30
May
2019

ხელოვნური ინტელექტის წინასწარმეტყველება, რომელსაც ჰოლივუდელი პროდიუსერები ეყრდნობიან

30 May 2019

მსოფლიოს მასშტაბით, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ სხვადასხვა სახის დიდი მონაცემების დასამუშავებლად, თუ ისეთი ამოცანების შესასრულებლად, რომელთა შესრულებაც ადამიანისთვის დიდ პრობლემას დაუკავშირდებოდა. მათ შორის, AI-ს უკვე ჰოლივუდშიც ვხვდებით. აქ ის წინასწარმეტყველის როლს ირგებს და პროდიუსერებს ეუბნება, თუ რომელი ფილმის გადაღება სჯობს, რომელი მოიტანს უფრო დიდ შემოსავალს და ამასთან, რომელი მსახიობები უნდა შეარჩიონ იმისათვის, რომ კონკრეტული ფილმის წარმატება გარანტირებული იყოს. მართალია, ეს გზა გამორიცხავს ახალი ტალანტების აღმოჩენის შესაძლებლობას, რადგან AI წინასწარმეტყველებისას უკვე არსებულ, წარსულ გამოცდილებას ეყრდნობა, თუმცა, ის მაინც ითავსებს ორაკულის როლს, რომელთანაც მიდიან ჰოლივუდელი პროდიუსერები და ეკითხებიან: „ღირს ამ ფილმის გადაღება?“

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი მოღვაწეობს. ისინი იკვლევენ AI-ს ახალ შესაძლებლობებს, ატარებენ ცდებს და შესაბამისად, ქმნიან ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებს – ალგორითმებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამა თუ იმ ინდუსტრიის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. ასეთია, მაგალითად, მედიცინის მიმართულება, სადაც AI-ს ნაადრევი სიკვდილისა თუ კონკრეტული დაავადების დიაგნოსტირება შეუძლია და სხვა უამრავი სფერო; მათ შორის, როგორც ჩანს, უკვე კინოინდუსტრიაც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი პროდიუსერი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ AI-ს გამოყენება სულ არაა საჭირო იმისთვის, რომ მივხვდეთ – ლეონარდო დიკაპრიოსა თუ ტომ კრუზის მონაწილეობით ფილმს მაღალი შემოსავალი ექნება.

ერთ-ერთი სტარტაპი, რომელიც აშშ-ში ამ მიმართულებით მოღვაწეობს Cinelytic-ია, მისი ალგორითმი კი გვეუბნება, რას შეცვლიდა ფილმის შემოსავალში კომკრეტული მსახიობის ცვლილება. Cinelytic-ის დამფუძნებელი და CEO, ტობიას ქვაისა The Verge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფილმის გადაღების პროცესში ტექნოლოგიებმა ბევრი რამ შეცვალა. „ახლა გადასაღებ მოედანზე ვხედავთ დრონებს, რობოტებს, მაღალტექნოლოგიურ კამერებს, თუმცა, კინოწარმოების ბიზნესის მიმართულება, ბოლო 20 წლის განმავლობაში, წინ არ წასულა. აქ ადამიანები იყენებენ Excel-სა და Word-ს, რომელიც ძალიან მარტივი ბიზნესმეთოდებია“. დროთა განმავლობაში, როგორც ყველა სფეროში, კინოინდუსტრიაშიც დაგროვდა დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რომელთა ანალიზი ადამიანის გონებისთვის შეუსრულებელი მისიაა, ან იმ რაოდენობის დროსა და რესურსს მოითხოვს, რომ როცა შედეგი გვექნება, მას აქტუალობა დაკარგული ექნება.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა