in

საქართველოში Hollywood Film Academy-ს პირველი ფილიალი იხსნება!

Hollywood Film Academy ლოს ანჯელესში არსებული მრავალპროფილური და საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოვიდპანდემიის დაწყებამდე კი აკადემიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რათა მისი ფილიალი საქართველოშიც გახსნილიყო… რა თქმა უნდა, რიგი მიზეზების გამო, პანდემია დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა, თუმცა დასახული მიზნის მიღწევა მაინც შესაძლებელი გახდა — შედეგად, მემორანდუმი გაფორმდა საქართველოში სრულპროფილიანი ფილიალის გახსნაზე.  “

როგორც ლინდა კიკოლაშვილი, აკადემიის წარმომადგენელი, აღნიშნავს, Hollywood Film Academy განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის — როგორც კულტურული ღირებულებების ამაღლების თვალსაზრისით, ისე პროფესიული სწავლების კუთხით. თანაც, აკადემიაში ლექციებსა და კურსებს გაუძღვებიან წამყვანი ამერიკელი სერტიფიცირებული პროფესორები, რომლებიც დღემდე მოღვაწეობენ კინოინდუსტრიაში. ისინი სტუდენტებს თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც გაუღრმავებენ შესაბამის დარგებში.

„ჩვენ ველით სტუდენტებს როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული და ეკონომიკური თვალსაზრისით“, — ამბობს ლინდა კიკოლაშვილი.

ბუნებრივია, მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება დიდ ფინანსურ რესურსს საჭიროებს. ამიტომაც, საქართველოში აკადემიის პარტნიორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), რომელმაც პროექტის დაფინანსება სრულად საკუთარ თავზე აიღო. ამასთან, გარდა ფინანსური ნაწილისა, სეუ ჩართულია ჰოლივუდ ფილმ აკადემის სასწავლო პროცესის გამართვაში და თავდაპირველად სწორედ სეუს შენობაში დაიწყება სწავლება.

საწყის ეტაპზე ფილიალში მოღვაწეობა დაიწყება სასერტიფიკატო კურსებით. ამას მოჰყვება საბაკალავრო პროგრამა, ხოლო მას შემდეგ, რაც აკადემიას საკუთარი სამუშაო/სასწავლო შენობა ექნება, სამაგისტრო პროგრამის დამატებასაც განიხილავენ.

„პროექტის დაწყებისთანავე დიდ ინტერესს ვგრძნობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან. სამუშაო პროცესში ჩართულია როგორც ამერიკული მხარე, რომელიც უზრუნველყოფს მათი სტანდარტების დაცვას, აგრეთვე უნივერსიტეტი სეუ, რომელიც გვეხმარება თავისი გამოცდილებით და სწორი ხედვით, რათა ყველა პროცესი სწორად და მაღალ დონეზე წარიმართოს“, — აღნიშნავს ლინდა კიკოლაშვილი.

აკადემიაში საბაკალავრო პროგრამის გავლა ნებისმიერ საშუალო განათლების მქონე პირს შეუძლია. ამ ეტაპზე პროგრამა მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, სამომავლოდ კი ქართული სექტორის ჩამოყალიბებაც იგეგმება. ხოლო კურსებზე და მასტერკლასებზე დასწრება ნებისმიერ 16 წელს ზემოთ მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, საბაკალავრო პროგრამის საფასური სპეციალობებიდან გამომდინარე შეიცვლება 4500-დან 8000 დოლარამდე. ხოლო სასერტიფიკატო კურსები $350-დან 700–მდე იქნება.

აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

რას ნიშნავს ეიდეტიკური მეხსიერება?