სულ ახლახან, სატელევიზიო და ინტერნეტ არხებით გავრცელდა ვიდეორგოლი, საგანგებო ბრიფინგის სტილში. კლიპი ქართული ორგანიზაციების – ინტერნეტ მაღაზია Hippo.ge-სა და საფინანსო კომპანია OKay-ს ერთობლივი კამპანიის ნაწილია და ბევრს გაუჩინა კითხვა – ეს მხოლოდ რეკლამაა თუ რეკლამის ფორმით შეფუთული პროტესტი? საგანგებო განცხადების მიხედვით, რომლითაც “ჰიპპოს” დირექტორი მიმართავს საზოგადოებას, კომპანიის გუნდი ემიჯნება საბანკო ტრადიციულ მიდგომებს და მათ მოძველებულად მიიჩნევს, ალტერნატივად კი საკუთარ ინოვაციურ და პროგრესულ მიდგომებს მოიაზრებს. რატომ აირჩიეს გამოხატვის საპროტესტო ფორმა და რა მიზანს ისახავს კამპანია, Hippo.ge-ის დირექტორის, ნიკოლოზ ფერიაშვილისგან შევიტყვეთ.

M: რას უკავშირდება თქვენი ბოლოდროინდელი ვიდეორგოლი, გარდა იმისა, რომ სერვისზე გვაწვდის ინფორმაციას?
კომპანია Hippo დაარსდა 2015 წელს, ჩვენ ვართ დამწყები ბიზნესი, ახალი თაობის ადამიანების მიერ შექმნილი, ახალი ოცნებებითა და მიზნებით. გზად კი უამრავი დაბრკოლება გვხვდება. ბევრ რამეში სახელმწიფო და ბიზნესგარემო ლოიალურია, თუმცა უცვლელად რჩება ბიზნესის კონსერვატიული ნაწილი, რომელიც ხელს უშლის ბაზრის განვითარებას. არსებულ ბიზნესებს შექმნილი აქვთ მონოპლიური და ოლიგოპოლიური ბაზარი, რაც ახალ ბიზნესებს განვითარებაში ხელს უშლის. ინოვაციური იდეებისა და ჩანაფიქრების წარმატებითა და ადვილად განხორციელებაში ბევრი დაბრკოლება გვხვდება. სწორედ მეტ-ნაკლებად ხელოვნურად შექმნილი სირთულეების წინააღმდეგ გვსურს გალაშქრება ჩვენი საპროტესტო კამპანიით. არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს.
M: რისი თქმა გსურდათ ვიდეორგოლით და რატომ აირჩიეთ გამოხატვის ამგვარი ფორმა?
ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამ ვიდეორგოლში ჩანს ყველაზე უკეთ ის აზრი, რომლის მიტანაც გვსურდა საოგადოებისთვის, ჩვენ გამიზნულად არ გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ კომერციული რეკლამა, სადაც პროდუქტზე იქნებოდა გაკეთებული აქცენტი, ჩვენ გვინდოდა რომ წამოგვეჭრა რეალური პრობლემა და ხალხისთვის, ახალი ბიზნეს თაობისთვის მოგვეცა არჩევანის უფლება, გვეჩვენებინა, რომ განვადება შეიძლება იყოს უფასო და წამოგვეწია ახალი იდეა, ახალი ბიზნეს მოდელი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საფინანსო კომპანიებს ყველა „ერთ ქვაბში ხარშავს“.
თუმცა ჩვენ ვაკეთებთ განაცხადს, რომ ჩვენ ვემიჯნებით ტრადიციული, მოძველებული გაგების კომპანიებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან არა იმდენად მომხმარებელზე, მათ სურვილებსა და ინტერესებზე, არამედ უპირველეს ყოვლისა საკუთარ კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ინოვაციებზე, მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებზე, პროცესების სიმარტივეზე, ანუ ჩვენი უპირველესი ქვაკუთხედი არის მომხმარებელი. შეიქმნა პირველი უფასო განვადება, რომლის მიხედვით, არ ხდება არანაირი პროცენტის დარიცხვა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდაც, მომხმარებელს სულ უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ.
M: ხომ არ არის ეს ერთგვარი პროტესტი და თუ ასეა, რას აპროტესტებთ?
ჩვენი ვიდეორგოლით და მთელი კამპანიით ვცდილობთ გავაპროტესტოდ ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, ფასწარმოქმნის არასწორი პოლიტიკა, რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება განახორციელოს ახალი ინოვაციური პროექტები, რაც კარგია როგორც ცალკეული პიროებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ბაზრის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ ხდება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის ადეკვატურად შეფასება.
საკრედიტო ინფორმაციის გამცემი ორგანიზაცია აღნიშნულ საკრედიტო ინფორმაციას სულ სხვა პირობებით სთავაზობს ბანკებს და ბევრად უფრო გაზრდილ მაღალ ღირებულებაში გვაძლევს საფინანსო კომპანიებს. ამავდროულად, ბანკები გვევლინებიან ამ ორგანიზაციის დამფუძნებლად. მათთან ტარიფზე მოლაპარაკება კი გამორიცხულია. ამ ყველაფერს ის ართულებს, რომ ბანკი ბაზარზე ერთადერთი მოთამაშეა. ალტერნატიული კომპანიის შექმნის მცდელობა გვქონდა ჩვენ, მაგრამ ბანკები თავისი კლიენტების მონაცემებს სხვა ბაზაში არ ტვირთავენ.
ბანკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ბანკები გამართულად ფუნქციონირებდნენ, მაგრამ ისინი სხვა ბიზნესებსა და მათ შორის, კონკურენტებს, ხელოვნური ბარიერების გაჩენის კუთხით არ უნდა უშლიდნენ ხელს. ბაზარზე უნდა აიყოს თავისუფალი კონკურენცია.
კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური მარაგი მხოლოდ დეპოზტიებზე გროვდება და არ არსებობს კაპიტალური ბაზრები. ეს არის ფინანსების მართვის საუკეთესო საშუალება. ფულის მფლობელი კაპიტალური ბაზრიდან დეპოზტზე ბევრად უფრო მაღალ სარგებელს მიიღებს. მეორე მხრივ, მათი საშუალებით მნიშვნელოვნად განვითარდებიან ახალი და არსებული ბიზნესები.
M: რა არის ამ კამპანიის მიზანი და რის მიხედვით ჩათვლით კამპანიას წარმატებულად?
მას შემდეგ, რაც გარკვეულ გარღვევებს მოვახდენთ, ჩვენ გვინდა განვვითარდეთ როგორც საცალო დაკრედიტების, განვადების კომპანია „ოქეი“ და ბაზარზე მოწინავე პოზიცია დავიკავოთ, სწორედ მომხმარებელის სურვილებზე, ინტერესებსა და კმაყოფილებაზე ორიენტირებული მიდგომებით. მომხმარებელს სრულიად ახალ ინოვაციურ სერვისებს ვთავაზოვთ და ეს მიმართულება უნდა გაძლიერდეს, განვითრდეს და გაჩნდეს ახალი სტილითა და მიდგომებით მოქმედი ბევრი ბიზნესი, სადაც წინა პლანზე წამოვა მომხმარებელი და შემდეგ საკუთარი პირადი ბიზნეს ინტერესები. ეს შეუძლია ახალ ბიზნეს თაობას, ახალი მიდგომებითა და ხელწერით საქმიანობის დაწყება, ასე ხდება დღეს ცივილიზებულ მსოფლიოში და დროა, მოძველებული სტილით ბიზნესის კეთება საქართველოშიც გადავიდეს ახალ ეტაპზე სადაც პირველი იქნება მომხმარებლის ინტერესები და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ სწორედ ამ მიზნებს ვისახავთ, ასე გვჯერა და გვესმის, რომ პროგრესული ცვლილებები ამ ბიზნეს მოდელშია და საჭიროების შემთხვევაში პირველებიც ვიქნებით ამ მეთოდების ბაზარზე დანერგვაში. დღეისათვის უკვე გამოტანილი გვაქვს ბაზარზე საკმაოდ ინოვაციური პროდუქტები, მაგალითისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციურ დაკრედიტებას ვაკეთებთ, ამავე დროს, მომხმარებელს ვთავაზობთ უფასო განვადებას, ანუ პროდუქტს, რა დროსაც მას არ უწევს დამატებითი ფინანსური ტვირთის აღება, დამატებითი პროცენტისა, თუ საკომისიოს გადახდა. ეს მიდგომა კი, დამეთანხმებით, უნიკალურია ქართულ ბაზარზე. ასევე გვსურს, შევქმნათ მომსახურება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მაღაზიაში მობილური აპლიკაციით გააკეთებს მომხმარებელი სასურველი ნივთის, პროდუქტის განვადებას ასევე უფასო განვადების პირობით.
რაც შეეხება ონლაინ მაღაზიას, აქაც გვინდა, რომ ბაზარზე პირველები ვიყოთ, ონლაინ შოპინგის მიმართულებით. მოგვიანებით უკვე რეგიონალურ გაფართოებაზე დავიწყებთ ფიქრს. ჩვენი პროექტი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გათვლილი არაა. სხვა ქვეყნებში განვითარების დიდი პერსპექტივა გვაქვს, საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით, ნაკლები ადამიანური რესურსი და ინფრასტრუქტურა აღარ დაგვჭირდება.
კამპანიის წარმატებად კი ჩავთვლი გამოწვევას, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენგან ბიზნესმა, რათა დაფიქრდნენ იმ გამოწვევებზე, რასაც მომხმარებელი და XXI-ე საუკუნის ტენდენციები ითხოვს. მომხმარებლის მხრიდან კი ველით გამოხმაურებას, რომ მხარი აგვიბას პროტესტში და ჩვენთან ერთად მოითხოვოს ახალი, ინოვაციური, პროგრესული მიდგომები ბიზნესისგან. რასაც, ვიცი, რომ დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ პროგრესს მივაღწევთ.
[R]













