in

ისევ, შიშველი ხელებით! – ანუ ველოტრეკიდან ველოსერვის Hippo Velo-მდე

“დრო რომ მომეგო, სარემონტო ფართში ვრჩებოდი და კომენდანტის მერეც ვაგრძელებდი რემონტზე მუშაობას”

Startauperi
Startauperi

სულ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯერ არც ველობილიკები იყო დედაქალაქში, არც ველოსიპედებით აქტიური გადაადგილება შეინიშნებოდა სადმე, 23 წლის გიორგი მაღრაძემ, შუაგულ საბურთალოზე ველოტრეკი Pump Track Hippo მოაწყო. ველომოედანი, რომელიც შიშველი ხელებით შეიქმნა, მოკლე დროში, დიდი თუ პატარა ველომოყვარულების საყვარელ ადგილად იქცა.

Pump Track Hippo-ს შექმნიდან 6 წლის შემდეგ, როდესაც ქალაქში ველოსპორტმა სწრაფად დაიწყო განვითარება, გიორგი მაღრაძემ სერვისის შექმნა განიზრახა, რომელიც ერთი მხრივ, ველომოყვარულებს პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას ასწავლიდა, მეორე მხრივ კი, თავად შესთავაზებდა შესაბამის პროდუქტსა და მომსახურებას. ჟიული შარტავას ქუჩაზე პატარა ფართის პოვნის შემდეგ, გიორგიმ გადაწყვიტა ძველი ნაცადი ხერხისათვის მიემართა და ამჯერადაც, საკუთარი ხელით გაერემონტებინა ყველაფერი. პარალელურად, სამუშაო პროცესს ვიდეოთი ასახავდა და ვლოგების სახით ავრცელებდა სოციალურ მედიაში. Hippo Velo რამდენიმე კვირის წინ გახსნა და როგორც მიამბო, უკვე იმდენად დატვირთულია, რომ “ქანჩით ხელში სძინავს”…

M: გიორგი, სანამ შენს ახალ წამოწყებაზე გვიამბობ, გვესაუბრე, როგორ განვითარდა შენი წამოწყება Pump Track Hippo, ჩვენი წინა საუბრის შემდეგ?

Pump Track Hippo, ჩემდა გასაკვირად, თავად განვითარდა და საზოგადოებრივი სარგებლის სახე მიიღო. იპოდრომის იმ არეალს, სადაცაა ტეკი განთავსებული, რეკრეაციულ სახეს უნარჩუნებს. თავად პროექტმა სხვა ხალხშიც გამოიწვია დაინტერესება. დღემდე გვიკავშირდებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მგეგმავები და პროექტის ნახაზის შექმნას ან რჩევას გვთხოვენ. ბოლოს, ასფალტიზებული ფამფტრეკი რუსთავს გავუკეთეთ. ამ დროისთვის, გორში შენდება, მასშტაბური ზომის. ასევე, ოზურგეთს, ფოთსა და ზუგდიდს აქვთ ულამაზესი ფამფტრეკები. თბილისელები ჯავრობენ ცოტას, რომ უფრო მეტი უნდათ ქალაქის სხვადასხვა უბნებში. ბევრს ვერ ვპირდებით მაგრამ, სურვილისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ პროექტები დაინტერესებულ წარმომადგენლებს ვაჩუქოთ.

M: რა პრობლემიდან გამომდინარე დაიწყე საკუთარი სტარტაპის კონცეფციაზე მუშაობა? 

გვაქვს ერთი დიდი პრობლემა – არცერთ ბიზნესს სურს ისაუბროს “როგორ კეთდება ეს”. დამალვის პოლიტიკა აქვთ და ვფიქრობ, მაგიტომაა, რომ ბევრს ბიზნესის კეთების შიში აქვს და შორიდან რომ შეხედო, ქვეყნის მდგომარეობაზე კარგად აისახება ხალხის უმოქმედობა. ჰიპო ველო კი, ველოკულტურის ერთ-ერთ აგურს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ვემსახურებით და დაზიანებულ ველოსიპედებს აღვადგენთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებთან, ჩვენი სამზარეულო გარეთ გამოგვაქვს. ვეუბნებით, თავად როგორ შეაკეთონ ან სწორედ როგორ მოიხმარონ ველოსიპედი. ამისათვის ვწერთ ვიდეოებს და ყოველ პარასკევს ახალ-ახალი ინფორმაციით ვბრუნდებით. მესამე კვირაა, რაც აუდიტორიასთან მიგვაქვს სათქმელი და ინტერესი უკვე მაღალია.

