საახალწლოდ მომხმარებლები, ყოველწლიურად, უზარმაზარ თანხას ხარჯავენ. მაგალითად, აშშ-ში, მომხმარებელი, წელს, საშუალოდ $1000-ს ხარჯავს, რაც გასული წლის მონაცემებს 4.1%-ით აღემატება. შესაბამისად, მოვაჭრეებიც სულ უფრო მეტ შემოქმედებითობას საჭიროებენ, მეტი შემოსავლის მისაღებად. 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში, ბრენდებმა Levi’s და Nike კონცეპტუალური მაღაზიები გახსნეს ნიუ-იორკის ცენტრში და პერსონიზებულ პროდუქციაზე კონცენტრირდნენ.
“დღესასწაულები არაჩვეულებრივი დროა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად” – ამბობს ალექს დესალვა, კომპანია Mintel-ის ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის უფროსი ანალიტიკოსი – “მაღაზიაში მიღებული შთაბეჭდილება გამოგარჩევთ სხვა ბრენდებისგან, თორემ ფასდაკლება ყველგან შეიძლება იყოს.”
მარკეტინგული კომპანიის Freeman 2016 წლის კვლევის თანახმად, უახლოეს სამ-ხუთ წელიწადში, კომპანიების ერთი მესამედი მარკეტინგის ბიუჯეტის ნახევარს ექსპერიმენტულ მარკეტინგში დახარჯავს.
გჭირდებათ იდეა შთაგონებისთვის? ჩვენ გიამბობთ ამბავს ოთხ ორგანიზაციაზე, რომლებიც შთაბეჭდილებებს ქმნიან მომხმარებლებისთვის.
შექმენით Instagram-ის ფოტოებისთვის საინტერესო ფონები.
სან-ფრანცისკოს ნაყინის მუზეუმი ინტერაქციულობითაა ცნობილი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ არაერთი სახეობის ნაყინი. მუზეუმმა, სადღესასწაულოდ, კამპანია “Pinkmas” წამოიწყო. მისი ფერადი ბურთულებით სავსე აუზები, პასტელის კედლები… – მუზეუმი ცნობილია მისი Instagram გვერდით და ფოტოგენური გარემოთი იზიდავს მნახველებს. 30 დეკემბრამდე, 12.000 კვადრატული ფუტის სივრცე სადღესასწაულო სიგიჟისგან დაღწევას სთავაზობს სტუმრებს. მუზეუმში შესვლა $38 ღირს. ამ ფასად სტუმრებს მოციმციმე ტყეებსა და თაფლაკვერის სახლებში შეუძლიათ მოგზაურობა, ასევე, ნაყინის ახალი არომატების დაგემოვნება. ყოველ დეკემბერს, პირველი 350 სტუმარი მუზეუმში უფასოდ შევა.
კამერების მწარმოებელმა Canon, სანტა-მონიკაში, ფოტომოყვარულებისთვის დროებითი შოურუმი გახსნა, სადაც მსურველებს “Canon-ის პორტალებში” შეუძლიათ მოგზაურობა. სხვადასხვა ფილტრების საშუალებით, სახალისო გარემოში, შოურუმის სტუმრებს საინტერესო Instagram ფოტოების გადაღება შეუძლიათ. შოურიმი 16 ნოემბრამდე იმუშავებს.
ნიუ-იორკულმა ვებგვერდმა Fatherly, ბრენდი offline რეჟიმში, “სათამაშო ოთახის” სახით გადმოიტანა. დროებით მაღაზიაში ოჯახებითაა მისვლა და წლის ასი საუკეთესო სათამაშოთი სარგებლობაა შესაძლებელი. გარემო სპეციალურად ბავშვებისთვისაა მოწყობილი. Fatherly სათამაშოების ცნობილ მწარმოებლებთანაც თანამშრომლობს. მაღაზია 6 დეკემბრიდან გაიხსნება ნიუ-იორკში.
ექსპერიმენტული მარკეტინგის გამოყენება ონლაინ რეჟიმშიცაა შესაძლებელი. 2016 წელს, მხედველობადაქვეითებულმა ძმებმა, ბრედფორდ და ბრაიან მენინგებმა, ფინანსისტობას თავი დაანებეს და ტანსაცმლის ხაზი “Two Blind Brothers” გამოუშვეს. სამოსი შექმნილია მხედველობადაქვეითებული ადამიანების მიერ. სადღესასწაულოდ, Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენებით, კომპანია ცდილობს დაანახოს მომხმარებლებს, რამდენად რთულია მხედველობის პრობლემა. ლინკზე დაჭერით, შეგიძლიათ გადახვიდეთ ვებგვერდზე, სადაც გამუქებული ფერების გამო, გიწევთ “ბრმად ენდოთ” საიტს და ვარაუდით შეიძინოთ სასურველი სამოსი. ამ აქტივობიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება მხედველობის პრობლემასთან მებრძოლ ორგანიზაციას.
წყარო: inc.com