდ ზოგი მეტად არის ამ საკითხში გათვიცნობიერებული, ზოგი ნაკლებად.. ბევრ მათგანს არც სჯერა, მაგრამ რეალური ფაქტები მის არსებობას ადასტურებენ. უნივერსიტეტში სწავლისას 25-ე კადრის ეფექტი თავად შევქმენი და მისი ზემოქმედებაც გამოვცადე, თვალი მას ნამდვილად ვერ აღიქვამს!! ამ მოვლენას კი ნამდვილად შეიძლება “ჰიპნოზი” დავარქვათ.

„ფარული შეტყობინების“ ( ოფიციალურად ასე ჰქვია 25-ე კადრს) მეთოდი პირველად 1957 წელს ამერიკელმა მარკეტერმა ჯეიმს ვაიქერიმ დააპატენტა. მან ფილმ „პიკნიკის“ ფირში ჩაამონტაჟა 1/30000 ხანგრძლივობის კადრი, რომელიც გახლდათ ერთგვარი მოწოდება: „დალიე კოკა-კოლა“, „გშია? ჭამე პოპ-კორნი“, არსებულ ტექსტს მაყურებლის თვალი ვერ აღიქვამდა, ფილმის მსვლელობას უადგილო კადრის ჩამატების გამო ხელი არ შეშლია, ჩვენების დასრულებისთანავე კი მაყურებლის 90% კოკა-კოლისა და პოპკორნის რიგში ჩადგა. ცდის ჩატარების შემდეგ ვაიქერმა ექსპერიმენტების შედეგები წარადგინა, რასაც თავისთავად დიდი ხმაური მოჰყვა, მეთოდი ადამიანის მანიპულაციად გამოაცხადეს და მისი გამოყენება აკრძალეს..
რატომ ვერ აღიქვამს თვალი 25-ე კადრს? პასუხი ბევრისთვის გაუგებარია, რაც როგორც უკვე ავღნიშნე მათ უნდობლობასა და ეჭვს იწვევს, თუმცა ექსპერტები ადასტურებენ მის არსებობას და გვიხსნიან რომ თვალის ბადურა რეალურად წამში 25 კადრს კი აღიქვამს, მაგრამ ტვინს მხოლოდ 24-ის გაშიფვრა შეუძლია. ის ერთი კადრი კი ქვეცნობიერში იგზავნება, ილექება და ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს.
ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, საუბარი იყო “ფარული შეტყობინების” კეთილად გამოყენებაზე, ავტორი გვამცნობდა, რომ მას კლინიკებში ნარკომანიის ან მწეველების განსაკურნად იყენებენ.

„ფარული შეტყობინების“ მეთოდი ყოველდღიურობაში კანონით სასტიკად იკრძალება, თუმცა ექსპერტები მაინც წააწყდნენ მისი გამოყენების მაგალითებს, ასეთია რუსეთის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი რეკლამა.

ასევე წავაწყდი საკმაოდ კომპეტენტური ადამიანების გამოთქმულ ვარაუდებს საქართველოს მასშტაბით მომხდარ სხვადასხვა მოვლენაზე, ბევრი მათგანი სხვადსხვა მოვლენის განვითარებს სწორედ 25-ე კადრს უკავშირებს.
ეს მეთოდი ფილმში არსებულ პროდაქტ პლეისმენტებს გავს– როდესაც “რეკვიზიტის” სახით ( თუნდაც მაჯის საათი, ტელეფონი, კომპიუტერი, სამოსი) გამოყენებულია რომელიმე ბრენდის ლოგო, რეკლამას ასევე ხშირად ვხვდებით „ანტურაჟსა“ და „გარემოში“ ( რესტორანი, სასტუმრო…).
ოფიციალურად ეს მეთოდი კიდევ ერთხელ 2007 წელს, ჯეიმს ვაიქერის ექსპერიმენტის იუბილის აღსანიშნავად გამოიყენეს, საერთაშორისო კონფერენციაზე (MARKA 2007), იმ დღეს ფილმ “პიკნიკის” 25-ე კადრი რეკლამას უწევდა გამოგონილ ბრენდს – Delta-ს, ექსპერიმენტის ჩატარებისას მონაწილეებს სთხოვეს არჩევანი გაეკეთებინათ Delta-სა და Theta-ს შორის, დაახლოებით 90%-მა არჩევანი Delta-ს სასარგებლოდ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ასევე არსებობს საპირისპირო მოსაზრება, რომელზეც 2006 წელს იოჰან კარემანი ალაპარკდა, მისი ხელმძღვანელობით ლონდონში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 25-ე კადრს აქვს შეზღუდული ეფექტი, ის მხოლოდ მაშინ ახდენს გავლენას, როდესაც მაყურებელს აქვს კონკრეტული მოთხოვნილება და ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სთავაზბენ კონკრეტულ რეკლამირებულ პროდუქტს.
„ფარულ შეტყობინებებზე“ მუშაობისას უამრავ საინტერესო მასალას: ნარკვევს, არსებულ მაგალითებს, ზედაპირულ მოსაზრებებს თუ ჩატარებულ ცდებს წავაწყდი, შევეცადე მათგან საუკეთესო ამომერჩია და მარკეტერის მკითხველამდე მომეტანა, მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებიან თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს 25-ე კადრი, მანამდე კი თქვენი აზრი გაგვიზიარეთ, როგორ ფიქრობთ შეუძლია ამ მეთოდს ადამიანის/მომხმარებლის ქცევა შეცვალოს? (მაგ.პროდუქტის შეძენისას?)
– მოამზადა: მარიამ ჯანელიძემ