M: პანდემიის მეორე ტალღის ასეთ მწვავე ფონზე, რამ გადაგაწყვეტინა ამ საქმეს შეჭიდებოდი?

პირველ ლოკდაუნზე რომ გამოვიკეტეთ სახლებში და აიკრძალა მანქანით გადაადგილება, თუკი მგორავი ტრანსპორტი ჰქონდა სახლში, ყველამ გამოიყენა. მნიშვნელოვნად იმატა ველოსიპედიანების რიცხვმა. მინი ამსტერდამი ვიხილეთ. მაგ დროს შევესწარი ველოსპედის ტარებისა და მოხმარების არმცოდნე ხალახს. ავდექი, ჩავწერე, მცირე ზომის ინფორმაციული ვიდეო და ჩემდა გასაკვირად, ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა. აშკარა იყო ხალხის საჭიროება. უნდა შემექმნა რამე, რაც გაზრდილი მოთხოვნიდან ბიზნესს შექმნიდა და ხალხისთვის ცოდნის გადაცემის საშუალებას მომცემდა.

M: პირველი ნაბიჯები და სირთულეები…

ბიზნესგეგმის წერა აუცილებელია – როგორც მოგზაურობის დაწყებისას საყიდლების სიას და მარშრუტს ადგენ, იგივეა ბიზნსში. შევუდექი წერას. ყველაზე მეტად, მაინც ფინანსურმა ნაწილმა გამჭედა. ეს ყველაფერი ბანკში მიმქონდა და აზრზე არ ვიყვი, მოსალოდნელი მოგება როგორ ჩამეწერა, ცოტა უხერხულობას გრძნობ მაგ დროს. ვერ ხვდები, საიდან როგორ მოიტანო ციფრები რომელსაც ბანკი გთხოვს. რადგან შენც არ იცი, ვინ მოვა და მიიღებს შენს მომსახურებას და ასე ვარაუდზე აყრდნობ ბიზნესის ნაწილს. ბანკთან ურთიერთობა გაიეწლე –  2 თვე გავიდა მოლაპარაკებებში. ის იყო, სტარტაპ სესხს მიმტკიცებდენ და კარგ საშეღავათო პირობებს მაძლედნენ, რომ ფაქტობრივად, ცხვირწინ მომიხურეს კარი და სტარტაპების დაფინანსება, ეპიდემიის გამო, დროებით შეაჩერეს. ისეთი მოტივირებული ვიყავი რომ გავბრაზდი, ეს ბრაზიც სულ მოტივაციას მოხმარდა. სამაგიეროდ, ჩემი ოჯახი ძალიან დამიდგა გვერდში. ჩემი ოჯახის ყველა წევრი არის ის ადამიანი, ვისი მეშვეობითაც მოვახერხე და ბიზნესისთვის საჭირო თანხა გამოვიტანე ბანკიდან. ფართის პოვნა არ გამჭირვებია, იმ არეალში სადაც ვეძებდი, ბევრი ადგილი ქირავდებოდა.

M: როგორი იყო რამდენიმეკვირიანი სამზადისი გახსნამდე და რატომ აირჩიე სწორედ ეს გზა – თავად გაგეკეთებინა ყველაფერი?

ორი ვარიანტი მქონდა – ან ბიზნესის სესხი რემონტის თანხიანად ამეღო ან ჩემით გამეკეთებინა და თან საქმე მეკეთებინა, თავიდანვე მესაუბრა ხალახთან. ბევრიც არ მიფიქრია. მეგობარს ვთხოვე კამერა (მადლობა, ხინჩო) და დავიწყე ყოველი დეტალის ჩაწერა. დავყავი პროცესი ეტაპებად და შესაბამისი სახელებით ვტვირთავდი ვლოგებად. უფფ, თქვენც უნდა გამოცადოთ, წარმოუდგენლად კარგი შეგრძნებაა, მხარდამჭერები რომ გყავს. მერე პროცესშიც რომ შემოდიან და თავადაც გეხმარებიან, მიზნის მიღწევაში. ყველაფერს ის ართულებდა, რომ კომენდანტის საათი მომიწია. ორ თვეს, ფაქტობრივად, გარეთ ვიცხოვრე. დრო რომ მომეგო, ვრჩებოდი კიდეც ფართში და კომენდანტის მერეც ვაგრძელებდი მუშაობას. ამ პროცესში, მთელმა სამეზობლომ გამიცნო და მათგანაც დიდი პატივისცემა დავიმსახურე. პარალელურად, საზღვარგარეთიდან გამოვწერე ის აუცილებელი ნივთები, რაც ბიზნესს სჭრიდებოდა. რემონტს რომ მოვრჩი და ყველა ნივთი ჩამომივიდა, გადავიღე ფინალური ვლოგი, სადაც უკვე გარემონტებულ ფართში აუდიტორიის თანდასწრებით გავხსენი ყველა ნივთი, “ანბოქსინგი” გამოვიდა და საკმაოდ სახალისოც. ვლოგების გადაღებისას ვიმედოვნებდი, რომ ვინმესთვის შეიძლება მაგალითი გავმხდარიყავი. გადაედგათ თამამი ნაბიჯი მიზნის მისაღწევად და არ შეშინებოდნენ გარემო ფაქტორებს (ან, სულაც, მათ სასარგებლოდ გამოეყენებინათ).

