in

Hiring.ge: თანამშრომლის დისტანციურად დაქირავების ავტომატიზებული პლატფორმა

Startauperi
Startauperi

ბოლო რამდენიმე თვემ ჩვენი ცხოვრება და სამუშაო მექანიზმი მნიშვნელოვნად შეცვალა. “ახალი რეალობა” ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად ტერმინად იქცა. პანდემიის პერიოდმა საფიქრალი გაუჩინა ახალი თანამშრომლების აყვანის მსურველ დამქირავებლებსაც, რადგან კანდიდატის შერჩევის ტრადიციული გზისგან განსხვავებით, პროცესი ახლა დისტანციის დაცვას მოითხოვს. შესაბამისად, ცვლილება აისახა დაქირავების მეთოდებზეც. ჩვენ, ცოტა ხნის წინ, გიამბეთ, როგორ გადაეწყო Twitter თანამშრომლის აყვანის დისტანციურ მექანიზმზე. თუმცა, ანალოგიური პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგა და მეტიც, გაჩნდა სტარტაპი, რომელიც მთლიანად დისტანციური პრინციპით მუშაობს თანამშრომლების დაქირავებაზე. თუმცა, როგორც ჩანს მსგავსი სერვისის ტენდენცია მზარდი იყო. ავტომატიზებული დისტანციური დაქირავების პლატფორმა Hiring.ge სამმა მეგობარმა: თიკა პაპაშვილმა, ვანო ნარიმანიძემ და გიორგი გვასალიამ, ჯერ კიდევ, პანდემიის დაწყებამდე შეიმუშავეს და როგორც აღმოჩნდა, საჭირო იდეა საჭირო დროს განავითარეს. დღეს კი, Hiring.ge ბიზნესდაჯილდოების წლის საუკეთესო სტარტაპის ტიტულისთვის იბრძვის. რას მოიცავს დისტანციური დაქირავების ავტომატიზებული სისტემა? მარკეტერის შეკითხვებს თიკა პაპაშვილმა უპასუხა.

M: თქვენი დაკვირვებით, რა ძირეული ცვლილება განიცადა თანამშრომლის დაქირავების სისტემამ, პანდემიის პერიოდში?

თიკა პაპაშვილი

COVID-19-ისგან გამოწვეული პანდემიისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება სოციალური დისტანცირებაა – Hiring.ge პორტალი კი ზუსტად ამის საშუალებას აძლევს დამსაქმებლებსა და აპლიკანტებს. პროექტი გათვლილია ნებისმიერ ორგანიზაციაზე, ვისაც ჰაირინგის პროცესის ერთ სივრცეში გადატანა და ავტომატიზება სურს.

პანდემიის შედეგად, ბევრ კომპანიას რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენება მოუწია და მოუწევს, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანური რესურსია. დღესდღეობით, განსაკუთრებით დისტანციურად მუშაობისას მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა და პროცესების სისტემატიზაცია, ასევე გაციფრულება. ბევრ კომპანიაში ეს პროცესი ნებით თუ პანდემიისგან იძულებით უკვე დისტანციურად, ციფრული გზით მიმდინარეობს.

ვფიქრობთ, Hiring-ის პლატფორმა ზუსტად პასუხობს პანდემის შედეგად დამდგარ რეალობას და, პანდემიის შემდგომაც, ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა იქნება როგორც HR პროფესიონალებისთვის, ისე სამსახურის მაძიებლებისთვის, რადგან, მიგვაჩნია, რომ პროდუქტს საკმაო ღირებულებები გააჩნია როგორც პანდემიისას, ისე მის გარეშეც.

M: დაქმების ბაზრის რა საჭიროებამ გიბიძგათ Hiring-ის პროექტის შექმნისკენ?

2019 წელს, როდესაც მსოფლიოში COVID19-ის პანდემია იწყებოდა, Hiring-ის დამფუძნებლებმა გადავწყვიტეთ მოგვეგვარებინა ქართულ HR ბაზარზე არსებული რამდენიმე პრობლემა (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან – GDPR რეგულაციის დაუცველობა ე.წ. job listing საიტებზე, საერთო სივრცისა და დამატებითი სერვისების არარსებობა, ინფორმაციის სანდოობის პრობლემა), ერთ სივრცეში მოგექცია ჰაირინგის პროცესი და Hiring.ge ვებ-პლატფორმაზე მომგებიანი სერვისები შეგვეთავაზებინა, როგორც კომპანიებისთვის, ისე სამსახურის მაძიებლებისთვის.

M: რას არის Hiring.ge და როგორ მიხვედით მის ამჟამინდელ კონცეფციამდე?

გიორგი გვასალია

Hiring.ge დისტანციურად დასაქმების პირველი ქართული ონლაინ პორტალია. ვინაიდან ქართულ ბაზარზე დღესდღეობით არ არსებობობდა პროდუქტი, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევდა და სრულად დაფარავდა, დისტანციურსა და ავტომატიზებულს გახდიდა ჰაირინგის პროცესს, ვაკანსიის გამოცხადებიდან აპლიკანტის დასაქმებამდე, გადავწყვიტეთ ვყოფილიყავით პირველები და შეგვექმნა მსგავსი ტიპის უნიკალური პროდუქტი. ქართულ ბაზარზე არსებული სამუშაოს მაძებელთა ყველა სისტემა, რაც დღეს არსებობს, არ იძლევა საშუალებას ერთად ყოფილიყო ჰაირინგ პროცესი მოქცეული. პირადად მე, როგორც სამუშაოს მაძიებლელს არაერთხელ მისარგებლია სამსახურის  ძიების პროცესში  სხვადასხვა პლატფორმებით (ალბათ ყველათი მისარგებლია რაც რამ არსებობს) და ძალიან მიჭირდა ამ პროცესის მენეჯმენტი. ვაგზავნიდი განაცხადებს, შემდეგ  ჩემთვის სადმე ვინიშნავდი  გაგზავნილ ვაკანსიებზე ინფოს, მისამართს, სად ვიყავი გასაუბრებაზე, სად არა, სად მოლოდინის რეჟიმში, მაწვალებდა  ასევე ამ პლატფორმებზე საძიებო სისტემაც და კიდევ სხვა ბევრი დეტალი. 

გარდა ამისა, ერთ-ერთი დიდი პრობლემაა სამსახურის მაძიებლებთან კომუნიკაცია – დროის სიმცირისა თუ სხვა მიზეზების გამო ხშირად კომპანიები აპლიკანტებს არ უგზავნიან უარის შესახებ შეტყობინებებს.

პროექტის მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს სასურველი კადრის მოძიებაში და ადამიანებს – საუკეთესო სამსახურის პოვნაში. Hiring.ge პორტალის ამოცანაა, გახადოს ჰაირინგის პროცესი უკეთესი და მარტივი ყველასთვის, ხელმისაწვდომი და მოქნილი.

M: უფრო ვრცლად გვიამბეთ გუნდზე – ვინ და რა გამოცდილების საფუძველზე ქმნის Hiring.ge-ს?

გიორგის 8 წელზე მეტი გამოცდილება აქვს კიბერ და ინფორმაციულ უსაფრთხოებაში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. არის ერთ-ერთი წარმატებული ქართული ციფრული სააგენტო Circle-ის დამფუძნებელი, განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი ვებ და მობაილ პროექტი.

ვანო ნარიმანიძე

ვანოს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, 4 წელი ბლოკჩეინში, 3 წელი კი ბიზნესის განვითარებაში. ვანო არის Overclockers GE-ს დირექტორი, Horizen-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი და ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველოს თანადამფუძნებელი.

რაც შემეხება მე, მაქვს საჯარო სექტორში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება ანალიტიკის, კვლევებისა და პროექტ მენეჯმენტის მიმართულებით.

M: როგორია თანამშრომლის დაქირავების ციფრული მექანიზმი?

პირველი ეტაპი, ვაკანსიის გამოქვეყნება ისედაც მეტნაკლებად გაციფრულებული იყო ქართულ რეალობაში – კომპანიები, თუ ე.წ. headhunting-ს არ ეწევიან კონკრეტული მიმართულების კადრზე, როგორც წესი, პოპულარულ ქართულ job-listing საიტებზე ათავსებდნენ ხოლმე ვაკანსიებს.

ამის შემდეგ იწყება პროცესი, რომელიც კომპანიების უმეტესობაში ხელით შრომას მოითხოვს – CV-ების ელ. ფოსტიდან ჩამოტვირთვას, გადარჩევას, კანდიდატებთან დაკავშირებასა და გასაუბრებების ჩანიშვნას, გასაუბრების შემდგომ კომუნიკაციას, რაც უარის შემთხვევაში ხშირად პასუხის გაუცემლობით მთავრდება ხოლმე. Hiring-ის პლატფორმაზე ეს პროცესები ერთ სივრცეშია მოქცეული და სადაც შესაძლებელია – ავტომატიზირებული.

ვაკანსიის გამოცხადება, ისევე როგორც განაცხადის გაკეთება Hiring.ge-ზე ხდება. აქვე შეუძლია კომპანიას კანდიდატების სრული სიის ნახვა, მათი CV-ების გადარჩევა და ინტეგრირებული კალენდრის მოდულით გასაუბრებაზე დაბარება. აღსაშნავია, რომ გარდა ე.წ. ლაივ გასაურებისა, პლატფორმაზე დისტანციური გასაუბრების ბმულის გაზიარების საშუალებაცაა, მომავალში კი უშუალოდ გასაუბრების მოდულის ჩაშენებაც იგეგმება. 

რეკრუტინგის მნიშვნელოვან ეტაპებზე, როგორიცაა გასაუბრებაზე დაბარება, ვაკანსიაზე შერჩევა ან უარის თქმა, პლატფორმა ავტომატურად გზავნის SMS და ელ. ფოსტის შეტყობინებებს. შესაბამისად, ორივე მხარე, კომპანიაც და სამსახურის მაძიებელიც ინფორმირებულია მეორე მხარის გადაწყვეტილებების შესახებ და უსასრულოდ პასუხის ლოდინი არ უწევს. აპლიკანტებს საშუალება აქვთ კომპანიებს გასაუბრების თავისი დრო შესთავაზონ, ხოლო კომპანიებისთვის ხელმისაწვდომია ისეთი ფუნქციონალი, როგორიცაა ინტეგრირებული სტატისტიკის მოდული და მონაცემების ექსპორტი. მაღალფასიან პაკეტებში გათვალისწინებულია API მოდულიც, რომელიც საშუალებას იძლევა Hiring.ge ორგანიზაციის შიდა სისტემებს მიუერთდეს.

აღსანიშნავია CV-ს ბანკის ფუნქციაც, სადაც სამსახურის მაძიებლებს CV-ს განთავსება პირადი ინფორმაციის დაცვით შეუძლიათ. ორგანიზაციებს, რომლებიც CV-ს ბანკში სასურველ კანდიდატს იპოვნიან, შეუძლიათ მოითხოვონ წვდომა პირად ინფორმაციაზე და დაუკავშირდნენ მას.

ჯამში, პროცესი მოიცავს ყველაფერს ვაკანსიის  გამოცხადებიდან კანდიდატის სამსახურში აყვანამდე და, ვფიქრობთ, საკმაო დროს უზოგავს როგორც კომპანიებს, ისე სამსახურის მაძიებლებს.

M: კონკრეტულად, რა სერვისებს სთავაზობთ დამკვეთებს და როგორია თქვენი სამიზნე სეგმენტი?

Hiring.ge პორტალი მოიცავს ჰაირინგის პროცესის სრულ ელექტრონიზაციასა და ავტომატიზაციას. მათ შორის:
ვაკანსიების გამოქვეყნება, აპლიკანტების გადარჩევა, კალენდრის მართვის სისტემა, ონლაინ გასაუბრება;
პორტალი შექმნილია თანამედროვე უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, მკაცრად იცავს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას (GDPR);პროექტს ექვს .წ. API-ს მხარდაჭერა, რაც შესაძლებელს გახდის მის ინტეგრაციას მესამე მხარის აპლიკაციებთან;
გათვალისწინებულია მონაცემთა ანალიტიკა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების საშუალებით;
კომპანიებისთვის ხელმისაწვდომია არქივის სისტემა და CV-ების ბაზა, რომელიც სასურველი კადრის მოძებნას გაამარტივებს;
დამსაქმებელს გამოყენებად ანალიტიკურ სერვისებს შესთავაზებს;
სტატისტიკისა და ანალიტიკის სისტემა კომპანიის სურვილის მიხედვით ლაგდება და დაუმუშავებელი მონაცემების ჩამოტვირთვის და შემდგომ მისი სხვა ანალიტიკურ პროგრამაში (Microsoft Power BI, Qlik…) ატვირთვის საშუალებასაც იძლევა;
Hiring.ge პორტალის სერვერული ინფრასტრუქტურისათვის გამოიყენება Microsoft Azure ღრუბლოვანი გარემო, რაც პროექტს 99.9% „აფთაიმისა“ და მისი მონაცემების ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს, რადგან Microsoft Azure თავსებადია როგორც GDPR-თან, ასევე სხვა უამრავ სტანდარტსა თუ რეგულაციასთან;
Hiring.ge სერვისი დაფუძნებულია open source მიდგომაზე, სადაც ვიყენებთ გამოცდილ და მოქნილ გადაწყვეტილებებს ყველა ეტაპზე, რომლის ქომიუნითიც დიდია და დანერგილია ისეთ ონლაინ სერვისებში, როგორიცაა Twitter და Facebook.

M: როგორია თანამშრომლის დისტანციურად აყვანის კრიტერიუმები, პანდემიის შედეგად? რა უნარების ქონას მოითხოვს არსებული რეალობა კანდიდატებისგან?

კრიტერიუმები, ვფიქრობთ, ძირითადად უცვლელია. უბრალოდ, რაც მეტად მოითხოვება კანდიდატებისგან, ესაა დისტანციურად მუშაობის გარკვეული უნარები და ტექნოლოგიებთან მეგობრობა.

უფრო მეტად მნიშვნელოვანია გასაუბრების პროცესი. თუ გასაუბრებაც დისტანციურად დგება, მნიშვნელოვანია, კანდიდატი ეცადოს და საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი – ამ დროს უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს – ცუდი ინტერნეტ კავშირი, უხარისხო ვებ-კამერა ან მიკროფონი და ა.შ. დისტანციური გასაუბრებისას “რეპეტიცია” მნიშვნელოვანია.

დისტანციური მუშაობა შესაბამის სამუშაო გარემოსაც მოითხოვს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ხშირად, განსაკუთრებით ქართულ რეალობაში, სადაც რამდენიმე თაობის ერთ სახლში ცხოვრება ჩვეულებრივი მოვლენაა, რთულია შესაბამისი სამუშაო გარემოს მოწყობა – აქ ბევრი რამ კანდიდატზეა დამოკიდებული.

M: თქვენ ახსენეთ ბლოკჩეინი. რა კავშირშია ის დაქირავების სისტემასთან და როგორ იყენებთ ამ მიდგომას?

ინოვაციური ფაქტია, ის რომ მონაცემების გაყალბებისგან თავის დაცვა და გამჭვირვალობის დაცვას ვგეგმავთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინტეგრირების საშუალებით. ბლოკჩეინი საიტზე გამოყენებული იქნება იქ, სადაც პირადი, სენსიტიური ან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლის ბლოკჩეინში დადასტურებაც სანდოობას აამაღლებს. ასეთი ინფორმაციაა, მაგალითად, სამუშაო გამოცდილება და განათლება. აღნიშნული ტექნოლოგიის ინტეგრაცია სამომავლოდაა გათვალისწინებული.

M: რატომ თვლით, რომ ბიზნესდაჯილდოების საუკეთესო სტარტაპის ჯილდო სწორედ თქვენ უნდა მიიღოთ?

ჩვენ ვქმნით ღირებულ სერვისს და ვაგვარებთ არსებულ პრობლემებს, შესაბამისად, ვაკმაყოფილებთ ბაზრის მოთხოვნას. არსებულ ბაზარზე არავინ სთავაზობს დამსაქმებელს ჰაირინგის პროცესის გამარტივებასა და მის ერთ სივრცეში მოქცევას, ან ისეთ დამატებით სერვისებს, როგორიცაა ანალიტიკა, ინტეგრირებული კალენდრის, გასაუბრებისა და ვიდეო კონფერენციის შესაძლებლობები. ჩვენს მიერ კონცეფციის პრეზენტაციისას გამოიკვეთა, რომ ეს ფუნქციონალი ძალზედ საინტერესო და მოთხოვნადია HR პროფესიონალებში. 

Hiring-ის სერვისი ზოგავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს – დროს და სხვადასხვა შიდა თუ გარე პლატფორმაზე გაფანტულ პროცესებს ერთ სივრცეში აქცევს. მიგვაჩნია, რომ პლატფორმა უნიკალურია და შესაბამის დაფასებასაც იმსახურებს.

M: თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ…

Hiring.ge პორტალს გააჩნია გლობალურ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა და მისი მორგება სხვა ქვეყნის კანონმდებლობასა თუ საჭიროებებზე საკმაოდ მარტივია. ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან თავსებადობა, მისი საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე, პლატფორმას ბევრ ქვეყანაში ოპერირების საშუალებას მისცემს. პორტალს აგრეთვე გააჩნია ინტერფეისის მრავალი ენის ჩაშენებული მხარდაჭერა და მისი თარგმნა დამატებით ენებზე საკმაოდ მარტივია.

კომპანიას უკვე შერჩეული აქვს პოტენციური ქვეყნები (სომხეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი), სადაც ტექნოლოგიები არ არის კარგად განვითარებული და ჰყავს შესაბამისი კონტაქტებიც, რომლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

იაპონიაში, რობოტი ძაღლი და რობოტი დინოზავრი სანაყინეში „მუშაობენ“

როგორ ვიპოვოთ საუკეთესო ბიზნეს მოდელი ჩვენი ბიზნესისთვის?