პლანშეტებითა და ტელეფონებით სავსე სამყაროში, ბავშვები სულ უფრო მიეჯაჭვნენ ეკრანებს. თანაც ეს ყოველთვის მათთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის, არც მეცნიერებისა და მათემატიკის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი აპლიკაცია არსებობს, რომლებიც ბავშვებს საბაზისო ცოდნას აწვდის… ეს კი იმიტომ, რომ მათ შეხების შეგრძნების განვითარება სჭირდებათ. პირდაპირ რომ გითხრათ, ტაქტილური გამოცდილება სწავლების დროს… აი, ამ უკანასკნელს მათ სწორედ ბუნებით შთაგონებული, სათამაშოს მსგავსი კალკულატორი შესთავაზებს.
მართალია, ბევრი ადრეულ ასაკში კალკულატორის გამოყენების წინააღმდეგია, მაგრამ, თუ დიზაინერებს დავუჯერებთ, Hive Hex Toy Calculator ბავშვებზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს და მიანიშნებს მათ, რომ მათემატიკა არც საშიშია და არც მოსაწყენი. ამგვარად, ინტერესსაც გამოიწვევს… თან ნაწილობრივ ხომ სათამაშოა.
ინსპირაცია ფუტკრები და მათი გეომეტრიულად აგებული ფიჭები გახლავთ. შესაბამისად, თუ კალკულატორების უმეტესობაზე მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმები გვხვდება, აქ ექვსკუთხა ღილაკებს ნახავთ. ფუტკრის შრომასა და ცხოვრებაზეც ბევრი გაგვიგია, ამიტომ, ფიქრობენ, რომ ეს ამ მოწყობილობას იმაზე მეტად საინტერესოს გახდის, ვიდრე მინიმალისტური კალკულატორებია.
ხოლო ყვითელი ფერი თვალის მიმზიდველობისთვისაა. ფაზლის მსგავსი ღილაკების განლაგება, დიზაინერების აზრით, მეტად კომპაქტურია და მხიარულსაც ხდის მას, არასტანდარტული განლაგებით, რაც ბავშვში მეტ ცნობისმოყვარეობას გააღვიძებს.
ამბობენ, რომ ეს სათამაშოს მსგავსი ფუნქციური კალკულატორი შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ შეიძლება გახადოს შემოქმედებითმა დიზაინმა მოწყობილობა მიმზიდველი ადამიანთა განსხვავებული ჯგუფებისთვის…