„გამარჯობა, მსოფლიო! ეს ჩემი ნამუშევარია, სახელად, „საქართველოს ისტორია“ (“History of Georgia”). ინსპირაცია სამეფო კარის თამაშებიდან ავიღე, მაგრამ რასაც ჩემს ნამუშევარში ნახავთ, არც ფენტეზია და არც ფიქციური შენობები. ყველაფერი რეალურია და იმ ქვეყნიდანაა, საიდანაც მე ვარ… საქართველოს რომ ეძახიან. შენობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს და შეგიძლიათ, ჩვენს ქვეყანას ეწვიოთ და ანტიკურ ხანაში იმოგზაუროთ“, – ბექა აბრამიძე.
სამეფო კარის ქართველი მაყურებლისთვის, ვფიქრობთ, ორმაგად სასიამოვნო იქნება ამ ვიდეოს ყურება – რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ, საყვარელი სერიალის სტილში მოთხრობილი საკუთარი ქვეყნის ისტორია გაიხსენონ.
ბექა აბრამიძე, მოუშენ დიზაინერია, რომლის დახმარებითაც, ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა, წარსულში, ციფრულად, სვეტიცხოვლიდან ალავერდამდე, რაბათიდან ბაგრატამდე, უშგულიდან სამებამდე მოგზაურობის.
ბექა აბრამიძე 21 წლისაა, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა როგორც ამბობს, მთელი არსებით უყვარს კომპიუტერული გრაფიკა.
ჩემთვის ეს არც პროფესია და არც მხოლოდ შემოსავლის წყარო, ალბათ, უფრო ხელოვნებაა და ბოლო რამდენიმე წელია, ვცდილობ, ამ მიმართულებით, მეტად განვვითარდე.
რაც შეეხება „საქართველოს ისტორიას“, ამ იდეაზე მუშაობას რომ იწყებდა, პირველ რიგში, საკუთარი თავის გამოწვევა უნდოდა, შეძლებდა, თუ არა იმ დონის ნამუშევრის შექმნას, რაზეც HBO-ს მთელი გუნდი მუშაობდა და ფიქრობს, რომ GOT-ის სტილთან ძალიან ახლოს შეძლო მისვლა. დაახლოებით, 9 თვე დასჭირდა, სანამ ვიდეოს საბოლოო სახეს მისცემდა, რადგან ზოგჯერ თვეებიც კი, დრო არ რჩებოდა ამ საქმისთვის. მე-8 სეზონისთვის უნდოდა, მოესწრო, მაგრამ ვერ მოახერხა. ნამუშევრის შექმნის პროცესი ტექნოპარკში, საერთო სამუშაო სივრცეში მიმდინარეობდა.
მეოთხე წელია, რაც თბილისში ჩავაბარე. ქუთაისიდან ჩამოვედი. აქ არც კომპიუტერი მქონდა და არც ისეთი ადგილი ვიცოდი, სადაც ამ საქმეს გავაკეთებდი. თან მაშინ არ ვმუშაობდი და მოკლედ, ტექნოპარკმა ხელი ძალიან შემიწყო. ეს ადგილი რომ არა, GOT სტილის ვიდეოც, არ მგონია, შექმნილიყო.
ბექა, ამჟამად, ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში Motion Graphic Design-ის მიმართულებით მუშაობს.