in

„მივტირი თითოეულ გაყიდულ ჩანთას“ – საავტორო დიზაინის ნაწარმი Hobby Georgia-სგან

Startauperi
Startauperi

2 თვის წინ, პროფესიით იურისტი ნინა ლონდარიძე სამსახურიდან წავიდა და საავტორო დიზაინის, ხელნაკეთი ჩანთების სტარტაპი – Hobby Georgia წამოიწყო. „ჯეოსელის“ ოფისში ბანკის წარმომადგენლობის შემდეგ, ბიზნესის დაწყების იდეა მის ჰობს – სხვადასხვა მასალისგან ფერადი ჩანთების დამზადებასა და იმ გამოხმაურებას დაუკავშირდა, რომელსაც მისი პროდუქტი თანამშრომლებსა თუ გამვლელებში იწვევდა. „ხალხმა მომცა იდეა, რომ ეს ჰობი ბიზნესად მექცია“, – ამბობს ნინა და ფუნქციონირების მცირე დროის მიუხედავად, საქართველოს გარდა, საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაშიც გაუყიდია საკუთარი ნაწარმი. „ჰობი ჯორჯიას“ უპირატესობებსა და გეგმებზე მარკეტერი მის შემქმნელს – ნინა ლონდარიძეს ესაუბრა:

M: როგორ გადაწყვიტეთ, გექციათ ჰობი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ? 
სტარტაპის სახელიც გვეუბნება, რომ ეს ჩემი ჰობია, არ ვარ პროფესიონალი ამ საკითხში, თუმცა, თვითონ მოვიგონე საავტორო დიზაინი. ორი თვის წინ, სამსახურიდან წამოვედი, იმისთვის, რომ ოფიციალურად და ხარისხიანად მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სამსახურში ჩემ მიერ დამზადებული ჩანთებით დავდიოდი და ყოველ ჯერზე, ჩემი ნაწარმი დიდ მოწონებასა და ყურადღებას იმსახურებდა. „მეც გამიკეთე, შევიძენ“, – მეუბნებოდნენ თანამშრომლები და მივხვდი, რომ სერიოზულად უნდა მივდგომოდი ამ საკითხს, რომლისგანაც, შემოსავალთან ერთად, სიამოვნებასაც მივიღებდი და საკუთარ თავსაც გამოვხატავდი. ასეც მოხდა.

M: როგორია Hobby Georgia-ს ჩანთების შექმნის პროცესი და რა მასალას იყენებთ ამისათვის?
დიდ სიამოვნებას ვიღებ შექმნის პროცესით და მივტირი თითოეულ გაყიდულ ჩანთას. ვქმნი მცირე რაოდენობას, იმისათვის, რომ არ იყოს მასიური. მასალას რაც შეეხება, ვიყენებ თექას, ტყავს, ნაჭერს, სხვადასხვა კომბინაციით. ჩანთების დიზაინიც მე მეკუთვნის და თითოეულ მათგანს ხელით, მე თვითონ ვამზადებ. ერთდროულად ვარ დიზაინერიც, მკერავიც, გრაფიკული დიზაინერიც, ფეიჯის ადმინისტრატორიც, ფოტოგრაფიც და ხანდახან, კურიერიც.

M: ქართულ ბაზარზე ბევრი სტარტაპია, რომელიც ჩანთების მიმართულებით მუშაობს. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა მათთან მიმართებაში?
მივესალმები ყველა ქართულ სტარტაპს და ძალიან ვგულშემატკივრობ. თვითონაც, ბევრჯერ შემიძენია მათი პროდუქცია. რაც შეეხება ჩემს ჩანთებს, თვითონ დიზაინი, ფერები და გამოყენებული მასალა ვფიქრობ, უკვე არის წინაპირობა იმისა, რომ ადამიანი დაინტერესდეს. ვიყენებ ისეთ მასალებს, რომელსაც ჩანთისთვის არ იყენებენ, ეს უკვე არაჩვეულებრივს ხდის ნივთს. „ჰობი ჯორჯიას“ ფერების კომბინაცია და განსხვავებული დიზაინი ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს. გარდა ამისა, არის დეტალი, რომელსაც დიდ ყურადღებას ვუთმობ – ვცდილობ, არ მივბაძო არავის.

M: რა გამოცდილება დააგროვეთ ფუნქციონირების განმავლობაში და როგორია თქვენს პროდუქციაზე მოთხოვნის მაჩვენებელი?
კმაყოფილი ვარ. ხანდახან არის შემთხვევა, როდესაც უარს ვამბობ შეკვეთაზე, როცა ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ დიზაინისა და ჩანთის შექმნას. ახალ წელს გავუშვი თექის ჩანთების პირველი კოლექცია და ისეთი მაღალი მოთხოვნა იყო, რომ ღამის 2 საათზე ვაწვდიდი მომხმარებელს ჩემს ნაწარმს. გარდა ამისა, ჩემი ჩანთები გავაგზავნე საფრანგეთში, გერმანიაში, აი, იტალიაში სამი ჩანთა გავაგზავნე წინა კვირას. დაინტერესება არსებობს არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოეულ მომხმარაბელშიც, რომლებიც მეკონტაქტებიან ფეისბუკზე, აზიარებენ ჩემს პოსტებს, მწერენ ფეიჯზე ან მირეკავენ და ვთანხმდებით ფერებზე, დიზაინზე და ა.შ. ზოგი, რაც დამზადებულია უკვე, იმას უკვეთავს, ზოგისთვის კი, ექსკლუზიურად ვქმნი.

M: რაც შეეხება ხელმისაწვდომობას.. 
30 ლარიდან იწყება და 60-70 ლარამდეა პროდუქციის ფასი და მინდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ფეისბუკ გვერდის მეშვეობითაა ონლაინ შეკვეთა შესაძლებელი. კურიერი მოგიტანთ მისამართზე უფასოდ. უახლოეს მომავალში, ჩანთები ხელმისაწვდომი იქნება ქუთაისში, ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელთანაც მოლაპარაკებას ვაწარმოებ.

M: რა მიმართულებით გეგმავთ Hobby Georgia-ს განვითარებას?
სტრატეგიული გეგმა, ჯერჯერობით, არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად, საზღვარგარეთ მინდა გავიტანო ჩემი კოლექცია. ერთი გამოფენა მაინც, იმიტომ, რომ შეკვეთების რაღაც რაოდენობა მომდის უცხო ქვეყნებიდან. პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება ის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდე, მთელი კოლექციით, არა მხოლოდ ისე, რომ ვიღაცამ შემიკვეთა და გავაგზავნე. მინდა, რომ ქართული ნაწარმი გავაცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

მუსიკად გარდაქმნილი ინდუსტრიული მემკვიდრეობა – Elektrowerk-ის არტ სივრცე თბილისში, მიტოვებული ქარხნის ნაცვლად!

“მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვა!” – ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Galaxy Construction