M: რა სერვისები შეუქმენი მომხმარებელს?

პირველ ეტაპზე, სტანდარტული სერვისებით ვიწყებ, რაც ქართულ ბაზარს დააკმაყოფილებს. ვფიქრობ, თუ ინფორმაციას სწორად მივაწვდით, არსებულ და პოტენციურ მომხარებლებს, გაიზრდება მათი ცოდნის დონე და შესაბამისად, მოთხოვნაც, მაშინ აზრი ექნება ინოვაციებზე ფიქრს.

M: კომერციული თვალსაზრისით, რამდენად საინტერესოა ეს წამოწყება?

თვენახევარია, რაც ფუნქციონირება დავიწყეთ. ზამთრის პირობებში, ახალი ბიზნესისთვის, სადაც ცნობადობა 0-ია, საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. შემოსავალი მოლოდინზე მნიშვნელოვნად დიდი გვაქვს – ნავარაუდებზე 300%-ით მეტი. ამიტომ, წინასწარ მიჭირს დასკვნის გამოტანა. ჯერ დრო მჭირდება მოთხოვნებისა და გარემო ფაქტორების შესაფასებლად. მაგალითად, გაზაფხულიდან, ისეთ მუშაობას ველით, რომ უკვე დავიწყეთ რამდენიმე კადრის შერჩევა და მათი მომზადება. საერთოდ, ველოსიპედი პიროვნებაში დამოკიდებულებას იწვევს, თუ ერთხელ მიიღე მისგან სიამოვნება და კარგი ასოციაციები დაგრჩა, ვერ ეშვები. ამიტომაა, რომ ბევრი ველოსიპედი ძალიან ძვირი ღირს, დილეტანტისთვის კი იმავენაერად დაგორავს, როგორც იაფფასიანი მოდელი, მაგრამ მაგ ძვირსაც ჰყავს მსურველები. შესაბამისად, ველობიზნესი უკვდავი და მზარდია.

M: რა არის საუკეთესო შედეგი, რასაც ამ საქმისგან ელი?

გარდა ფინანსური სარგებლისა, ბავშვობის ოცნება, მყოლოდა ველოსიპედი, აქ იჩენს თავს ამ ფორმით, რადგან ველოსიპედის ყოლის სურვილი მეტად თუ ნაკლებად დავიკმაყოფილე, მაგრამ ის განცდა, რაც ველოსიპედთან დაკავშირებით ბავშვობაში მეუფლებოდა, დღეს ბიზნესში ტრანსფორმირდა.

M: რით განსხვავდებით სხვა მსგავსი მაღაზიებისგან?

დიდი ენთუზიაზმით ვქმნით თბილ გარემოს. ბიზნესის კეთებაში უკვე შემომიერთდა და მეხმარება ჩემი მეგობარი გოგო ვერიკო. ორივეს ბევრი იდეა მოგვდის, ყველაფრის განხორციელება გვინდა, მაგრამ ჯერ ფინანსებს ველოდებით და ნელ-ნელა წარვუდგენთ მომხმარებლებს სურპრიზების სახით დაგეგმილ სიახლეებს. ამ ეტაპზე, გარდა ველოსიპედების სერვისისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ბელგიურ ვაფლებს და ცხელ ჩაის, რომ შეკეთების მოლოდინი გავუმარტივოთ.

M: სამომავლოდ…

ყველა ბიზნესის ოცნებაა გაფართოება, ბევრი თანამშრომელი და ბევრ-ბევრი ფილიალი. მაგრამ მაგით ტვინს არ ვიღლი. პროცესს მივყვები და პროცესშივე ვქმნი იმას, რაც გამოსადეგია როგორც ჩემთვის, ისე მომხმარებლისთვის.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ მივიღოთ და შევიყვაროთ კრიტიკული უკუკავშირი

VILI – “ონლაინ ჰიპერმარკეტი ხარისხიანი პროდუქციით, ფართო არჩევანითა და დაბალი ფასებით”