Spotify-ს მსგავსი აპლიკაციები ალგორითმებზე დაფუძნებულ ფლეილისტებს გვთავაზობს, იმის მიხედვით, თუ რას მოვუსმინეთ მანამდე, უფრო სწორად, რისი მოსმენაც მოგვეწონა… ახალი კვლევა კი გვეუბნება, რომ ეს ფლეილისტები კიდევ უფრო კარგად შეიძლება შევადგინოთ, უკვე იმის მიხედვით, თუ როგორ იღებს ტვინი უახლეს სიმღერებს.
ხოლო მანქანური სწავლების ალგორითმები ისეა გაწვრთნილი, რომ 97%-იანი სიზუსტით გაანალიზოს მსმენელთა სხეულის პასუხები — ყველა მათგანი ყურადღების მიპყრობის მაჩვენებლებსა და ემოციებს აკვირდება მუსიკისადმი, ამ ყველაფერს კი ნეიროფიზიოლოგიის მდგომარეობის გამოყენებით აფასებენ.
კონკრეტულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო დიდხანს იყო ადამიანი ნევროლოგიურად სიმღერაში „ჩაძირული“, მით უფრო დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ეს ჰიტად გადაქცეულიყო. ეს კი იმაზე უფრო კარგი ინდიკატორია, ვიდრე უბრალოდ ადამიანის მოსაზრება, მოსწონს თუ არა კონკრეტული სიმღერა. თუნდაც იმიტომ, რომ ის, რასაც ერთი ადამიანი ქვეცნობიერად კარგ მუსიკად თვლის, მეორესთვის განსხვავებული შეიძლება იყოს.
„იმის ნაცვლად, რომ ადამიანებისთვის გვეკითხა, მოსწონდათ თუ არა ახალი სიმღერა, ე. წ. ნეირონული ტარებადი ტექნოლოგია გამოვიყენეთ, რომელსაც შეუძლია, ავტომატურად შეაფასოს კონტენტის ღირებულება“, — აცხადებენ მკვლევრები.
ეს ახალი მეთოდი კი წინა კვლევებზე ბევრად წინ არის, რომლებშიც მუსიკის შესაფასებლად ტვინის სკანირებებს იყენებდნენ. მათ თუ მხოლოდ 50%-იანი სიზუსტით შეძლეს ჰიტების დადგენა, უახლეს კვლევაში ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა… აი, როგორ ჩატარდა ექსპერიმენტი: ადამიანებს 24 სიმღერა მოასმენინეს, რომელთაგანაც 13 ჰიტი იყო, თუმცა, ბუნებრივია, ეს მათ არ იცოდნენ. ექსპერიმენტის ბოლოს კი, სთხოვეს, დაელაგებინათ თანმიმდევრობით, რომელი მუსიკა მოეწონათ ყველაზე მეტად და რომელი, ნაკლებად.
სენსორებიდან მიღებული ინფორმაცია კომერციულ ნეირომეცნიერების პლატფორმაზე ატვირთეს, რაც გულისცემის მონაცემებს იყენებს, რათა ადამიანის ტვინის მდგომარეობაზე მიგვანიშნოს. კონკრეტულად კი, ოქსიტოცინისა და დოფამინის ორ ჰორმონს დააკვირდნენ — სიმღერის ან მისი მოსმენის დროს, ტვინი ოქსიტოცინს გამოყოფს, ხოლო, როცა ყურადღებას რაღაცაზე მეტად ამახვილებთ მაშინ, დოფამინი გამოიყოფა. ამგვარად, ტვინის სიგნალების წაკითხვა გულის მეშვეობით „ნეიროწინასწარმეტყველება“ იქნებოდა.
„ემოციური პასუხების გაზომვა ნეირომეცნიერების ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს ახალ გზას ხელოვანებისთვის, პროდიუსერებისთვისა თუ სტრიმინგ სერვისებისთვის, რათა ასიამოვნონ მსმენელენს ახალი მუსიკით. ჩვენ კი გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ეს გაზომვები საკმარისად ზუსტია“, — ამბობენ მკვლევრები.
თეორიულად, ამ ინფორმაციების გამოყენება ადამიანების კონკრეტული განწყობების შესაბამისი ფლეილისტების შესაქმნელადაც შესაძლებელია… მართალია, რაღაცებზე დადასტურებულად საუბარს უფრო დიდი კვლევები სჭირდება, მაგრამ კონკრეტული ექსპერიმენტით უკვე დამტკიცდა, რომ კონცეფცია მუშაობს.