ე. წ. კომპაქტურ ობიექტს, რომელიც ჩვენი მზის მასის სამ მეოთხედს შეადგენს, XMMU J173203.3-344518-ს სახელით გვაცნობენ და იგი ძალიან უცნაურია… თუმცა არა იმ კუთხით, რომელზეც თქვენ ფიქრობთ…
გასულ წელს მკვლევრებმა ჩვენსა და იმ მკვდარ ვარსკვლავს შორის შეაფასეს მანძილი, რომელიც სუპერნოვას ნარჩენ HESS J1731-347-ში ტრიალებდა. არსებული მოსაზრებებით, ეს მაჩვენებელი 10 000 სინათლის წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაზომვებმა აჩვენა, რომ იგი 8 150 სინათლის წელს უდრიდა. ეს ახალი მანძილი კი, კომპაქტური ობიექტის მახასიათებლების, კონკრეტულად ზომისა და მასის გაგებას მოითხოვდა — აი, აქ დგება ყველაფერი თავდაყირა.
მზის მასის 77%-ით XMMU J173203.3-344518, შესაძლოა, რეკორდს სულაც არ ხსნიდეს, მაგრამ ნამდვილად დამაბნეველია, რადგან ნეიტრონულ ვარსკვლავებში ასე არ ხდება ხოლმე… ეს კი, შესაძლოა, იმაზე მიგვითითებდეს, რომ ეს ნეიტრონული კი არა, ის ობიექტია, რომელსაც უცნაურ ვარსკვლავს უწოდებენ — შედგება ნაწილაკებისგან, რომლებიც უცნაური კვარკების სახელით არის ცნობილი. თუმცა ეს შედეგები მკვლევრებმა სხვებს დაუტოვეს გასარჩევად.
შედეგად, ახალი კვლევაც სწორედ ამ წერტილიდან გაგრძელდა: ხელახლა გაზომეს სუპერნოვას ნარჩენის მასა, რადიუსი და ტემპერატურა, ორჯერაც კი შეამოწმეს იგი და დაასკვნეს, რომ ეს ობიექტი ჰიპოტეთურად უცნაური ვარსკვლავი იყო.
მართალია, ჯერ არ ვიცით, როგორ ჩნდება სუპერ კომპაქტური ობიექტი, რომელიც უცნაური კვარკებისგან შედგება, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ იგი აფეთქების დასაწყისშივე განვითარდა… ისიც ფაქტია, რომ რაღაც უნიკალურ პირობებში ეს მატერია დომინანტი ხდება. არსებული პირობები მის უცნაურ შემადგენლობაზეც მიუთითებს მკვლევრებს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ აქ რაღაც სრულიად „ნორმალური“ შეიძლება ხდებოდეს.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები კონკრეტული დასკვნებისგან თავს იკავებენ და მალე მთლიანი სურათის დასანახად ტელესკოპებს XMMU J173203.3-344518-სკენ მიმართავენ.