H&M Georgia-ს გუნდის შექმნაში საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource დაეხმარება. მარკეტერი ესაუბრა „ინსორსის“ გუნდის წევრს – მედეა ტაბატაძეს, H&M Georgia-სთან თანამშრომლობის დეტალებზე.
M: მედეა, რა ფორმით პარტნიორობთ H&M-თან და რას გულისხმობს თანამშრომლობა?
ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანია, მაღაზიის გახსნამდე და შემდეგაც ვიმუშავებთ ერთად. თანამშრომლობა გულისხმობს „ინსორსის“ მიერ H&M-ისთვის გუნდის წევრების შერჩევას, ანუ ვარჩევთ კანდიდატებს და გასაუბრებასაც ჩვენვე ვატარებთ. გასაუბრების შემდეგ ყველა ადამიანზე ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რატომ ვფიქრობთ, რომ ამ ვაკანსიისთვის შესაფერისია. გარდა მიღებული CV-ებისა, ჩვენი მონაცემთა ბაზიდანაც ვთვაზობთ პოტენციურ კანდიდატებს.
M: როგორია შერჩევის პროცესი და სულ რამდენი თანამშრომლის აყვანას ფიქრობთ?
მინიმუმ, 2 შეხვედრა დაგეგმილია ყველა იმ კანდიდატთან, ვისი CV-ც მეტად შესაბამისობაშია მომავალ სამუშაოებთან. გასაუბრება ინგლისურად გვაქვს. რადგან ინტერესი მართლაც მაღალია და H&M ბრენდისთვის კი მნიშვნელოვანია საკუთარი კულტურის შესაბამისი ხალხის შერჩევა, კანდიდატთან გასაურება მარტო გამოცდილებაზე არ არის მიმართული – გვაინტერესებს, როგორ მუშაობს ადამიანი განვითარებაზე, სამუშაოს გაუმჯობესებასა და გუნდში. რაც შეეხება რაოდენობას, ადმინისტრაციულ პოზიციებზე 7 ადამიანი უნდა შეირჩეს, დანარჩენი უკვე მოგვიანებით, იქნება ეს კონსულტანტის პოზიცია, თუ სხვა.
M: როგორ შეარჩიეს „ინსორსი“, როგორ დაგიკავშირდათ H&M?
H&M-ს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული და ჩვენამდე რამდენიმე კომპანიასთან ჰქონდა შეხვედრები. ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ აპირებდნენ საქართველოში შემოსვლას, წარვადგინეთ ჩვენი შესაძლებლობების, „ინსორსის“ შესახებ ინფორმაცია, მერე შეხვედრაზე შეგვითანხმდნენ, შემდეგ კიდევ ერთხელ მეილით გადაგვაგზავნინეს ინფორმაცია, როგორ ვითანამშრომლებდით და გადაწყდა, რომ „ინსორსი“ იმუშავებდა H&M-ის გუნდის შექმნაზე.
M: ადრე თუ გქონიათ ამ მასშტაბის გამოცდილება?
2014-ში, საერთაშორისო ნავთობკომპანიისთვის უნდა შეგვერჩია გუნდის წევრები, რომელსაც ასეთივე ფორმატით მოვუძებნეთ, შევურჩიეთ და დაიქირავეს თანამშრომლები.