30
Nov
2019

ჰოლივუდის კინოსტუდიები ინტერნეტ მეკობრეობის გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესებას გეგმავენ

30 Nov 2019

ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი სტუდიების (უოლტ დისნეი, უნივერსალი, ნეტფლიქსი, სონი, პარამაუნტი, ვორნერი) წარმომადგენელი, Motion Pictures Association, საქართველოში გავრცელებული ინტერნეტ მეკობრეობის აღსაკვეთად ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. შეგახსენებთ, ინტერნეტ მეკობრეობა ინტელექტუალური საკუთრების არალეგალურ გავრცელებასა და მოხმარებას  გულისხმობს და წარმოადგენს დანაშაულს. კონტენტის არალეგალურად არა მხოლოდ გავრელება, არამედ — ყურებაც ევროპის არაერთ ქვეყანაში მაღალი ფინანსური სანქციებით ისჯება. წერილში ნახსენებია ორი ქართული ვებგვერდი, adjaranet და imovies, რომლებიც კინოებსა და სერიალებს მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების ნებართვის გარეშე, სხვადასხვა მეკობრულ გზებით (მათ შორის, რუსული მეკობრული ვებგვერდებიდან), მოიპოვებენ და განათავსებენ. უკვე წლებია, არალეგალურად მოპოვებული კონტენტისგან მსგავსი პლატფორმები მონეტიზაციასაც ახდენენ — სარეკლამო სივრცის გაყიდვის სახით.

წერილის ავტორი Motion Picture Association-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების პრეზიდენტი, სტენ მაკკოი გახლავთ, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს მიმართავს და ზომების არ მიღების შემთხვევაში, სანქციებით აფრთხილებს.

წერილში აღნიშნულია:

“მაშინ, როცა კინოინდუსტრია იზრდება და სხვადასხვა ბაზარზე ფართოვდება, ჩვენი მიზანია, რომ ეს ბიზნესი და მასში დასაქმებული ადამიანები სათანადოდ დავიცვათ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ინტერნეტში ფილმების არალეგალურად განთავსება შევამციროთ, ამის მისაღწევად კი კანონის ფარგლებში მოქმედებაა აუცილებელი. ისეთი ქართული ინტერნეტსაიტები, როგორებიცაა adjaranet.com და imovies.cc, რომლებიც ჩვენი პარტნიორი კინოსტუდიების ფილმებს კანონიერი შეთანხმების გარეშე ავრცელებენ, ჩვენთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენენ.”

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოშიც არ გატარდება სანქციები, კინოსტუდიები იმუქრებიან, რომ საქართველო გახდება მაღალი რისკის ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ჰოლივუდის წამყვანი კინოსტუდიების ფილმებისა და სერიალების მსოფლიო პრემიერები რამდენიმეთვიანი დაგვიანებით გაიმართება, რიგ შემთხვევაში კი სრულიად არ ჩატარდება.

ჰოლივუდის კინოსტუდიები მხარდაჭერას უცხადებენ ახლადდაარსებულ საქართველოს ანტი-მეკობრულ ცენტრს. ცენტრის წევრები არიან წამყვანი ქართული მედია საშუალებები, ინტერნეტ პროვაიდერები, ეროვნული კინოცენტრი, კინო და ტელე სადისტრიბუციო კომპანიები, ასევე სხვა მრავალი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია.

ანტიმეკობრული ცენტრის დირექტორი, ზურა ბეჟაშვილი ცენტრის მიზანსა და გეგმებზე საუბრობს.

რა არის ანტიმეკობრული ცენტრის მიზანი და რა რეაგირებას გეგმავს Motion Picture Association-ის წერილის შემდეგ?

ანტი-მეკობრული ცენტრის უმთავრესი მისია, ამ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლებაა. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც აჭარანეტისა და აიმუვის მსგავს ვებგვერდებზე უყურებენ ფილმებსა და სერიალებს, არც კი იციან, რომ, ფაქტობრივად, ქურდობის თანამონაწილეები ხდებიან. არალეგალურად მოპოვებული კონტენტის გავრცელება და გამოყენება სწორედ ეს გახლავთ — ქურდობა. ტელეარხები, კინოსტუდიები, კინოცენტრი კონტენტის ლეგალურად შეძენაში იხდიან თანხებს და გადიან სათანადო პროცესებს ჰოლივუდის და არამარტო კინოსტუდიებთან და დისტრიბუტორებთან. ასეთ პირობებში, ინტერნეტმეკობრული ვებგვერდების არსებობა, ანადგურებს ქართულ კინოინდუსტრიას, არა მხოლოდ ტელევიზიებსა და კინოთეატრებს უშლის ხელს განვითარებაში, არამედ — ქართველ კინომწარმოებლებსაც.

შეგახსენებთ, ნეტფლიქსმა ნანა ექვთიმიშვილის ფილმი, “ჩემი ბედნიერი ოჯახი“ სწორედ იმიტომ ამოიღო ვებგვერდიდან, რომ აჭარანეტმა მოპარული ვერსია ატვირთა.

რა როლი აკისრია ამ შემთხვევაში, უბრალო მაყურებელს?

როდესაც ქვეყანა ცდილობს, ჰქონდეს დასავლური გეზი და დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ყველა სფეროში, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის იმიჯის ამაღლებას. ცხადია, ეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასაც უნდა ეხებოდეს. თითოეულ ჯერზე, როცა ფილმებს არალეგალურ საიტებზე ვუყურებთ, საქართველოს გლობალურ კინოინდუსტიაში კიდევ უფრო არასანდო ქვეყნის სტატუსს ვაძლევთ. მთელი რიგი კონტენტი ლეგალურად უკვე ხელმისაწვდომია ქართულ კინოთეატრებში, ტელეარხებზე, მზადდება პლატფორმა silkgo. თუმცა, სანამ არსებობს მეკობრული ვებგვერდები, ლეგალური არხები სრულყოფილად ვერ განვითარდებიან.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა