2014 წლის 17 ოქტომბერს, სასტუმრო მარიოტში კარიერული გამოფენა “Hiring the Future” გაიმართება. ღონისძიების მედია მხარდამჭერია ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge
ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა დღესდღეობით აქტუალურია საქართველოში. განათლების ხარისხი, გაზრდილი უმუშევრობა და დასაქმების მექანიზმის არარსებობა უარყოფით გავლენას ახდენს თითოეულ მოქალაქეზე, მთლიანად საზოგადოებასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ახალგაზრდებში უმუშევრობის არსებობას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ შესაბამისი გამოცდილების, ცოდნისა და კვალიფიკაციის უქონლობის გამო დამსაქმებლები უარს აცხადებენ ახალგაზრდებისათვის სამსახურის შეთავაზებაზე და უპირატესობას უფრო გამოცდილ კადრებს ანიჭებენ. ვაკანსიების გამოცხადებისას, უმეტეს შემთხვევაში, მითითებულია გამოცდილების ქონა, როგორც სავალდებულო მოთხოვნა.
სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტისა (ICC Georgia) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო მარიოტში, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გაიმართება კარიერული გამოფენა „Hiring the Future”. ივენთის პარტნიორები არიან: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA).ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებისა და სტუდენტების ხელშეწყობა კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში.
დასაქმების პრობლემა კომპლექსურია, რომლის მოგვარებას კარგად დაგეგმილი სტრატეგია ესაჭიროება. აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაში თანაბრად უნდა მიიღოს მონაწილეობა როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ახალგაზრდებს პირველ რიგში უნდა მიეცეთ მაღალი ხარისხის, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და შემდგომ მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის რეალიზების საშუალება. სწორედ, რომ ახალგაზრდები და სტუდენტები, მომავალი თაობა წარმოადგენს ქვეყნის მამოძრავებელ ძალას და განსაზღვრავს მის მომავალს. მსგავსი კარიერული გამოფენების პრაქტიკა არსებობს საქართველოში და ხშირადაც ტარდება, თუმცა „Hiring the Future” იქნება მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული პროექტი. გამომდინარე აქედან, იგეგმება სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის სემინარი ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ახალგაზრდების მომზადება და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რათა მაქსიმალურად ეფექტურად წარდგნენ დამსაქმებელთან გასაუბრების დროს. აღნიშნული სემინარებისთვის მოწევულნი იქნებიან ექპერტები ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.